სამართალი
მოთხოვნა ხელისუფლებისადმი: „must carry“ 1 ოქტომბრის შემდეგაც გაგრძელდეს

1-gexeba-samaaaa2თბილისი, 10 სექტემბერი, საქინფორმი. სამოქალაქო კამპანია „ეს შენ გეხება“ ხელისუფლებას გამოქვეყნებულ მიმართვაში ორ მოთხოვნას უყენებს: გაგრძელდეს „must carry“-სა და „must offer“-ის პრინციპების მოქმედება არჩევნების დღის შემდეგაც და სატელიტურ ანტენებს დაუყოვნებლივ მოეხნას ყადაღა მათი გავრცელების მიზნით.

„ეს შენ გეხებას“ თქმით, ხელისუფლებას არ გამოუხატავს მზადყოფნა საკაბელო ოპერატორების მეშვეობით საინფორმაციო არხების სავალდებულო ტრანზიტის ე.წ. „must carry“-სა და „must offer“-ის სააგიტაციო პერიოდის შემდეგ გახანგრძლივებაზე, რაც არჩევნების დღეს და მის შემდეგ მოქალაქეებისთვის ინფორმაციის მიღების შეზღუდვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.

„must carry“-სა და „must offer“-ის მოქმედება მხოლოდ არჩევნებამდე 60-დღიან პერიოდშია კანონით სავალდებულო.

სამოქალაქო კამპანიის მიმართვაში ხაზგასმულია, რომ აგვისტოდან ამ პრინციპების ამოქმედებამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მრავალფეროვან ინფორმაციაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით.

„თუმცა, ინფორმაციის მიღება მოქალაქეთა მნიშვნელოვანი ნაწილისთვის კვლავ შეზღუდულია“, – აცხადებს „ეს შენ გეხება“ და „გლობალ ტვ“-სა და „მაესტროს“  კუთვნილ დაყადაღებულ ანტენებზე ყადაღის მოხსნისკენ მოუწოდებს.

„სატელიტური ანტენების დაყადაღების ფაქტი, საკმარისი და სათანადო სამართლებრივი საფუძვლების გარეშე, უნდა განვიხილოთ როგორც ფართო საზოგადოების ინფორმაციის მიწოდების შეზღუდვა, რაც წინააღმდეგობაში მოდის ხელისუფლების საჯარო განცხადებებთან იმასთან დაკავშირებით, რომ ის მზად არის ქვეყანაში სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის“, – ნათქვამია მიმართვაში.

„ეს შენ გეხება“ ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს სატელიტური ანტენების გავრცელების შესაძლებლობა მონიტორინგის სათანადო მექანიზმების გამოყენებით, ხოლო „must carry“-სა და „must offer“-ის მოქმედება ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლამდე გააგრძელოს.

„NDI“-ს დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა უარყოფითად აფასებს სატელიტური თეფშების დაყადაღების გადაწყვეტილებას; ასევე, „must carry“-ს პრინციპის გახანგრძლივებას რესპონდენტთა 47% უჭერს მხარს და მხოლოდ 6% არის წინააღმდეგი.