2006 წლის 10 აგვისტოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „საქართველოს საინფორმაციო სააგენტო – საქინფორმი“ დედაქალაქის ცენტრში მდებარე (მისამართზე: თბილისი, რუსთაველის პროსპექტი №42) მის კუთვნილ პრესტიჟულ შენობასთან ერთად (საერთო ფართი 5388.8 კვ მ), რომელიც არქიტექტურული ძეგლების ჩამონათვალში შედის, აუქციონზე გაიტანა და 5 მილიონ 50 ათას დოლარად მიჰყიდა ფიზიკური პირების ჯგუფს – საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ამჯობინეს.
ოთხი წლის შემდეგ, 2010 წლის 10 აგვისტოს, დამოუკიდებელ ჟურნალისტთა კოლექტივმა აღადგინა საქინფორმი, უკვე როგორც საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო, რომლის ვებსაიტზე www.saqinform.ge რუბრიკებში – „პოლიტიკა“, „საზოგადოება“, „აქტუალური“, „სამართალი“, „ანალიტიკა და ინტერვიუ“, „რელიგია“, „უცხოეთი“ – წარმოდგენილია ინფორმაციის ფართო სპექტრი პოლიტიკის, ეკონომიკის, საზოგადოების სოციალური ცხოვრების, საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევისა და უცხოეთში მიმდინარე მოვლენების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ანალიტიკურ მასალებს, ექსკლუზიურ ინტერვიუებს და ჟურნალისტურ გამოძიებას, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისა და მისი წინამძღვრის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაციას, საეკლესიო კალენდარს, რომელთაც სააგენტო მკითხველებს ყოველდღიურად აცნობს.
ფოტოგალერეასა და ვიდეოარქივში წარმოდგენილი სლაიდშოუ, ტელეფილმები, ფოტო და ვიდეორეპორტაჟები აშუქებს ისტორიულ მოვლენებს, რომლებიც საზოგადოებისათვის განსაკუთრებულ შემეცნებით ღირებულებას წარმოადგენს და მკითხველს საქართველოსა და მისი მოსახლეობის დღევანდელ ყოფას აცნობს.
რაც შეეხება რუბრიკას „რედაქციისაგან“ - ის სააგენტოს ჟურნალისტთა კოლექტივის ქმედითი იარაღია, რომელიც სხვადასხვა, განსაკუთრებით მნიშვნელოვან მოვლენასთან დაკავშირებით საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ აზრის დაფიქსირებისა ანდა ამა თუ იმ საჭირბოროტო საკითხზე, რამაც ფართო საზოგადოებრივი რეზონანსი გამოიწვია, ექსტრენული განცხადების გაკეთების საშუალებას იძლევა.
საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ ვებსაიტი საქართველოში სააგენტოთა იმ მცირე ჩამონათვალში შედის, რომელთაც ქართული და რუსული ვერსიები აქვს, ამიტომ მასალების შერჩევისას გათვალისწინებულია როგორც ადგილობრივი აუდიტორიის, ისე საზღვარგარეთ მცხოვრებ მკითხველთა ინტერესი.
სააგენტომ დაიმკვიდრა საკუთარი სახე, რომლის განმასხვავებელ თავისებურებებს წარმოადგენს ანალიტიკური მიდგომა და ობიექტურობა არსებული სინამდვილის აღწერისას, მიუხედავად მისი უსახურობისა და პოლიტიკური კონიუნქტურისა, და საზოგადოების მიუკერძოებელი ინფორმირება შესაძლო პრევენციული ზომების მიღების მიზნით.
სააგენტოს პრიორიტეტს არა მასალების რაოდენობა, არამედ მათი აქტუალობა და ექსკლუზიურობა წარმოადგენს. ემთხვევა თუ არა რედაქციის აზრი ექსპერტთა - პუბლიკაციების, მიმოხილვითი მასალების ავტორთა და ინფორმაციის წყაროთა - თვალსაზრისს, მოცემულ შემთხვევაში არავითარ როლს არ თამაშობს, რადგან საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ კრედოა თავისუფალი ტრიბუნის დათმობა ყველასთვის, თუნდაც კარდინალურად განსხვავებული მოსაზრებებისთვის, რაც საზოგადოებას განსჯის საშუალებას აძლევს. ხოლო დასკვნების გამოტანის პრეროგატივა მთლიანად მკითხველისთვის მიგვინდვია.
საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“ მონაწილეა „РИА Новости“-ს ახალი პროექტისა - „Сто Сторон“ – დსთ-ის, ბალტიის ქვეყნებისა და საქართველოს საერთო გაზეთი (www.100storon.ru), სადაც ის საქართველოს წარმოადგენს.
საქინფორმს აქვს საკუთარი გვერდი შემდეგ ინტერნეტრესურსებზე: google.com facebook twitter youtube.com livejournal.com delicious.com memori.ru my.mail.ru yandex.ru odnoklassniki.ru vkontakte.ru surfingbird.ru
2011 წლის 25 იანვარს საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ საქმიანობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დალოცა, რომლის სიტყვებიც განთავსებულია საიტის მთავარ გვერდზე, საქინფორმის ლოგოს გვერდით.
საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო "საქინფორმის" მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი