სამართალი
შეღავათები სამხედროებს

1-SeRavatebi-ssamarTali3თბილისი, 7 სექტემბერი, საქინფორმი. 2013 წლიდან მთავრობა სამხედრო სამსახურის სანაცვლოდ მთელ რიგ სოციალურ შეღავათებს ჰპირდება განათლების, ჯანდაცვის და სხვადასხვა ტიპის ფინანსური წახალისების კუთხით.

მთავრობა ერთწლიანი სავალდებულო სამსახურის გავლის შემდეგ ყველა იმ სტუდენტს, რომლებმაც ჩააბარეს უმაღლეს სასწავლებლებში, ვერ მოიპოვეს სახელმწიფო გრანტი და ვერ იხდიან სწავლის საფასურს, სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლების ბაკალავრიატში 4-წლიანი სწავლების დაფინანსებას მომავალი წლიდან ჰპირდება. ამასთან, პირი, რომელიც საკონტრაქტო სამხედრო სამსახურს მეორე ვადით გააგრძელებს, დაუფინანსდება მაგისტრატურაში სწავლება.

„ტოტალური ზრუნვის“ ეს კომპონენტი, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ახალი „3 T” კონცეფციის შემადგენელი ნაწილია „ტოტალურ თავდაცვასა“ და „ტოტალურ“ ტრენინგებთან“ ერთად, პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა და თავდაცვის მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ვაზიანის სამხედრო ბაზაზე სამხედრო მოსამსახურეებსა და მათი ოჯახის წევრებთან 6 სექტემბერს გამართულ შეხვედრაზე წარადგინეს.

ამ კომპონენტის ფარგლებში, გრძელვადიანი სამხედრო სამსახურისთვის შეღავათების ცალკე სისტემა იმოქმედებს. კერძოდ, 20 წლის მსახურების შემთხვევაში, პენსიამდე სამხედრო მოსამსახურე პრემიის სახით ბოლო ერთი წლის სრულ ხელფასს მიიღებს, ხოლო 16-წლიანი საკონტრაქტო სამსახურის შემთხვევაში თავდაცვის სამინისტრო სახელმწიფო გრანტის ოდენობით უზრუნველყოფს სამხედრო მოსამსახურის შვილების ბაკალავრიატში სწავლებას. 20 წლის სამხედრო სამსახურის შემთხვევაში პროფესიული განათლების 1000-ლარიანი ვაუჩერის გადაცემაა გათვალისწინებული.

ამას გარდა, ვანო მერაბიშვილის განცხადებით, სამხედრო მოსამსახურეებს და მათი ოჯახის წევრებს საქართველოში ყველაზე მაღალი სადაზღვევო პაკეტი ექნებათ და ისარგებლებენ სხვადასხვა ტიპის შეღავათებით, მათ შორის, ტრანსპორტით მგზავრობისას.

„1 იანვრიდან ყველა სამხედრო მოსამსახურის ოჯახთან სახელმწიფო გააფორმებს ხელშეკრულებებს, სადაც იქნება გაწერილი როგორც სამხედრო მოსამსახურის, ისე სახელმწიფოს ვალდებულებები, – განაცხადა მერაბიშვილმა და დასძინა:  –ვაგრძელებთ მუშაობას ამ კონცეფციაზე, რომ დავხვეწოთ იგი და უფრო გამჭვირვალე გავხადოთ“.

„ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ ის სოციალური პრობლემები, რომლებიც, სამწუხაროდ, აწუხებს ბევრ ადამიანს, მინიმუმამდე იყოს დაყვანილი ყველა სამხედრო ოჯახში იმისათვის, რომ მაქსიმალური კონცენტრაცია გააკეთონ იმ ამოცანებზე, რომლებიც დგას ჩვენი ჯარის წინაშე“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ვაზიანში გამართულ შეხვედრაზე.

„ტოტალური ზრუნვის“ კომპონენტი, რომლის სარეკლამო რგოლშიც ფიგურირებს თავდაცვის სამინისტროს დევიზი – „არც მშვიდობიან დროს და არც ომში არცერთ ადამიანს არ მივატოვებთ“, ასევე, ითვალისწინებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და საერთაშორისო მისიებში დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახების, ასევე, განსაკუთრებული საბრძოლო ღვაწლის მქონე ჯარისკაცების საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფას.

შაშკინის ინფორმაციით, სექტემბერში სამხედრო მოსამსახურეთა 800-ზე მეტი ოჯახი სახელმწიფოსაგან საჩუქრად თბილისში, ვარკეთილის დასახლებაში ახლად აშენებულ ბინებს საკუთრებაში მიიღებს.