პუბლიკაციები
არნო ხიდირბეგიშვილი: „დოშუევი და დანარჩენები დახოცეს იმიტომ, რომ ივანიშვილის მოკვლაზე უარი თქვეს!“

1-analNEWredaq-arno„საქინფორმის“ მთავარი რედაქტორის არნო ხიდირბეგიშვილის ინტერვიუ გაზეთ "ასავალ-დასავალს"

ბატონო არნო, დღეს საქართველოში ორი მთავარი თემაა: არჩევნები და სპეცოპერაცია ლაფანყურში, რომლებზეც გვინდა, გესაუბროთ. ბოლოდან დავიწყოთ: თქვენი აზრით, რა მოხდა სინამდვილეში ლოპოტას ხეობაში?

– ყველაფერი, რაც დღეს საქართველოში ხდება, ოდესღაც აქ უკვე ხდებოდა. გამოცანის გასაღებია ორი სიტყვა: ფეხსაცმელი და შოკოლადი“. განვმარტავ:

შევარდნაძე, რუსეთის ჯიბრზე, ჯერ „ელაქუცებოდა“ ჩეჩენ საველე მეთაურ რუსლან გილაევს, ხოლო როცა 2001 წელს სააკაშვილმა „ქუსლებზე დაბიჯება“ დაუწყო, მან, ხელისუფლების შესანარჩუნებლად, აფხაზეთში გილაევის ლაშქრობის ინსცენირება მოაწყო და კოდორის ხეობაში რუსეთის სპეცრაზმს ჩააბარა ის. თუმცა, შევარდნაძემ დაჭრილი გილაევი გადაარჩინა – ვერტმფრენი გაუგზავნა, და  გილაევი მოგვიანებით – 2004 წელს, დაღესტანში ხელში შოკოლადი ალიონკათი“ დაიღუპა...

სააკაშვილი, რუსეთის ჯიბრზე, თავდაპირველად, ასევე, ელაქუცებოდა ჩრდილოკავკასიელებს – პანკისის ხეობაში შეიფარა, მათი ყოველგვარი ლეგალიზება მოახდინა, მისცა რა საქართველოს მოქალაქეობა,  შექმნა მათთვის „საელჩო“ ხიზრი ალდამოვის ხელმძღვანელობით და ტელეკომპანია „პიკი“ „ჟურნალისტ“ ოლეგ პანფილოვის (შემოკლ. ЖОП) ხელმძღვანელობით, მოაწყო სამსახურში შსს-ის ანტიტერორისტულ ცენტრში, აგრეთვე, ჩაატარა საქართველოში რიგი „კონფერენციები“, რომლებიც ჩეჩნების, ინგუშების, ჩერქეზების გენოციდის აღიარებით დამთავრდა. ხოლო როდესაც 2012 წელს ივანიშვილმა „ქუსლებზე დაბიჯება“ დაუწყო, მან, ხელისუფლების შესანარჩუნებლად, დაღესტნიდან ბოევიკების გადმოსვლის ინსცენირება მოაწყო და ყველა მათგანი გაანადგურა. „უცნაური“ იარაღის გარდა (ნაირ-ნაირი წარმოების, მსგავსი დანაყოფების მიერ მთებში არასდროს გამოყენებული – როგორც ოფიციალური სპეცჯგუფების, ისე ბანდფორმირებების მიერ, ერთი ნაკაწრის გარეშეც კი, და დაუკომპლექტებელი – ჭურვები გამშვები დანადგარების გარეშე, რაციები სამშენებლო სამუშაოთა მწარმოებლებისა და მეამწეებისთვის, დატენვის გარეშე, ერთ დღესაც რომ ვერ მუშაობს), მათ ქართული წარმოების შოკოლადი ბარამბო უპოვეს...

– რას მიაღწია ამით სააკაშვილმა?

სააკაშვილს  უნდოდა, „როგორც უკეთესია, და  გამოუვიდა, „როგორც ყოველთვის – მან საპირისპირო შედეგი მიიღო.

ვერსია №1 (თითქმის ოფიციალური): სააკაშვილმა არჩევნების წინ „ერთი გასროლით ორი კურდღლის მოკვლა“ მოინდომა:

ა) მთელ მსოფლიოს უჩვენოს, რომ „ფე-ეს-ბე“ ტყუის და საქართველოში ბოევიკები არ არიან, ხოლო როცა გამოჩნდებიან – რუსეთის ტერიტორიიდან გადმოდიან, „სადაც, საქართველოსაგან განსხვავებით – ბარდაგია!“, და მათ სასტიკად უსწორდებიან;

ბ) მცირედი მლიქვნელობა პუტინთან: აქაოდა, დიდმა დემოკრატიზატორმა და რეფორმატორმა სააკაშვილმა „დიდსულოვნად“ გაანადგურა შენი მტრები, რადგან ტერორიზმი, პირადი მტრობის მიუხედავად, ჩვენი საერთო მტერია!

ვერსია №2 (რეალური): პანკისის ხეობაში მცხოვრებ ჩრდილოკავკასიური წარმოშობის საქართველოს მოქალაქეებთან მოლაპარაკება მიმდინარეობდა ივანიშვილის ლიკვიდაციის თაობაზე, რაზეც მათ „ხელი არ მოაწერეს“ – პოლიტიკური (ზაკაევმა დაურეკა ამჟამად მოკლულ თავის ყოფილ მცველს, დოშუევს, და აუკრძალა), ან ფინანსური (არასაკმარის ფულს და გარანტიებს სთავაზობდნენ), თუ წმინდა მამაკაცური  მოსაზრებებით (ივანიშვილს ჩვენი მოძმე ქართველი ხალხი  პატივს სცემს და მისი „დაბრედა“ არაკაცურია).

ამიტომ, ემანდ, რამე არ წამოსცდეთო, თავად მათი ლიკვიდაციის ბრძანება გაიცა, „ნულოვანი ტოლერანტობის“ გამოვლინებით. გამოდის, რომ დოშუევი და დანარჩენები იმის გამო დახოცეს, რომ მათ ივანიშვილის მოკვლაზე უარი თქვეს?!

ვერსიების სიმრავლის მიუხედავად, ამაზე ჯერ არავის ულაპარაკია...

– მე არაფერს ვამტკიცებ, ეს – ჩემი ვარაუდებია, სიმართლეს საგამოძიებო კომისია იტყვის, რომლის შესახებ 5 სექტემბერს ისაუბრა ახმედ ზაკაევმა ექსკლუზიურ ინტერვიუში, თანაც სწორედ – ივანიშვილის ტელეარხ „TV 9“-თვის. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ მის სიტყვებს: „მე ვიცი, რომ ბატონი დოშუევი რუსეთში არ ყოფილა! ვიცი, რომ ბოლო ნახევარი წელი ის საქართველოში ცხოვრობდა! და ამიტომაც ჩემთვის სრულიად გაუგებარია როგორ და რანაირად აღმოჩნდა ის ამ ჯგუფში... ჩვენ საკმარისი საშუალებები გვაქვს საქართველოს ტერიტორიაზე იმისთვის, რომ საკუთარი გამოძიება ჩავატაროთ“.

საბოლოოდ, სააკაშვილმა, იმის მაგივრად, რომ  საქართველოში ვინმე საეჭვო ჩრდილოკავკასიელების არყოფნა დაემტკიცებინა, მათი იქ ყოფნა დაამტკიცა, თანაც – საკმაოდ ხანგრძლივი.

– შოკოლადთან დაკავშირებით ყველაფერი გასაგებია, ბატონო არნო, მეორე საკვანძო სიტყვაზე – „ფეხსაცმელზე“ რაღას გვეტყვით?

– როდესაც ზურაბ ჟვანია მოკლეს, გეგმა ისეთივე იდიოტური იყო, როგორიც ახლა – მაშინაც ფეხსაცმელზე „გაიყიდნენ“: გარდაცვლილი პრემიერი „კონსპირაციულ ბინაში“... ფეხსაცმლის გარეშე აღმოაჩინეს!

დღეს პანკისში სახლიდან ფლოსტებით გამოდიან – მეგობრებთან ერთად ტყეში პიკნიკზე, შინ კი... ფეხსაცმლით ბრუნდებიან! მეგობრები კი ტყეში რჩებიან, დახოცილები...

დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები: ბიჭების მკვლელობა, რომელთა სახელები მათი ოჯახებისა და თანასოფლელების გარდა არავინ იცოდა, საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას გაცილებით უფრო ძვირი დაუჯდება, ვიდრე პრემიერის მკვლელობა, რომლის სახელი მთელი მსოფლიოსთვის ცნობილი იყო!

– არჩევნების თემაზე გადავიდეთ: თქვენი პროგნოზი.

– იცით, რაზე ფიქრობენ დასავლეთის ლიდერები, როცა შუაღამისას ლოგინში ეღვიძებათ?! პრეზიდენტები, პრემიერები, გენმდივნები და პარლამენტარები?

– ალბათ, სექსზე?

– არა, სააკაშვილზე! „რატომ არ მიდის?! რატომ არ უნდა, პატარა ქვეყნის ლეგიტიმურ პრეზიდენტს 9 წლის მმართველობის შემდეგ ხელისუფლება შემცვლელს კანონიერად გადასცეს?!“ ეს ვერაფრით გაუგიათ...

და იცით, რატომ? იმიტომ, რომ მთელი ამ 9 წლის განმავლობაში ბევრი ჩვენი დასავლეთელი „მეგობარი“ ფანტასტიკურ ხელფასებს და კიდევ უფრო ფანტასტიკურ „ატკატებს“ იღებდა იმისთვის, რომ საქართველოს სააკაშვილის თვალით უყურებდნენ! ახლა კი იმის აღიარება, რომ საქართველოში ისინი არა დემოკრატიის, არამედ დიქტატურის აშენებას უწყობდნენ ხელს, მათთვის საკუთარი სისულელის აღიარებას და პოლიტიკური კარიერის დასასრულს ნიშნავს: გამოდის, რომ მთელი ეს წლები დიქტატორს ეხმარებოდნენ... ამიტომ მათთვის დღეს საუკეთესო გამოსავალი – სააკაშვილის „ხავერდოვანი“ წასვლაა.

– ბატონო არნო, გახსოვთ, როდესაც 2003 წლის ნოემბერში, „ხავერდოვანი“ გადატრიალების დღეებში მიშა სააკაშვილმა რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ შეკრებილ ხალხზე მიუთითა და მიკროფონში ჩაჰყვირა: „რა სინდისით გვიყურებს შევარდნაძე კრწანისიდან?! იმ ხალხის მეათედს, რამდენიც აქ შეიკრიბა, ჩემთვის რომ ეთქვა – წადი, დაუფიქრებლად წავიდოდი!“? ყველაზე თამამი გამოთვლით, „ვარდების რევოლუციის“ დღეს იქ, მაქსიმუმ, 30 ათასამდე „რევოლუციონერი“ იყო, ახლა კი სააკაშვილის წინააღმდეგ – მთელი საქართველოა, მაქსიმუმ, 30 ათასი მისი ერთგული ლაქიის გამოკლებით...

– რა თქმა უნდა, მახსოვს. რაც შეეხება არჩევნებს, ახლა აღარ გავიმეორებ კონკრეტულ ფაქტებს – როგორ „გაბერეს“ გაყალბების „მასტერებმა“ პარლამენტარიზმის ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო „ერთიანი საარჩევნო სია“, რითაც მომავალი არჩევნები, პრაქტიკულად, უკვე გააყალბეს (ეს ფაქტები დაწვრილებით არის აღწერილი „საქინფორმის“ პუბლიკაციებში „ამომრჩეველთა სიების დაზუსტების კომისიის წევრი – არჩევნების ფალსიფიკაციის მეთოდებზე“ და „ოლიგარქის შეცდომა“).

ამასთან, არ მსურს ტრაგიკული მოვლენების პროვოცირება, რომლებიც, ვშიშობ, შესაძლებელია მოხდეს... საქართველოში ხომ ყოველთვის მოიძებნებიან „მასტერები“, რომლებმაც  მარჯვენა მოჰკვეთეს სვეტიცხოვლის ამშენებელ დიდოსტატ არსაკიძეს – რატომ კარგი  აგიგიაო; რომლებმაც „მარჯვენა მოჰკვეთეს“ ყოვლადწმიდა სამების ტაძრის ამშენებელ მილიარდერ ივანიშვილს (წინასაარჩევნო პერიოდში საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა ხომ მისთვის მარჯვენის მოკვეთის ტოლფასი იყო!);

„მასტერები“, რომლებიც ხოცავენ ან აძევებენ თავისივე პრემიერებსა და მილიარდერებს, რომლებსაც მსოფლიოს ნებისმიერ სხვა ქვეყანაში ხელისგულზე ატარებდნენ! და მხოლოდ საქართველოში არიან „მასტერები“, რომლებიც პატრიარქს უყვირიან და შეურაცხყოფენ მას...