სამართალი
ბიძინა ივანიშვილი: „ძალადობისკენ არასოდეს მოვუწოდებ!“

1-quCaSi-samarTaaa2თბილისი, 6 სექტემბერი, საქინფორმი. ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის ძალადობისკენ არასოდეს მოუწოდებს, თუმცა თუ რაღაც მოხდება არჩევნებში, ჩვენ გამოვიყვანთ და პირდაპირ დავათვლევინებთ ხალხს ქუჩაში, რამდენმა კაცმა მოგვცა ხმა“.

მან ეს განცხადება აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით ჩატარებული კვლევის იმ ნაწილის კომენტირებისას გააკეთა, სადაც კითხვა ამგვარად იყო ფორმულირებული: „ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, არჩევნების გაყალბების შემთხვევაში, ის მოუწოდებს ხალხს ქუჩის საპროტესტო აქციებისკენ. დაუჭერდით თუ არა მხარს ივანიშვილის ამგვარ მოწოდებას?“. ამ კითხვაზე აგვისტოს პირველ ნახევარში გამოკითხულთა 62%-მა უარყოფითი პასუხი გასცა, ხოლო 16%-მა – დადებითი. ივნისში ანალოგიური კვლევის ფარგლებში დასმულ იმავე კითხვას დადებითად – 27%-მა, ხოლო უარყოფითად 53%-მა უპასუხა.

„ეს ქუჩა საიდან აიღო „NDI“-მ მე არ ვიცი, არასდროს გამიკეთებია მე და არასდროს ძალადობისკენ არ მივუთითებ და არც მოვუწოდებ არასდროს“, – განაცხადა ივანიშვილმა გუშინ, 5 სექტემბერს, გამართულ პრესკონფერენციაზე.

„რაც შეეხება ასეთ მიტინგებს და რაც შეეხება იმას, რომ თუ რაღაც მოხდება არჩევნებში, ჩვენ გამოვიყვანთ და პირდაპირ დავათვლევინებთ ხალხს ქუჩაში, რამდენმა კაცმა მოგვცა ხმა, ეს არ ნიშნავს, რასაც გულისხმობს „გამოვიყვანთ ხალხს ქუჩაში“. როდესაც ამას წერენ, მე ვფიქრობ, რომ არ არის ეს მთლად კორექტული“, – აღნიშნა მან.

„ხალხის ქუჩაში გამოყვანა, თუ არ განიმარტა – რა აქვს მხედველობაში, იგულისხმება, რომ დაპირისპირებისკენ მიჰყავს ხალხი და მოუწოდებს. არა, ჩვენ ასეთ რამეს არ ვაპირებთ!“, – განაცხადა მან.