რელიგია
კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება კურთხევის მნიშვნელობაზე

1-religia-katolikosთბილისი, 3 სექტემერი, საქინფორმი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმიდესმა  და უნეტარესმა ილია მეორემ კურთხევის მნიშვნელობაზე იქადაგა. როგორც მან საკვირაო ქადაგებაში ბრძანა, კურთხევას აქვს ძალიან დიდი ძალა, რადგან ამ დროს უფლის მადლი გადმოდის ადამიანზე და იგი იცვლება. უწმიდესისა და უნეტარესის თქმით, ადამიანმა უნდა იცოდეს, როგორ შეხვდეს კურთხევას.

„ზოგიერთს ჰგონია, რომ როდესაც მოძღვარი აკურთხებს და მას ხელზე ემთხვევა, ეს მოძღვრის პატივისცემაა, სინამდვილეში კი ეს არის ღვთის დიდი მადლის გადმოსვლა. თუ რწმენითა და თავმდაბლობით იღებთ კურთხევას, მას მოაქვს საოცარი შედეგი. ეს არის ღვთის სიყვარულის გადმოფრქვევა“, – აღნიშნა ილია მეორემ.

კათოლიკოს-პატრიარქის განმარტებით, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, თუ ვისი საშუალებით გადმოეფრქვევა მადლი. უწმიდესმა მრევლს მოუწოდა, სამოელ წინასწარმეტყველის ხსენების დღესთან დაკავშირებით სთხოვონ ამ  წინასწარმეტყველს, რომ მისი მეოხებით გადმოვიდეს ქართველ ერზე მადლი სულისა წმიდისა.

„თუ გულით ვითხოვთ ამას და ღია გვექნება გულის კარი, უფალი შემოვა და მადლი დაისადგურებს ჩვენს გულებში. ღმერთმა გაკურთხოთ და მოგცეთ მადლი სულისა წმიდისა“, – მიმართა უწმიდესმა მრევლს.

გარდა ამისა, კათოლიკოს-პატრიარქმა საზოგადოებას მოუწოდა, სახლებში იქონიონ ნაკურთხი წყალი და ყოველ დილა-საღამოს საკუთარ თავს, ოჯახის წევრებს, სახლსა და ეზოს ასხურონ.

„წინათ იყო ასეთი წესი, რომ ყოველთვე ეკურთხებოდა სახლი და იქ მცხოვრები ადამიანები. ახლა იშვიათად ვაკეთებთ ამას, მაგრამ თუ ყოველთვე ეკურთხება სახლი, ძალიან კარგი იქნება“, – აღნიშნა უწმიდესმა და უნეტარესმა.