საქინფორმის სტუმარია – გენერალთა კლუბის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე.
ვლადიმერ იმნაძე – გენერალი, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში საომარი მოქმედებების მონაწილე, 1996 წლიდან 1999 წლამდე – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსი, 1999 წლიდან 2001 წლამდე – დასავლეთის ოპერატიული მიმართულების სარდლის პირველი მოადგილე, 2001წლიდან 2002 წლამდე – სახმელეთო ჯარების შტაბის უფროსი, 2002 წელს – სახმელეთო ჯარების სარდალი, 2002 წელს – ოპერატიული დერპარტამენტის უფროსი, 2003 წელს – გენერალური შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, 2004 წლიდან 2005 წლამდე – შინაგანი ჯარების სარდლის პირველი მოადგილე, 2005 წლის შემდეგ – უმუშევარი. დაჯილდოებულია „ვახტანგ გორგასლის“ მესამე ხარისხის ორდენით, საბრძოლო მედლით „მხედრული მამაცობისათვის“, მედლით „საბრძოლო დამსახურებისათვის“.– იმ ჯარისკაცისთვის, რომელმაც საკუთარი ქვეყნის დაცვასაც 33 წელი შეალია, განსაკუთრებით მტკივნეული უნდა იყოს გარედან მოვლენების ყურება, მით უფრო მაშინ, როცა აქედან 20 კილომეტრში გავლებულია საზღვარი სამშობლოსი, რომელიც ამ ბოლო წლებში შაგრენის ტყავივით პატარავდება. თქვენს ამ „სახლში ჯდომას“ დაემთხვა კიდევ ერთი ომი, ალბათ, ერთადერთი ამ ბოლო ათწლეულების განმავლობაში, რომელშიც თქვენ, როგორც ჯარისკაცი, ოფიცერი, ვერ მონაწილეობდით...
– ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ სახლიდან, თბილი სავარძლიდან ვადევნებდი თვალს 2008 წლის მოვლენებს. მე ჩემს მეგობრებთან ერთად გორში ვიმყოფებოდი და სახელმწიფოს შევთავაზეთ, თუ საჭირო გახდებოდა, გამოეყენებინა ჩვენი სიცოცხლეც და ჩვენი გამოცდილებაც, თუმცა ჩვენ იქ არავის დავჭირდით. ამიტომ საბრძოლო მოქმედებების დროს ჩვენით მოგვიხდა მოძრაობა და მივიჩნევ, რომ სასარგებლო საქმეც გავაკეთეთ – შევძელით დაყრილი იარაღის შეგროვება, რომელიც შემდეგ სახელმწიფოს ჩავაბარეთ.
– რამდენად დაგიფასათ ხელისუფლებამ ეს ძალისხმევა, ეს კიდევ სხვა საკითხია... 2011 წლის მაისის მოვლენების დროს თქვენ საკანში აღმოჩნდით... რატომ?
– ჩემთვის სახელმწიფო და ხელისუფლება სხვადასხვა ცნებებია, მათ ვერ გავაიგივებ და სწორედ ამიტომ ვიმყოფებოდი იმ აქციაზე. მე 26 მაისამდე დამაპატიმრეს. არ მომწონს ხელისუფლების ბევრი ნაბიჯი, რომლებიც, სამწუხაროდ, ამ ბოლო ხანებში კიდევ უფრო მომრავლდა. იქ ვიყავი ჩემი აზრის გამოსახატავად, რომლის უფლებასაც მე კონსტიტუცია მანიჭებს. დამიჭირეს ხულიგნობისთვის და 60 დღე ვიჯექი საკანში – თურმე ვიგინებოდი და პოლიციელებს გავუწიე წინააღმდეგობა. თუმცა, ჩემს დაკავებაში პოლიციას მონაწილეობა არ მიუღია, სხვებთან ერთად სპეცრაზმმა დამაკავა. ჩემზე უფრო დასაფასებელი ხალხი – მსახიობები, სამხედროები მოხვდნენ საკანში 26 მაისამდეც და მერეც. მე თუ მიტინგზე დამაკავეს, ისინი, საერთოდ, განსხვავებული აზრის გამოთქმის გამო საკუთარ სახლებთან აიყვანეს...
– ბატონო ვოვა, თქვენ, როგორც პროფესიონალი, როგორ შეაფასებდით 2008 წლის ომს?
– 2008 წლის ომი იყო დიდი შეცდომა, რომელშიც საქართველო იქნა ჩათრეული. ყველა ღონე უნდა გვეხმარა, რომ ეს ომი თავიდან აგვეცილებინა. როგორც პროფესიონალი, გეტყვით, რომ ცალკე ჯარისკაცი შეიძლება მზად იყო საბრძოლო მოქმედებებისათვის, მაგრამ მთლიანად ჯარი – არა – დაკარგული მართვა, არასწორი ლოგისტიკური უზრუნველყოფა, რეზერვის არასწორი მობილიზება და ჩართვა საბრძოლო მოქმედებებში – ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ მთლიანად შეიარაღებული ძალები არ იყო მზად საბრძოლო მოქმედებებისათვის. ჩვენმა ქვეყანამ აბსოლუტურად წააგო ომის საწყისი პერიოდი. ეს ის პერიოდია, როცა სახელმწიფო მოქმედებს იმ გეგმებით, რაც მშვიდობიანობის დროსაა დაგეგმილი და შემდეგ იხვეწება და იკვეთება პრიორიტეტები. მივიჩნევ, რომ შეიარაღებული ძალების მაშინდელი ხელმძღვანელობა არ შეესაბამებოდა თავის თანამდებობას. შეიძლება ადამიანი მშვიდობიანობის დროს კარგი მენეჯერი იყო, მაგრამ გენერალური შტაბის უფროსად მხოლოდ კარგ მენეჯერს არ ნიშნავენ; მას უნდა შესწევდეს ძალა, საბრძოლო მოქმედებისას გონივრულად წარუძღვეს არა მხოლოდ ბრძოლას, არამედ მთლიანად ომს. ასევე, არასწორად მიმაჩნია, სამოქალაქო პირების მიერ, ისეთების, როგორებიც იყვნენ თავდაცვის მინისტრი და სხვა პარტიული ლიდერები, იმ გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც სამხედროებს უნდა მიეღოთ.
– თქვენ დაასახელეთ ის შეცდომები, რაც საორგანიზაციო კუთხით მოხდა, მაგრამ თუნდაც ყველაფერი კარგად ყოფილიყო ორგანიზებული და სწორად გაწერილი გეგმის მიხედვით განხორციელებულიყო, რამდენად რეალურად მიგაჩნიათ იმხელა სახელმწიფოსთან ბრძოლა, როგორიც რუსეთია?
– არავინ აპირებდა რუსეთის ტერიტორიაზე გადასვლას და მოსკოვის აღებას. საქართველოს ჯარებს რომ გაეწიათ ჯეროვანი წინააღმდეგობა რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის, ეს ომი რამდენიმე დღეში არ დამთავრდებოდა. ის შეიარაღებული ძალები, რაც მაშინ საქართველოს ჰყავდა, სულ მცირე, ორ კვირას ან უფრო მეტსაც შეძლებდა წინააღმდეგობის გაწევას; ამ ორი კვირის განმავლობაში უკვე ჩაერთვებოდნენ საერთაშორისო ორგანიზაციები და ეს საბრძოლო მოქმედებები ასე არ დამთავრდებოდა – ისედაც პატარა ქვეყანაში კიდევ ორი „დამოუკიდებელი ქვეყანა“ მივიღეთ.
...დღეს ზოგიერთი ექსპერტი იმასაც ამბობს, რომ ეს ომი არ ყოფილა – ეს იყო კონფლიქტი. ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ნებისმიერი შეიარაღებული კონფლიქტი არის ომი! შეიძლება კლასიკური გაგებით ეს არ იყოს ომი, მაგრამ ჩვენთვის ეს ომია. ამიტომაც ვამბობ, რომ უფრო მეტი პოლიტიკური გონიერება უნდა გამოჩენილიყო 2008-ში და საერთაშორისო აზრი ჩაგვერთო იმ მოვლენებში, რაც წინ უძღვოდა ამ ომს.
– და რა უძღვოდა წინ ამ ომს?
– ეს იყო აშკარა პროვოკაციები, რომლებიც რუსებმა დაგეგმეს და ოსებმა პირნათლად შეასრულეს! სამხრეთ ოსეთში ქართულ სოფლებზე იყო თავდასხმები, სროლები, ხალხის გატაცებები – ეს ყველაფერი ნამდვილად იყო! საქართველოს ხელმძღვანელობას უნდა გაეთვალისწინებინა ისიც, რომ ახალი ჩატარებული იყო სამხრეთ კავკასიის მრავალსაფეხურიანი საშტაბო წვრთნა ჯარების მოზიდვით, რომლის დროსაც რუსეთის სამხედრო ძალების მობილიზაცია განხორციელდა. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ზუსტად ამ სწავლებებზე დაიხვეწა ის საბრძოლო გეგმები, რომლებიც რუსეთის გენერალურ შტაბში დაიგეგმა 2006-2007 წლებში. ამის პარალელურად აფხაზეთში რკინიგზის აღდგენის საბაბით უცხო ქვეყნის ჯარები შევიდნენ; ჩვენ ეს შედეგები მივიღეთ კიდეც – როცა ცხინვალის რეგიონში საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა, რუსეთის ტანკები თავისუფლად გადაადგილდებოდნენ დასავლეთ საქართველოში, რუსი ჯარისკაცები სენაკში, ფოთშიც შევიდნენ და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ... მაგრამ ერთი რამეც მინდა, ვთქვა – აღარ მგონია, რომ საქართველოს კიდევ ოდესმე ეყოლება ისეთი სუსტი მოწინააღმდეგე, როგორიც მას 2008 წელს ჰყავდა...
– რას გულისხმობთ – რუსეთის შეიარაღებული ძალების სისუსტეს?
– მე კარგად ვიცი, ამის შესახებ რას წერენ თვითონ რუსი ექსპერტები, ჩვენ ამოვწიეთ ეს მასალები – ის ღიაა ინტერნეტში... ისინი საკმაოდ სუსტები იყვნენ და ჩვენ შეგვეძლო, მათთვის წინააღმდეგობა გაგვეწია.
– ძნელია, ამ საკითხში მე თქვენ – პროფესიონალს, გენერალს შეგედავოთ...თუმცა, ძალიან მწყინს, თუ ასეთ „სუსტ“ მოწინააღმდეგესთან წავაგეთ ომი და ჩვენი ტერიტორიების 20% დავკარგეთ...
– ძალიან მტკივნეულია, გეთანხმებით... მით უფრო მაშინ, როცა ჩვენი სახელმწიფოს ხელმძღვანელები გაიძახიან, რომ ეს ტერიტორიები ჩვენ არასოდეს გვეკუთვნოდა და ადრე გვქონდა დაკარგული! ადრე, 1992 წლიდან, ეს ტერიტორიები კონფლიქტურ ზონას წარმოადგენდა, სადაც იდგნენ სამშვიდობოები. ისინი დაკარგულად იურიდიულად 2008 წელს „გავაფორმეთ“ და როდის დავიბრუნებთ, ამაზე უკვე საერთოდ აღარაა საუბარი. თუმცა, აქვე ავიწყდებათ ახალგორის რაიონი და კოდორის ხეობაც, რომლებიც ამ კონფლიქტურ რეგიონებს თან მივაყოლეთ!
საერთოდ კი, იმას ვიტყვი, რომ დიდი შეცდომა იყო დაშვებული ჯერ კიდევ 90-იან წლებში, როცა რუსეთს სამშვიდობო მისია დავაკისრეთ. კიდევ უფრო დიდი შეცდომა იყო ის, რომ სამშვიდობო მისიის ხელმძღვანელობას ნება დავრთეთ, აფხაზეთში შტაბ-ბინა სოხუმში ჰქონოდა, ხოლო სამაჩაბლოში – ცხინვალში. მათ თავიანთი შტაბ-ბინა ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე უნდა ჰქონოდათ, როცა მათზე გავლენის უფრო მეტი ბერკეტები გვექნებოდა. რაკი ეს შტაბები იქ იმყოფებოდა, ისინი აფხაზებსა და ოსებთან უფრო ურთიერთობდნენ, ვიდრე ჩვენთან, ჩვენ კი ეს დავაკანონეთ და ეს ძალა მერე ჩვენ წინააღმდეგ აღმოჩნდა, რაც რუსებმა სამაჩაბლოში მშვენივრად გამოიყენეს.
– ბატონო ვოვა, ამ ომის პროვოცირებაში ხომ არ ითამაშა ერთ-ერთი კატალიზატორის როლი იმ აგრესიულმა რიტორიკამ, რასაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აშკარად დაუფარავად მიმართავდნენ რუსეთის მიმართ?
– პოლიტიკა ისეთი სფეროა, როცა პოლიტიკოსი და, მით უფრო, სახელმწიფოს პირველი პირი ხარ, უნდა განსაზღვრო, რა შეიძლება მოჰყვეს შენ მიერ ნათქვამ თითოეულ სიტყვას. შეიძლება ადამიანს პიროვნულად ვერ იტანდე, გულზე არ გეხატებოდეს, მაგრამ ეს იმის უფლებას არ გაძლევს, ათასი უხამსობა ეძახო მეზობელი სახელმწიფოს პირველ პირს. ეს აუცილებლად უარყოფით შედეგს გამოიღებს! ჩვენ „გავიფორმეთ“ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებელი ქვეყნები ჩვენს ტერიტორიაზე, დანარჩენს კი რეალურად ვხედავთ – სახელმწიფოს ეკონომიკური ბერკეტები რუსეთს აქვს ხელში ჩაგდებული! რა მნიშვნელობა აქვს, რით დაგიპყრობენ – ტანკით თუ მანეთით?
– ვხედავთ ისტერიკამდე მისულ აგრესიულ რიტორიკას, მუშტის ქნევის პოლიტიკას რუსეთის მიმართ – რუსეთი ჩვენი ხელისუფლების მიერ სახელმწიფოს ნომერ პირველ მტრად მოიაზრება. რასთან გვაქვს საქმე?
– სისულელესთან! ჩემი აზრით, ეს არის დებილიზმი – არასწორი საგარეო პოლიტიკა მეზობლების მიმართ! ასეთი აგრესიული რიტორიკა ჩვენ სახელმწიფოს პირველი პირისგან, სამწუხაროდ, არცთუ იშვიათად გვესმის არა მხოლოდ რუსეთის მიმართ! გავიხსენებ ეუთოს დამკვირვებლების მიერ ჩვენი პოლიტიკური რეალობის შეფასებას ამ მცირე ხნის წინ, ქვეყანაში დღეს არსებული მდგომარეობა ლენინიზმის ეპოქას რომ შეადარეს და ამას სახელმწიფოს პირველ პირთა მხრიდან მათ მიმართ ლანძღვისა და არაკორექტულობის კორიანტელი მოჰყვა! ეს კატეგორიულად მიუღებელია, სირცხვილია! ეს ხომ მათ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ განაწყობს?! არ არსებობს დედამიწაზე ადამიანი, რომელმაც ყველაფერი იცის და არაფერი არასოდეს ეშლება, მაგრამ ჩვენს რეალობაში ეს თურმე შეძლებულა – ყველაფერი კეთდება მხოლოდ და მხოლოდ კარგად, არავინ არაფერში ცდება და ყველამ ყველაფერი იცის! ეს ხომ, რბილად რომ ვთქვათ, არასერიოზულია!
– საერთოდ, ტერიტორიების დაბრუნების რა პერსპექტივა გვაქვს?
– თუ სამაჩაბლოსთან კიდევ შეიძლება რაღაც გამონათებას ვხედავდე, აფხაზეთთან მას, სამწუხაროდ, ჯერ ვერ ვხედავ (აფხაზეთთან მიმართებაში, ღმერთმა ქნას, ვცდებოდე)...
– რას გულისხმობთ?
– იმ პოლიტიკური ვითარებას, რაც ვითარდება რეგიონში, დაწყებული ირანიდან – დღე-დღეზე შეიძლება ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საბრძოლო მოქმედებები დაიწყოს ირანთან! იკვეთება ამერიკის ინტერესები და პარალელურად ორმაგდება რუსეთის ინტერესებიც – ამ ორი დიდი ქვეყნის ურთიერთმოლაპარაკების შედეგად შეიძლება რაღაც გაყოფის მსგავსი მივიღოთ, რაც შეიძლება სამაჩაბლოსთან მიმართებაში დადებითად აისახოს. ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა რუსეთსაც ხომ აქვს? იგივე ჩრდილოკავკასია, ხომ შეიძლება ისევ აგორდეს იქ საბრძოლო მოქმედებები? შეიძლება რუსეთი კიდეც ნანობს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარებას, მაგრამ ამხელა სახელმწიფო თავის სიტყვას ასე ადვილად უკან არ წაიღებს...რუსეთს უნდა შეინარჩუნოს ის გავლენები, რაც მას საბჭოთა კავშირის დროს ჰქონდა.
– და რამდენად რეალურია ეს?
– ეს არაა რეალური – დრო და ვითარება შეიცვალა! რუსეთის „ჩამოწერა“, როგორც ეს დღეს მავანს ჰგონია, ასე ადვილი არაა; მას შესწევს ძალა, თავისი სახელმწიფოებრიობა შეინარჩუნოს. გვინდა ეს ჩვენ თუ არა, ის ჩვენი დიდი მეზობელია, საქართველოს ვერ აიღებ და კალიფორნიაში ან სადმე სხვაგან ვერ გადაიტან, ამიტომ ამ რეალობას უნდა შევეგუოთ! რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობა უნდა დამყარდეს.
– და რამდენად რეალურად მიგაჩნიათ რუსეთთან კეთილმეზობლური დამოკიდებულება ჩრდილოატლანტიკური ალიანსისკენ მისწრაფების ფონზე?
– აზერბაიჯანის მაგალითს გავიხსენებ – მათ პირველად 1991 წელს განაცხადეს, რომ იღებენ პროდასავლურ კურსს და 1994 წელს ჩვენზე ადრე ნატოში თავიანთი წარმომადგენლობა ჰყავდათ, მაგრამ ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ მათ ცუდი ურთიერთობა აქვთ რუსეთთან. რუსეთის სტრატეგიული პარტნიორია სომხეთიც, მაგრამ მასაც ჰყავს წარმომადგენლობა ნატოში. ერთი მეორეს ხელს არ უშლის, არ გამორიცხავს – დასავლეთისკენ მისწრაფება რუსეთის გინებას, მისთვის მუშტის ქნევას სულაც არ ნიშნავს, როგორც ეს დღეს ჩვენს რეალობაში ბევრს ჰგონია!
რაც შეეხება ნატოში გაწევრებას – ნატოში შესვლის სანაცვლოდ, ალბათ, ჩვენ უარი უნდა ვთქვათ ჩვენს დაკარგულ ტერიტორიებზე, რადგან ტერიტორიული კონფლიქტების მქონე ქვეყანას ჩრდილოატლანტიკური ალიანსი თავის რიგებში არ შეიყვანს. მგონი, არავის აქვს ილუზია, რომ ნატო თავის პრინციპებს გადაუხვევს საქართველოს გამო! ამიტომ უნდა დავფიქრდეთ! მე არ მინდა, წარმოვიდგინო ჩემი სახელმწიფოს ხელმძღვანელი, რომელიც უარს იტყვის აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე ნატოში ინტეგრაციის სანაცვლოდ!.. რაღაც ამ ჩვენი სახელმწიფოს პირველი პირებისგანაც აღარ ისმის ასე მკაფიოდ ნატოზე მოწოდებები...
– განა მაპზე უკეთესი არ მივიღეთ?
– რას ამბობთ, ეს სასაცილოა! „დაბოლების“ პოლიტიკაა! ვითომ „დაგვაწყნარეს“ იმით, რომ მაპი არ მოგვცეს და უკეთესი მოგვცეს. ძალიან სასაცილოა! ამის გამეორება არასერიოზულია!
– თქვენ გენერალთა კლუბის წევრი ბრძანდებით, რომელიც 5 ივლისს ოფიციალურად დაფუძნდა. რა ამოცანებს ისახავს ეს კლუბი, რა არის თქვენი მიზანი?
– გენერალთა კლუბი 2008 წელს 31 დეკემბერს ჩამოვაყალიბეთ და რაც მოჰყვა შემდეგ ამას, ყველას კარგად ახსოვს – სახელმწიფოს მხრიდან ატეხილი პანიკა და უსაფუძვლო ბრალდებები. ჩვენი შეცდომა იყო, ალბათ ის, რომ არ ჩავატარეთ პრეზენტაცია, ფართო საზოგადოებას არ გავაცანით ჩვენი მიზნები და ამოცანები და ხელისუფლებას მივეცით საშუალება, ამ კლუბისგან „ბუა“ შეექმნა. ამიტომ გადავწყვიტეთ, წელს ისევ აგვეღორძინებინა გენერალთა კლუბი და 5 ივლისს ჩავატარეთ პრეზენტაცია. ჩვენი მთავარი ამოცანაა სამხედრო აღმშენებლობის საქმეში სახელმწიფოს ხელშეწყობა. მართალია, დღეს არ ვჭირდებით ამ სახელმწიფოს, მაგრამ ხვალ შეიძლება ქვეყანას გამოადგეს ჩვენი ცოდნა, გამოცდილება და პოტენციალი. არა მხოლოდ ჩვენი – სამხედრო გენერლების, არამედ პოლიციის გენერლებისაც, რომელთაც ეს კლუბი აერთიანებს. ასეთი კლუბის პრეცედენტები არსებობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში – თურქეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, რუსეთში, სლოვაკეთში, უკრაინაში. ჩვენ მათთან გვაქვს კავშირი. სლოვაკეთის გენერალთა კლუბის პრეზიდენტი არის მსოფლიო ოფიცერთა კლუბის ხელმძღვანელი და მას შევთავაზეთ, რომ ამ მსოფლიო გაერთიანებაში ჩვენც შევსულიყავით. სექტემბრის დასაწყისში ჩვენ ერთ თემას განვიხილავთ და შევთავაზებთ სახელმწიფოს – თუ მიიღებენ, ხომ კარგი; თუ არა და, ეს მათი საქმეა...
– არ შემიძლია არ გკითხოთ დღევანდელი პოლიტიკური მოვლენების შესახებ – ვინც „ნაცმოძრაობასავით“ არ ვფიქრობთ, სახელმწიფოს მტრებად გვაცხადებენ! რას შეიძლება ველოდოთ 1 ოქტომბერს საზოგადოების ასეთი უკიდურესი პოლარიზაციის პირობებში?
– ძალიან სახიფათო კითხვა კი დამისვით... როცა ამ ხელისუფლების რიტორიკას ვისმენ – ნებისმიერი გზით, თანაც, ისე „დამაჯერებლად“ რომ „აპირებს“ არჩევნების მოგებას, რომ ოპოზიციას (არ გავიმეორებ იმ ეპითეტებს, რასაც ის განსხვავებული აზრის მქონეთ უწოდებს) მეორედ ხელისუფლებაში მოსვლის სურვილი არ გაუჩნდეს, საფუძვლიანი ეჭვი მიჩნდება, რომ არჩევნების გზით ის არსად წასვლასაც არ გეგმავს! ხელისუფლებიდან წასვლაში ტრაგედიას, ქვეყნის დაქცევას ხედავენ! სინამდვილეში კი ხელისუფლებიდან წასვლას ტრაგედიად იმიტომ აღიქვამენ (ხალხშიც მუსირებს ეს აზრი), რომ შეიძლება გამოაშკარავდეს მათ მიერ ჩადენილი ძალიან ბევრი დანაშაული, დარღვევა, რაც ახლა დაფარულია და რამაც შეიძლება ისინი საბრალდებო სკამამდე მიიყვანოს! ამას გვაფიქრებინებს არჩევნებთან დაკავშირებით ისევ მათ მიერ გადადგმული ნაბიჯები – ეს ისტერიკული, გაუმართლებელი დაყადაღებები, დაჭერები, აგრესია, სისასტიკე!.. უკვე ტელევიზორის ყურებაც აღარ მინდა და ხანდახან მწარედ მეცინება იმათზე (ბოლშევიკური ჟურნალისტები და ექსპერტები რომ ჰყავს ხელისუფლებას), მის ყველაზე უსამართლო, გაუმართლებელ ნაბიჯსაც კი რომ ამართლებენ! ეს ძალზე ამაზრზენია!
მე, როგორც ადამიანს, რომელსაც მაქვს დიდი გამოცდილება, ძალიან მეშინია 1 კი არა, 2 ოქტომბრის, რომ არ განმეორდეს ის სამოქალაქო დაპირისპირება, რომელიც იყო გასული საუკუნის 90-იან წლებში. ეს საქართველოს კარგს არაფერს მოუტანს და მოისვრის უკან, მინიმუმ, 20 წლით! მერე აღარ იქნება გარჩევა იმისა, რომელი უფრო კარგი იყო – „ქართული ოცნება“ თუ „ნაციონალური მოძრაობა“!
– ბატონო ვოვა, ესე იგი, არ გამორიცხავთ სამოქალაქო დაპირისპირებას?
– მე ვერაფერს გამოვრიცხავ, რადგან ხალხი უკიდურესად გამწარებულია ამ ხელისუფლებაზე, რომელიც მხოლოდ მის მეხოტბეებს უსმენს! ხომ ვუყურებთ არასამთავრობო არხებსაც! ადრე თუ სახელისუფლებო არხებით იგებდა საქართველოს მოსახლეობა, როგორ „აყვავებულ“ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ახლა ხომ გვაქვს ალტერნატიული საინფორმაციო წყაროც? უკიდურეს სიდუხჭირეშია ხალხი, რომელსაც შიმშილთან ერთად ყოველ ნაბიჯზე უსამართლობა აშფოთებს! ყველაზე ცუდი ის იქნება, უმართავი მოვლენები თუ განვითარდა საქართველოში, რადგან ეს კატასტროფულ შედეგამდე მიიყვანს ქვეყანას! ამის წარმოდგენაც კი არ მინდა!.. თუმცა, მაინც მინდა, მჯეროდეს, რომ გონიერება და რაციონალიზმი გაიმარჯვებს...
ესაუბრა შორენა სიხარულიძე
საქინფორმი