თბილისი, 30 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა დავით ბაქრაძემ ქართული ძალების მიერ კახეთში, რუსეთის საზღვრის სიახლოვეს ჩატარებული სპეცოპერაციის შეფასებისას აღნიშნა, რომ საქართველო დაიცავს საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოებას ნებისმიერ პირობებში.
„რაც არ უნდა დიდი იყოს პრობლემა ან გამოწვევა, ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენ მოსახლეობას შეუძლიათ იყვნენ მშვიდად – ქართული სახელმწიფო იცავდა და დაიცავს მათ უსაფრთხოებას“, – დასძინა ბაქრაძემ.
შეგახსენებთ: ოთხშაბათს ღამით კახეთში დაწყებულ ოპერაციას, რომელსაც ხელისუფლებამ დივერსანტთა შეიარაღებული ჯგუფის დევნისა და „ანტიტერორისტული“ ოპერაცია უწოდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი სპეცრაზმელი და თავდაცვის სამინისტროს სპეციალური ოპერაციების ძალების ექიმი ემსხვერპლა. ხუთი ქართველი ძალოვანი დაჭრილია, რომლებიც ამჟამად ჰოსპიტალიზებული არიან. ოფიციალური ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შსს-ს განცხადებით, დივერსანტების მიერ აყვანილი მძევლები შეიარაღებული შეტაკების შედეგად გაათავისუფლა, რის შედეგადაც 11 დივერსანტია მოკლული, ხოლო ამჟამად მიმდინარეობს ალყაში მოქცეული შეიარაღებული ჯგუფის 6 წევრის დაკავების ღონისძიება.