თბილისი, 28 აგვისტო, საქინფორმი. არჩევნების პორტალს (www.electionportal.ge) გასული არჩევნებისა და ამომრჩეველთა სიების მონაცემები დაემატა (www.data.electionportal.ge). ვებგვერდის მეშვეობით შესაძლებელია 2008 წლიდან მოყოლებული თითოეული არჩევნების შედეგების ნახვა ყველა ინდიკატორით ცალ-ცალკე: ამომრჩევლების აქტივობა, ცალკეული პარტიების შედეგები, საერთო მონაცემები და ა.შ. ვებგვერდზე მონაცემები განთავსებულია კონკრეტული საარჩევნო ოლქებისა და უბნების მიხედვით.
„ვებგვერდი დააინტერესებს ყველას, ვისაც პოლიტიკა აინტერესებს. მონაცემთა ბაზა პოლიტიკურ პარტიებს დაეხმარება საარჩევნო კამპანიის დაგეგმვაში და საშუალებას მისცემს, წინა არჩევნების შედეგების გათვალისწინებით განსაზღვრონ მათი პოტენციური მხარდაჭერის არეალები. ვებგვერდი, ასევე, დაეხმარება მკვლევარებს საარჩევნო ტენდენციების განსაზღვრაში“, – ამბობს ლუის ნავარო.
არჩევნების საიტი ყურადღებას ამახვილებს წინასაარჩევნო კამპანიაზე და რეგიონებში აღმოჩენილ დარღვევებზე. საიტი პირდაპირ რეჟიმში იმუშავებს არჩევნების დღესაც. მოქალაქეებს შეუძლიათ ელექტრონულად განათავსონ აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ ინფორმაცია საიტზე, ასევე, ფოტო და ვიდეომასალა. პორტალთან ერთად მოქმედებს უფასო SMS ნომერი 2500, რომელზეც ინფორმაციის გაგზავნა შეეძლება ნებისმიერ მოქალაქეს ნებისმიერი მობილური ქსელიდან.
შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების არჩევნების პორტალი წარმოადგენს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ერთობლივ ინიციატივას.
მონაცემთა ბაზის პროექტი კი ხორციელდება ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო „USAID“-ის მეშვეობით. პორტალი ფინანსდება საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ- დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI), ასევე, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) „საქართველოში საჯარო პოლიტიკის ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების“ პროგრამის (G-PAC) მიერ. პორტალის საწყისი მხარდაჭერა უზრუნველყო ფონდმა „ღია საზოგადოება – საქართველომ“.