რელიგია
კათოლიკოს-პატრიარქი – სულიერი საუნჯის შეგროვების მნიშვნელობაზე

1-patr-religia1თბილისი, 27 აგვისტო, საქინფორმი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმიდესმა  და უნეტარესმა ილია მეორემ სულიერი საუნჯის შეგროვების მნიშვნელობაზე იქადაგა. როგორც მან საკვირაო ქადაგებისას აღნიშნა, ადამიანები მთელი ცხოვრების განმავლობაში აგროვებენ რაიმეს. მისი თქმით, ბავშვობაში თავად თანaტოლებთან ერთად მარკებს აგროვებდა და იყვნენ ისეთებიც, ვინც ფულს აგროვებდა. უწმიდესისა და უნეტარესის განცხადებით, მთელი ცხოვრების განმავლობაში ადამიანები მატერიალური საუნჯის დაგროვებაზე ზრუნავენ, აგროვებენ და არ იციან – რისთვის.

„ხშირად შვილებს ვუგროვებთ და ვუტოვებთ, თუმცა მათ როგორც მიიღეს, ისევ ქარი წაართმევთ და არ დააფასებენ თქვენს შრომას“, – აღნიშნა კათოლიკოს-პატრიარქმა და მრევლს სახარებიდან ამონარიდი შეახსენა, როდესაც უფალთან ახალგაზრდა ჭაბუკი მიდის და ინტერესდება, რა უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ მოხვდეს სასუფეველში.

„უფალმა უთხრა – არა იმრუშო, არა იპარო, არა ცილი სწამო, პატივი ეც მამასა შენსა და დედასა შენსა... ეს ჭაბუკი ძალიან მდიდარი იყო და უფალმა მას ურჩია გაეყიდა მთელი თავისი ქონება, დაერიგებინა ღარიბებისთვის და მას გაჰყოლოდა. ჭაბუკი დამწუხრდა და წავიდა, რადგან ძალიან მდიდარი იყო“, – აღნიშნა უწმიდესმა და უნეტარესმა. მისი თქმით, ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რა უნდა შეაგროვონ და რისთვის უნდა შეაგროვონ.

„ხშირად ადამიანები აგროვებენ საუნჯეს, რომელიც მიაცილებს მხოლოდ სამარის კარამდე, შემდეგ კი რჩება. იყო ასეთი შემთხვევაც, როდესაც დარჩენილ ქონებაზე ჩხუბი ატყდა და ამას ერთი ადამიანი შეეწირა კიდეც. უნდა გვახსოვდეს, რისთვის მოვედით ჩვენ, სად მივდივართ და რას წავიღებთ. ღმერთმა ინებოს, რომ გაგვეხსნას გონება და ყოველმა ჩვენგანმა დაინახოს, სად არის საუნჯე ჩვენი და რა უნდა ვიუნჯოთ. ის საუნჯე, რომელიც მიგვაცილებს მხოლოდ სამარის კარამდე, თუ ის, რომელიც საიქიოშიც გამოგვყვება“, – აღნიშნა უწმიდესმა და ისურვა, რომ ღმერთმა მთელ ერს მისცეს სულიერი საუნჯე.