პუბლიკაციები
რიგით ამომრჩევლებს ჰპირდებიან ძირითადი ბიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას, ძირითადი ღირებულებითი ორიენტირების დეკლარირების გარეშე!

1-analit-gelaსაქინფორმის სტუმარია საზოგადოებრივი მოძრაობა „მყარი დემოკრატიის“ საინიციატივო ჯგუფის თავმჯდომარე, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გელა ღლიღვაშვილი.

– ბატონო გელა, საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია ფინიშის სწორზე გავიდა აქედან გამომდინარე ყველა შედეგით. თქვენი აზრით, რა არის ყველაზე მეტად დამახასიათებელი ახლანდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის?

– პარტიული კუთვნილების მიუხედავად, პრაქტიკულად იდენტური პოლიტიკური ლოზუნგები, რომლებსაც პოლიტიკურ პროგრამებად ასაღებენ, ერთმნიშვნელოვნად აჩვენებს, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეთა უმრავლესობა ცუდად ან ძალიან ცუდად ცხოვრობს... სწორედ აქედან მოდის ელემენტარული ყოფა-ცხოვრების გაუმჯობესების დაპირებები, ანუ ყველა გვთავაზობს ზოგად „პოლიტიკურ პროგრამას“ – როგორ არ გვეშინოდეს შიმშილის, ავადმყოფობის, სიცივის და ა.შ. ნებისმიერი სპეციალისტი მაშინვე მიგითითებთ იმაზე, რომ რიგით ამომრჩევლებს ჰპირდებიან ძირითადი ბიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას, ძირითადი ღირებულებითი ორიენტირების დეკლარირების გარეშე!

 

მექმნება შთაბეჭდილება, რომ არსებული პოლიტიკური სისტემა, როგორც ხელისუფლების რეალიზაციის მექანიზმი, ოპოზიციასაც ხელს აძლევს. ქვეყნის დღევანდელი ხელმძღვანელობის მიერ შექმნილი ხელისუფლების აბსოლუტური ვერტიკალი ერთი ლიდერის მეთაურობით, რომელმაც „ყველაფერი იცის“, როგორც ჩანს, ოპოზიციისთვის ძალზე მაცდური მემკვიდრეობაა. ამიტომ არ არსებობს რეალური პროგრამები ხელისუფლების ჰორიზონტალური სიბრტყეების გაძლიერების მიმართულებით ამ მდგომარეობის შესაცვლელად.

– მხედველობაში გაქვთ ადგილებზე თვითმმართველობის პრობლემა და მისი, როგორც ნებისმიერი დემოკრატიის აუცილებელი შემადგენელი ნაწილის გაძლიერების პოლიტიკური პროგრამა?

– დიახ, მაგრამ არა მარტო ეს. „ადგილობრივი ხელისუფლების“ მნიშვნელობა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ნებისმიერ შემთხვევაში მნიშვნელოვნად გაიზრდება და აი, რატომ. გასაგებია, რომ ქვეყნის დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა არჩევნების შემდეგ უპირობოდ დაკარგავს იმ აბსოლუტურ ძალაუფლებას, რომელიც აქამდე ჰქონდა. თუმცა, სულ მცირე – ერთი წლით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მომდევნო არჩევნებამდე, ის ადგილებზე თავის უმრავლესობას შეინარჩუნებს. 2012 წლის 1 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციის დამაჯერებელი გამარჯვებაც კი  ამ სიტუაციას კარდინალურად ვერ შეცვლის, რაც მეტად არსებითია დღევანდელ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შემდგომი პოლიტიკური ურთიერთობის თვალსაზრისით.

სოციოლოგიისთვის ეს კარგია, რადგან საზოგადოების დიფერენცირებულობას აძლიერებს და მის სტრუქტურირებას ახდენს. მაგრამ როგორც რისკფაქტორი, ეს ელემენტი ფრიად მნიშვნელოვანია. რამდენად ესმის ოპოზიციას ახლანდელი არჩევნების ეს ასპექტი – ამას უახლოეს მომავალში დავინახავთ.

ეს რაც შეეხება „ჰორიზონტალური“ ხელისუფლების, უფრო სწორად, მისი ერთ-ერთი შტოს, ასე ვთქვათ, „გამოყენებით“ მნიშვნელობას.

არანაკლებ მნიშვნელოვანია სხვა საკითხი, და ის თავისი არსით ფუნდამენტურია. არცერთი პოლიტიკური პარტია თუ გაერთიანება არ გვთავაზობს სერიოზულ სისტემურ ცვლილებებს ამ სფეროში. მაგალითად, ადგილებზე სასამართლოს თავმჯდომარეების პირდაპირ არჩევნებს იმპიჩმენტის შესაბამისი მექანიზმით. დარწმუნებული ვარ, ეს სიტუაციას უკეთესობისკენ შეცვლიდა. იგივე ვრცელდება პოლიციის ადგილობრივი სამმართველოს უფროსზეც. ეს ცენტრალური და ადგილობრივი იურისდიქციის ფუნქციურ გამიჯვნას გამოიწვევს და პარტიული „აპარატული“ ინტერესი, იმპიჩმენტის მარტივი მექანიზმის ფონზე, მნიშვნელოვნად დაიჩრდილება.

არსებობს წესი – იქ, სადაც ყველაზე მეტად არის კონცენტრირებული სახელმწიფო ხელისუფლება, სასურველია, მეტი პირდაპირი არჩევითი თანამდებობები გვქონდეს (რა თქმა უნდა, თუ დემოკრატიის აშენება გვსურს). ამ შემთხვევაში „ხალხის ბელადად“ ყოფნა პრაქტიკულად გამორიცხულია და დროებით დაქირავებული მოხელის მდგომარეობით დაკმაყოფილება მოუწევთ.

– თქვენი აზრით, დღესდღეობით რომელი მხარე ლიდერობს საპარლამენტო მანდატებისთვის ბრძოლაში?

– უეჭველია, რომ ლიდერობს ოპოზიცია, და ეს კანონზომიერია. თუმცა მისთვის ყველაფერი ძალზე რთულია...

ჯერ ერთი, „ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო სტრატეგია უფრო მრავალფეროვანია, ვიდრე ძირითადი ოპოზიციისა, და წინასაარჩევნო ლოზუნგების იდენტურობის პირობებში ეს ელექტორატთან მუშაობის მნიშვნელოვანი ასპექტია.

მეორეც, როგორც ბოლო 20 წლის პრაქტიკამ აჩვენა, არჩევნებზე ცენტრალური ხელისუფლების ნებისმიერი დამარცხება ამ პოლიტიკურ ძალას ანადგურებს და, როგორც შედეგი, საკმაოდ ახალგაზრდა ადამიანებისთვის, რომლებმაც აბსოლუტურ ძალაუფლებას გემო გაუგეს, ეს ეგზისტენციალურ საფრთხეს უდრის. მაშასადამე, ისინი ხელისუფლებისთვის ბრძოლაში ფრიად მოტივირებულნი და მონოლითურები არიან. ძირითად ოპოზიციურ პოლიტიკურ ცენტრში ბიძინა ივანიშვილის ფიგურის ირგვლივ გაერთიანებული პოლიტიკური სუბიექტების მოტივაციის ხარისხი, ასეთი პირდაპირი ეგზისტენციალური საფრთხის არარსებობის გამო, შესაძლოა, უფრო დაბალი აღმოჩნდეს.

და მესამე – ოპოზიციის მომხრეები მისგან დამაჯერებელ, სრულ გამარჯვებას მოითხოვენ და მოელიან, მაშინ, როდესაც მმართველი პოლიტიკური ძალისთვის  დაახლოებით ერთნაირი შედეგიც კი არჩევნებში გამარჯვებას ნიშნავს.

თუ ზემოჩამოთვლილს დავამატებთ ადმინისტრაციულ აპარატს, სახელმწიფო რესურსს, PR-უზრუნველყოფას და ა.შ., ძირითად ოპოზიციას წინ მძიმე ბრძოლა ელოდება.

– როგორ ხედავთ ქვეყნის უახლოეს პოლიტიკურ პერსპექტივას?

– ეს ძალიან რთული შეკითხვაა. ჩვენი უახლოესი პოლიტიკური პერსპექტივა, ჩემი აზრით, ორი ძირითადი ელემენტისგან შედგება.

პირველი – ეს არის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები და აქ ყველაფერი ჩვენს სამოქალაქო კულტურასა და სამშობლოსადმი ჩვენს სიყვარულზეა დამოკიდებული. არჩევნების შედეგების „მოპარვის“ ან „წართმევის“ ნებისმიერი მცდელობა ქვეყანას ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს.

მეორე ძირითადი ელემენტი ჩვენი პოლიტიკური პერსპექტივისა  ჩვენს რეგიონში მიმდინარე გლობალურ პროცესს უკავშირდება. ეს არის სირია, ირანი, რუსეთის, თურქეთის ინტერესები, აშშ-ისა და ევროკავშირის მხარდაჭერა. აქ ჩვენზე ბევრი არაფერია დამოკიდებული, მაგრამ, ვიმედოვნებ, ყველასათვის ცხადია, რომ აშშ-ისა და ევროკავშირის მხარდაჭერის გარეშე ამ „ქარიშხალმა“ შეიძლება, უბრალოდ, წაგვლეკოს. და ამიტომ ნორმალური, პატიოსანი არჩევნები, როგორც აშშ-ისა და ევროკავშირის პირდაპირი მოთხოვნა, მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ჩვენს ხვალინდელ დღეს.

ესაუბრა თეო ტაბატაძე

საქინფორმი