პუბლიკაციები
მშვიდობით, კოლხეთო...

1-analitNEW-kolxidaმიხეილ სააკაშვილის იდეა შავი ზღვის ნაპირზე ახალი ქალაქი ლაზიკას მშენებლობის თაობაზე სულ უფრო დიდ აბსურდად გადაიქცევა.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის თქმით, ქალაქის მშენებლობა უკვე დაიწყო. ახლა ლაზიკას ადგილას იუსტიციის სახლს აშენებენ და საავტომობილო გზა გაჰყავთ. თუმცა არანაირი პროექტი ან ქალაქის მშენებლობის გეგმა დღემდე არ არსებობს. არ ჩატარებულა არცერთი ექსპერტიზა ესოდენ მასშტაბური მშენებლობისთვის ნიადაგისა და სანაპირო ზოლის ვარგისიანობაზე. თანამედროვე მსოფლიოში ამგვარი საფუძვლიანი მომზადების გარეშე მხოლოდ ქვიშის სახლებს თუ აშენებენ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში – თანამედროვე ქალაქებს.

მაგრამ მთავრობას ეს დიდად არ აღელვებს. ის ხვდება, რომ 2013 წლის შემდეგ ხელისუფლებაში ვეღარ დარჩება და დარჩენილ დროში თავისი ქვეყნიდან მაქსიმუმი უნდა გამოწუროს. გრანდიოზული მშენებლობა სწორედაც რომ შესანიშნავი საშუალებაა, რომ ერთი-ორი ათეული საბიუჯეტო მილიონი მიითვისოს და, სასურველია, ორიოდე მილიონი უცხოელი ინვესტორებისგანაც მიაყოლოს, მერე კი ეს თანხები „გაუთვალისწინებელ ხარჯებზე“ ჩამოწეროს.

თუმცა საეჭვოა, რომელიმე მსხვილმა ინვესტორმა ფული ჩადოს, თუ თავისი კაპიტალდაბანდების რისკების საექსპერტო შეფასება არ ექნება. აქ კი დასაფიქრებელი ნამდვილად ბევრია. ეკოლოგებმა უკვე ატეხეს განგაში.

როგორც მწვანეთა მოძრაობა „დედამიწის მეგობრების“ თანათავმჯდომარე, საქართველოს ეკოლოგიის ყოფილი მინისტრი ნინო ჩხობაძე მიიჩნევს, ეკოლოგიური რისკების შეფასებას წელიწად-ნახევრიდან სამ წლამდე დასჭირდება. მისი აზრით, ამ რაიონში ლანდშაფტის შეცვლამ შესაძლოა, ეკოლოგიური კატასტროფა გამოიწვიოს, რადგანაც ჭაობიანი რაიონი, სადაც ლაზიკა აშენდება, ზღვის დონეზე დაბლა მდებარეობს. „მთავრობას უნდა, მოსპოს დიუნები, რომლებიც ამჟამად ამ ადგილს შავი ზღვის წყლით დატბორვისგან იცავს. წყალმა შესაძლოა, ქუთაისამდეც კი მიაღწიოს“, – აღნიშნავს ქალბატონი ჩხობაძე.

ეკოლოგები ამ რაიონში ნიადაგის უწყვეტ ეროზიას აღნიშნავენ, ზღვა თანდათან უტევს და ნაპირს ახალ-ახალ მიწებს ართმევს. ამას ადგილობრივებიც ადასტურებენ. „სახლები წყალში დგას, კედლებს ხავსი მოედო. ზღვა ჩვენი სახლიდან შორს იყო, მაგრამ ნელ-ნელა მოგვიახლოვდა და ახლა 500 მეტრზეა“, – ამბობს ახლომდებარე ქალაქი ფოთის მცხოვრები ნელი ქოიავა.

ამ თვალსაზრისით, ლაზიკამ შესაძლოა, დატბორილი კრიმსკის ბედი გაიზიაროს, რომელიც საბჭოთა ხელმძღვანელობის ვოლუნტარისტული გადაწყვეტილებით პატარა დასახლების ადგილზე გაშენდა. ეს გადაწყვეტილება ადგილობრივი ლანდშაფტის თავისებურებების გაუთვალისწინებლად იქნა მიღებული, ხოლო მშენებლობის დასაბუთება ჩინოვნიკების სურვილებს უკვე შემდგომ მოარგეს. ბუნებასთან აგდებულმა დამოკიდებულებამ, ეკოლოგიური ნორმების იგნორირებამ ათეულობით წლის შემდეგ ტექნოგენური ხასიათის კატასტროფა გამოიწვია. სააკაშვილის ამბიციების გათვალისწინებით – რომ ახალი ქალაქის მოსახლეობამ 500 ათას ადამიანს უნდა მიაღწიოს, ლაზიკაში კატასტროფის მასშტაბებმა შესაძლოა 10-ჯერ გადააჭარბოს რუსულ კრიმსკში მომხდარი წყალდიდობის შედეგებს.

გარდა ამისა, ეკოლოგიის სფეროს ბევრი ექსპერტი თანხმდება იმაში, რომ ქალაქის მშენებლობა და ჭაობის დაშრობა განადგურების საფრთხეს შეუქმნის კოლხეთის ეროვნული პარკის უნიკალურ ეკოსისტემას, რომლის ტერიტორიაზეც გაშენდება ლაზიკა. ნაკრძალში შენარჩუნებულია მცენარეთა უნიკალური სახეობები, რომლებიც ევროპაში უკვე აღარსად გვხვდება. პალიასტომის ტბის გარშემო ბინადრობს იშვიათი ფრინველების 45 სახეობა, ხოლო მილიონობით გადამფრენი წყლის ფრინველი აქ მიგრაციის დროს ისვენებს. გარდა ამისა, მნიშვნელოვან კლიმატურ ფუნქციას ასრულებს ტორფნარები, რომლებითაც მდიდარია ადგილობრივი ნიდაგები. წვიმის დროს ტორფი ღრუბელივით ისრუტავს წყლის დიდ რაოდენობას და გვალვის დროს ნიადაგს გამოშრობისგან იცავს.

კოლხეთის ეროვნული პარკი მართლაც მსოფლიო მნიშვნელობის ნაკრძალია და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეტანის კანდიდატად არის დასახელებული. 1992 წელს საქართველომ მსოფლიო საზოგადოებრიობის წინაშე ბუნების ამ ძეგლის დაცვის ვალდებულება იკისრა, ხელი მოაწერა რა საერთაშორისო კონვენციას მსოფლიო ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ. გარდა ამისა, 1997 წლიდან ამ ადგილებს იცავს რამსარის კონვენცია საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე წყალჭარბი ტერიტორიების შესახებ. თუმცა კონვენცია, რომლის დაცვაზე ზედამხედველობა შვეიცარიიდან ხორციელდება, დამრღვევებისთვის სანქციებს არ ითვალისწინებს, ის აფრთხილებს, რომ მათ შესაძლოა დაემუქროს „პოლიტიკური და დიპლომატიური დისკომფორტი და საერთაშორისო საზოგადოებრიობის ან მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მკვეთრი რეაქცია“.

როგორც ჩანს, სააკაშვილს მგავსი „წვრილმანები“ არ აშფოთებს... თავისი აკვიატებული იდეის განხორციელებისთვის და საზღვარგარეთ საკუთარი საბანკო ანგარიშების შესავსებად ის მზად არის, არაფრად ჩააგდოს თავისი ქვეყნის ეროვნული მონაპოვარი, რომ არაფერი ვთქვათ ეკოლოგიის სფეროში საერთაშორისო ვალდებულებებსა და შეთანხმებებზე.

ვანო დუმბაძე – სპეციალურად „საქინფორმისათვის“