თბილისი, 22 აგვისტო, საქინფორმი. ბიძინა ივანიშვილის ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსპიკერ მაია ფანჯიკიძის განცხადებით, კოალიცია წინასაარჩევნო პერიოდში პარტიათა იმ მოდიფიცირებულ ქცევის წესებს უერთდება, რომლებიც სამოქალაქო კამპანია „ეს შენ გეხებამ“ ხელახლა შესთავაზა პარტიებს ხელმოსაწერად.
ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ დაცული უნდა იყოს ყველა ის პუნქტი, რომლებიც წინ უძღვის ამ დასკვნით დებულებას და მათგან ძალიან ბევრი დღეს უკვე არ სრულდება კოალიციის მომხრეების დაჭერის, მომხრეებზე ზეწოლის და მათ წინააღმდეგ განხორციელებული ტერორის გამო.
„მიუხედავად ამისა, საარჩევნო ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნება“ უერთდება ამ დოკუმენტს და ხელს აწერს მასზე“, – აღნიშნა მან.
თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც აქტიური დისკუსია მიმდინარეობს ქცევის წესებზე შეთანხმების საჭიროების შესახებ, რისკენაც საარჩევნო სუბიექტებს გასულ კვირას საქართველოში აკრედიტებული ელჩების ჯგუფმაც მოუწოდა, თუმცა ჯერჯერობით არ არსებობს ორივე ძირითადი პოლიტიკური ძალის მიერ ხელმოწერილი რაიმე ერთიანი დოკუმენტი.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ განაცხადა, რომ ის არ აპირებს, ხელი მოაწეროს „ეს შენ გეხებას“ ბოლო შეთავაზებას, ვინაიდან დასკვნითი ფორმულირება შესაძლებლობას აძლევს „ქართულ ოცნებას“, არ აღიაროს არჩევნების შედეგები მის მიერ ქცევის რიგი წესების დარღვევის გამო.