თბილისი, 22 აგვისტო, საქინფორმი. 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი დავით გამყრელიძე პარტიის სიის პირველი ნომერი და პრემიერმინისტრობის კანდიდატი იქნება.
ცნობისათვის: დავით გამყრელიძე ცხრა წლის წინ პარტიის დაფუძნებიდანვე ყველა არჩევნებში მონაწილეობდა. ის პრეზიდენტობის კანდიდატი იყო 2008 წლის რიგგარეშე არჩევნებში, სადაც ხმათა 4% დააგროვა; ხოლო იმავე წლის საპარლამენტო არჩევნებში ვაკეში გამარჯვებული მაჟორიტარი გახდა 48.61%-ით, თუმცა მანდატზე უარი თქვა.
„ჩვენთვის 2012 წლის არჩევნები მართლაც მიჯნას წარმოადგენს, როცა საქართველოში უნდა დამთავრდეს ანომალიური პოლიტიკური პროცესი და დაიწყოს ჯანსაღ კონკურენციაზე დაფუძნებული მშვიდობიანი პოლიტიკის ეპოქა“, – განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ფიქრია ჩიხრაძემ.
შეგახსენებთ: „ახალი მემარჯვენეები“ ბოლო რამდენიმე თვეა, აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას ატარებს და უკვე წარადგინს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები რეგიონებში. მათი საარჩევნო პროგრამის სლოგანია „შეძლებული ოჯახი სოფლად და ქალაქად“, ხოლო კამპანიის დევიზია „არა – მონოპოლიებს!“
აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის დაკვეთით ივნისში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, „ახალი მემარჯვენეები“ იმ ათ პარტიას შორის არის, რომელთა პარტიული რეიტინგები ჯამურად 1%-ს შეადგენს.