საქინფორმის სტუმარია – პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პრეზიდენტი ქალთა საერთაშორისო ასოციაციისა „ქალები საუნივერსიტეტო განათლებით“, ქალთა სამოქალაქო მოძრაობა „თამარიონის“ მთავარი საბჭოს წევრი, ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი, პროფესორი თამარ კიკნაძე.
– ქალბატონო თამარ, თქვენ არაერთი ორგანიზაციის დამფუძნებელი და წევრი ბრძანდებით. ქალთა სამოქალაქო მოძრაობა „თამარიონისაც“, რომელმაც 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტის წინ თავსხმა წვიმაში პირველმა მოაწყო ქალთა მრავალათასიანი აქცია. საბჭოს წევრები 26 მაისის მოვლენების საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით ათასობით ხელმოწერებითა და აქციის მონაწილეთა დელეგირებით ქალბატონ კერვალიშვილსაც შეხვდნენ პარლამენტში, თუმცა პასუხი დღემდე არ მიგიღიათ. რისთვის შეიქმნა ეს ორგანიზაცია, რას აპირებს „თამარიონი“ სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის თვალსაზრისით და რა გეგმები გაქვთ მომავალში?
– ქართველი ქალების წინაშე დღეს ძალიან სერიოზული პრობლემები დგას, რომლებიც ქვეყნის პრობლემების შემადგენელი ნაწილია. ეს არის უკიდურესად მძიმე სოციალური მდგომარეობა, ქალების მიგრაციის ძალიან მაღალი პროცენტი, ცუდი საკანონმდებლო ბაზა, დემოგრაფიული თუ განათლების პრობლემები. რომელი ერთი ჩამოვთვალოთ. ისიც ცნობილი ფაქტია, რომ, თუ ქვეყანაში საქმე ცუდადაა, ქალები ორმაგად უფრო ცუდ მდგომარეობაში არიან, რადგანაც მათში ქალური ინსტინქტი იღვიძებს და საკუთარი თავის მსხვერპლად შეწირვის ხარჯზე თავიანთი ახლობლების გადარჩენას ცდილობენ.
მოგეხსენებათ, საქართველოში ქალთა ბევრი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ქალთა პრობლემატიკის წინ წამოწევასა და გენდერული ბალანსისათვის ბრძოლაში, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ისინი სრულად ვერ ახერხებენ საქართველოს ქალთა ინტერესების აგრეგაციას, რამეთუ, ძირითადად, უცხოური ფონდებიდან ფინანსდებიან და მათი ინტერესის სფეროში არსებული პროგრამების რეალიზაციით არიან დაკავებული.
„თამარიონის“ შექმნა სწორედ არსებულმა რთულმა სოციალურმა და პოლიტიკურმა მდგომარეობამ განაპირობა, რომელსაც ბიძგი 26 მაისის მოვლენებმა მისცა. იგი თავის რიგებში მაღალი კვალიფიკაციის მქონე სხვადასხვა სპეციალობის, მათ შორის, მეცნიერ ქალებს აერთიანებს, რომელთაგანაც ბევრი არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერიცაა. ამიტომაც „თამარიონმა“ სახალხო მოძრაობის სახე მიიღო, რომელმაც 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტის წინ, როგორც თქვენ აღნიშნეთ, თავსხმა წვიმაში პირველმა მოაწყო ქალთა მრავალათასიანი აქცია 26 მაისის მოვლენების საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნითა და ათასობით ადამიანის ხელმოწერით. საბჭოს წევრები ქალბატონ კერვალიშვილსაც შეხვდნენ. მიუხედავად იმისა, რომ პასუხი დღემდე არ მიგვიღია, ეს აქცია ქალთა სამოქალაქო აქტივობის მნიშვნელოვანი გამოხატულება იყო, რამაც საფუძველი მოგვცა, ვიფიქროთ, რომ ქალთა მოძრაობას შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ობიექტური, მიუკერძოებელი სამოქალაქო საზოგადოების აქტივიზაციის საქმეში.
– როგორც თავმჯდომარეს ორგანიზაციისა „ქალები საუნივერსიტეტო განათლებით“ მინდა, გკითხოთ, განათლების გერმანული მოდელი (რომელსაც დღეს „საბჭოურს“ უწოდებენ), რამაც მსოფლიო მნიშვნელობის ამდენი მეცნიერი, გამომგონებელი და, უბრალოდ, განათლებული ადამიანი მისცა მხოლოდ საქართველოს, ნუთუ მართლაც ისეთი უვარგისი იყო, რომ ასე ხელაღებით უარყო ახალმა ხელისუფლებამ და განათლების სისტემამ?
– გეთანხმებით, რომ განათლების მოდელი, რომელსაც დღეს „საბჭოურს“ უწოდებენ, სინამდვილეში ფუნდამენტური მეცნიერებების განვითარებაზე ორიენტირებული გერმანული მოდელი იყო. დასავლეთის მეცნიერები აღიარებდნენ მის უპირატესობას და ლაპარაკობდნენ ე.წ. კონვერგენციაზე, რაც დასავლური და საბჭოთა განათლების მოდელების შერწყმას გულისხმობდა. საქართველოს, რომელიც ტოტალიტარული ქვეყნის შემადგენელი ნაწილი იყო, ჰქონდა იმის ფუფუნება, რომ განევითარებინა ფუნდამენტური მეცნიერებები და შეექმნა მსოფლიოში აღიარებული მეცნიერული სკოლები (ფიზიკის, მათემატიკის, ფსიქოლოგიის, ფილოსოფიის, ფიზიოლოგიის და სხვ.). საქართველო საბჭოთა კავშირში პირველ ადგილზე იყო პროცენტულად ერთ სულ მოსახლეზე მეცნიერებათა დოქტორების, მეცნიერებათა კანდიდატების, უმაღლესი განათლების მქონე ადამიანების, ბიბლიოთეკებისა და სხვადასხვა მაჩვენებლის მიხედვით. ჯერ კიდევ შემორჩა ამ სკოლების „უკანასკნელი მოჰიკანები“, რომელთაგანაც, ვინც საზღვარგარეთ განერიდა საქართველოში მიმდინარე პროცესებს, „ჩარეცხვას“ გადაურჩა, ხოლო ვინც სამშობლოში დარჩა, დამცირების, ანგარიშსწორებისა და უსახსრობისათვის განწირული აღმოჩნდა. მათი ადგილი საეჭვო კვალიფიკაციის ახალგაზრდა ე.წ. დოქტორებმა დაიკავეს, რომელთათვისაც პროფესორობა ისეთი ადვილად მისაღწევი აღმოჩნდა, რომ მათ ვერც კი შეიგნეს და შეითვისეს ამ სიტყვის მნიშვნელობა, დატვირთვა და პასუხისმგებლობა.
დღეს საქართველოში მომრავლდა მოკლევადიან შედეგზე ორიენტირებული უმაღლესი სასწავლებლები, რომლებიც ამზადებენ ეკონომისტებს, ბანკირებს, დიპლომატებს, ბიზნესის მენეჯერებს (ბიზნესის არარსებობის პირობებში). ადრე თუ სიამაყით ამბობდნენ – ჩემი შვილი ასპირანტიაო, დღეს სიამაყის საგანია ბანკში კლერკად მუშაობა; იმ ბანკში, რომელიც საქართველოს მოსახლეობას უმოწყალოდ აჩანაგებს. ასეთი ტენდენცია დამღუპველია 21-ე საუკუნეში – მერიტოკრატიის ეპოქაში. ქართველ ხალში, რომელიც უდავოდ ნიჭიერია, გენეტიკურად არის კოდირებული განათლებისკენ სწრაფვა. დღევანდელ სინამდვილეში კი მიზანმიმართულად ხდება განათლების ხარისხის დაცემა და ღირებულებების აღრევა.
– საერთაშორისო ორგანიზაციებიდან არასამთავრობო ორგანიზაციებს არაერთხელ გვსმენია, რომ იმის გამო, რომ ქართულ ფოლკლორში მართლმადიდებლობის თემა გამოკვეთილად არ სჩანს – ეკლსიისადმი ასეთი მაღალი რეიტინგი „გაბერილი და ხელოვნურად გაზრდილიაო“...
– მართლმადიდებლობა ყოველთვის დიდ როლს თამაშობდა ქართველთა ცხოვრებაში. კარგად მოგეხსენებათ, იგი ქართველთა იდენტობის განმსაზღვრელიც კი იყო. ხშირად გვსმენია და წაგვიკითხავს – ქართველი, ესე იგი – მართლმადიდებელი; კათოლიკე, ესე იგი – ფრანგი, მუსულმანი, ესე იგი – თათარი... თუ ისტორიას გადავხედავთ, სარწმუნოებისათვის ბევრი წამებული გმირიც გვყავს – მარტო ქეთევან წამებული რად ღირს! დღეს ეკლესიას საკმაოდ მაღალი რეიტინგი აქვს, რაც სხვადასხვა მიზეზით არის გამოწვეული – ეს არის ჩვენი პატრიარქის მაღალი ავტორიტეტი. გარდა ამისა, როდესაც ამდენი პრობლემა და გაუსაძლისი ცხოვრებაა, ბუნებრივია, ადამიანები ღმერთის იმედად არიან. ზოგიერთ დასავლეთელ იდეოლოგს მიაჩნია, რომ მართლმადიდებლობა, ისევე, როგორც ისლამი, ხელს არ უწყობს დემოკრატიული პროცესების განვითარებასა და ინსტიტუტების მშენებლობას, რაც მე მცდარ პოსტულატად მიმაჩნია, რადგანაც შეიძლება შენი თვითმყოფადობა შეინარჩუნო და დემოკრატიული ქვეყანაც აშენო. ამის საუკეთესო მაგალითია, თუნდაც, იაპონია.
რაც შეეხება ქართველ ქალს, ოდითგანვე ცნობილია, რომ ჩვენი ისტორია მდიდარია გამოჩენილ ქალთა სახელებით. მათი დედობა, მამულისთვის თავდადება, ფიზიკურ მშვენიერებასთან შერწყმული პატიოსნება, მაღალი ზნეობა სამშობლოს სინდისის სიმბოლო იყო. ქართველი ქალები არა მარტო ოჯახურ საქმიანობას ეწეოდნენ, არამედ მძიმე ჟამს აქტიურად მონაწილეობდნენ ქვეყნის დაცვასა და მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში. დღესაც, როდესაც ქვეყანაში გაუსაძლისი ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობაა, ისინი გადახვეწილნი არიან უცხო ქვეყნებში სარჩო-საბადებლის საძიებლად და არაადამიანური ყოფისა და შრომის საფასურად სამშობლოში მყოფ ოჯახებს ინახავენ.
საქართველო კარგავს განათლებული და ნიჭიერი ქალების მნიშვნელოვან სეგმენტს, ოჯახები დედებისა და ცოლების გარეშე რჩებიან, რაც მათ მოშლას იწვევს. ოჯახი კი, მოგეხსენებათ, სახელმწიფოს ფუნდამენტია.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ ქალებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი როლი ითამაშონ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში და დღეს ის ჟამია, როდესაც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა წარმოაჩინოს თავისი პოტენციალი, რასაც „თამარიონი“ ყოველმხრივ შეუწყობს ხელს.
– ქალბატონო თამარ, რამდენად მიესადაგება და სრულდება ადამიანის უფლებების დაცვის ის პრინციპები ქართულ რეალობაში, რომლის სახელითაც დღევანდელი რეჟიმი ასე გამუდმებით აპელირებს. საჭიროებენ თუა არა ნებისმიერი ე.წ. უმცირესობები ასეთ დაცვას საქართველოში? ხომ არ არის ეს ხელოვნურად შექმნილი პრობლემები, რათა რიგმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა უცხოეთის დონორი ორგანიზაცებიდან გრანტები და ფულადი დახმარებები მიიღონ?
– ბუნებრივია, ყველა ქვეყანა თავისი ეროვნული ინტერესების გატარებაზე ფიქრობს განუხრელად იმისა, ეს ქვეყანა დემოკრატიულია თუ არა. საქართველოს ხელისუფლება ქართული სახელმწიფოს ინტერესებზე უნდა ზრუნავდეს. საქართველოში მცხოვრები უმცირესობებიც, რათქმა უნდა, დისკრიმინირებულნი არ უნდა იყვნენ და საქართველოს სრულუფლებიან მოქალაქეებად უნდა იგრძნონ თავი, მაგრამ, ამავე დროს, ისინი საქართველოს პატრიოტები უნდა იყვნენ, სრულყოფილად უნდა ფლობდნენ ქართულ ენას, ჩართულნი უნდა იყვნენ ჩვენი ქვეყნის სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში და არ უნდა აღვივებდნენ სეპარატისტულ განწყობებს. ხელისუფლების ნების შემთხვევაში ამის მიღწევა შესაძლებელია, მაგრამ, სამწუხაროდ, ხელისუფლების მხრიდან ასეთი ნება არ იგრძნობა – ლაპარაკობენ უმცირესობების უფლებებზე, როდესაც ქვეყანაში დარღვეულია საქართველოს ყველა მოქალაქის უფლება.
– პუტინმა, რომლის რეჟიმიც მისგან საქართველოს მიწების ოკუპირებისა და დასავლეთის რიგი სახელმწიფოების მიერ სხვადასხვა მიზეზის გამო ანტიდემოკრატიულად არის გამოცხადებული, რუსეთში უფასო უმაღლეს განათლებას მიანიჭა პრიორიტეტი და ეს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ახსნა. ქართული განათლების სისტემის რეფორმირებისთვის მსოფლიო ბანკმა 60 000 000 დოლარი გამოყო. ჩვენთან ანტიპუტინისტურ-ანტირუსული პოლიტიკა მიმდინარეობს, თუმცა საშუალო სკოლების დონეზეც და უმაღლესებშიც განათლება ფასიანია და ხარისხიან ცოდნას ვერც მოზარდი და ვერც სტუდენტი ვერ იღებს. რა არის ამის მიზეზი?
– რუსეთი დიდი და ბუნებრივი რესურსებით ძალიან მდიდარი ქვეყანაა. მას თავისი უამრავი პრობლემა აქვს, მაგრამ არც იმდენი, როგორადაც ჩვენი ხელისუფლება გვიხატავს. სამთავრობო არხებს რომ მოუსმინო, დაგრჩება შთაბეჭდილება, რომ ხვალ რუსეთი დაინგრევა და დაიშლება.
სამწუხაროდ, ჩვენმა ხელისუფლებამ აიღო ძალიან ცუდი გეზი – საკუთარი ქვეყნის კეთილდღეობაზე ზრუნვის ნაცვლად, რუსეთის დანგრევაზე ზრუნვა, ანუ დესტრუქციული ფუნქცია, რაც შეიძლება ძალიან ცუდი შედეგით დამთავრდეს. ერთხელ ეს უკვე ვიწვნიეთ.
შეცდომად მიმაჩნია რუსული ენის დისკრიმინაციაც, რადგანაც რუსული საკონტაქტო ენაა პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან. გარდა ამისა, რუსეთი უახლოესი მეზობელია და მტერია თუ მოყვარე, მისი ენა უნდა იცოდე, მით უმეტეს, თუ თვლი, რომ იგი შენ ამდენ პრობლემას გიქმნის. მაგრამ დღეს ანტირუსული ისტერიკა ტექნოლოგიის შემადგენელი ნაწილია და საქართველოს სასიკეთოდ არ მოქმედებს.
– რამდენადაც რუსეთს და, ფაქტობრივად, პოლიტიკასაც შევეხეთ, რას ფიქრობთ, როგორ უნდა განვითარდეს რუსეთსა და ჩვენ შორის ურთიერთობა? თქვენ კი, ამხელა პოტენციალის, განათლებისა და გარეგნობის მქონე ქალბატონი (პოლიტიკაში გენდერული თანასწორობის საერთაშორისო მოთხოვნის გათვალისწინებით), პოლიტიკაში ან რომელიმე პარტიაში შესვლას ხომ არ ფიქრობთ? თქვენისთანა კადრი ნებისმიერ პარტიას ბევრს შეჰმატებდა და დაამშვენებდა...
– რუსეთთან აუცილებლად უნდა გამოინახოს საერთო ენა ინტერესების თანხვედრის ხარჯზე. მე ვთვლი, ეს შესაძლებელია, თუ გატარდება პრაგმატული და საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე პოლიტიკა.
სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლება ანტირუსულ ისტერიკას აღვივებს და არაფერს გვთავაზობს პრობლემის მოსაგვარებლად. ხელისუფლება სახელმწიფოს სწორედ პრობლემების მოსაგვარებლად და არა მათ შესაქმნელად სჭირდება. დღევანდელმა ხელისუფლებამ კი უამრავი პრობლემა შეუქმნა ქვეყანას.
რაც შეეხება ჩემს გეგმებს, დღეისთვის ვასწავლი რამდენიმე უმაღლეს სასწავლებელში, ვარ ქალთა საერთაშორისო ორგანიზაციის – „ქალები საუნივერსიტეტო განათლებით“ – საქართველოს ასოციაციის პრეზიდენტი და „თამარიონის“ გამგეობის წევრი, ვეწევი სამეცნიერო საქმიანობას. არ გამოვრიცხავ პოლიტიკურ საქმიანობასაც.
ესაუბრა ბაია ამაშუკელი
საქინფორმი