ივანიშვილი მოსახლეობის კითხვებს პირდაპირი ტელეეთერით უპასუხებს

თბილისი, 20 აგვისტო,
საქინფორმი. კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერ ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობით ტელეხიდი მოეწყობა. როგორც კოალიციის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, ინიციატივა „TV 9“-ს ეკუთვნის. ტელეკომპანიამ წინადადებით „ქართულ ოცნებას“ უკვე მიმართა.
ფანჯიკიძის განმარტებით, პროექტი საქართველოს მასშტაბით ოთხი სტუდიის მოწყობას გულისხმობს, საიდანაც ერთ სტუდიაში თავად ბიძინა ივანიშვილი იქნება, დანარჩენ სამში კი – საქართველოს მოსახლეობა, რომელთა კითხვებსაც კოალიციის ლიდერი უპასუხებს.
ფანჯიკიძის ინფორმაციითვე, ტელეხიდი „TV 9“-ის პირდაპირ ეთერში გადაიცემა, თუმცა მასში მონაწილეობას კოალიცია სხვა მაუწყებლებსაც სთავაზობს.