პუბლიკაციები
დეიდა ნინა თბილისიდან: „მოსკოვი, მოთხოვნამდე“ (წერილი მეორე)

1-anons-ninaსალამი, ძვირფასო!

ისევ დეიდა ნინა გწერს თბილისიდან. როგორ ხარ? ჩვენთან ძალიან ცხელა, მაგრამ ქალაქიდან გასვლის არანაირი საშუალება არ გვაქვს. წარმოიდგინე, საქართველოში დასვენება უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე მეზობელ თურქეთში... მართლაც გასაოცარია! ჩვენი მთავრობა გამუდმებით ტრაბახობს მილიონობით ტურისტით, სინამდვილეში კი, მაგალითად, აჭარაში საკურორტო სეზონი ჩავარდა. ახლა მიშამ რუსეთთან საზღვარზე კაზინოს აშენება მოიფიქრა და იმედი აქვს, რომ მთელი რუსეთი ყაზბეგში ივლის „რულეტკის“ სათამაშოდ! იქნებ შენც ჩამოხვიდე?

ვხუმრობ, ფულზე თამაში საძაგლობაა... არ მახსოვს, მოგწერე თუ არა, რომ ძველ თბილისში სიონის საკათედრო ტაძრის გვერდით უზარმაზარი კაზინო „შანგრილა“ წამოჭიმეს. სისაძაგლე და საზიზღრობაა! რამდენმა ადამიანმა დაკარგა ქონება და უსახლკაროდაც კი დარჩა ამ კაზინოების გამო! ხომ იცი, მე, როგორც ჩვენი თაობის უმრავლესობა, ათეისტურად აღვიზარდე. ღმერთი არ მწამდა, მაგრამ სინდისი მქონდა. ჩვენ ასე გვზრდიდნენ. გვასწავლიდნენ, რომ ადამიანი ადამიანის ძმა, მეგობარი და ამხანაგია. როდესაც გვეუბნებოდნენ, რომ კაპიტალიზმში ადამიანი ადამიანისთვის მგელია, სიმართლე გითხრა, არ მჯეროდა, ჰოდა, ახლა საკუთარ ტყავზე გამოვცადეთ, რა ხვითოცაა ეს მგლისსახიანი კაპიტალიზმი.

სხვების დასანახავად პირჯვრის წერა აქამდე ვერ ვისწავლე. ზოგჯერ ეკლესიაში შევდივარ, სანთელს ავანთებ, ვილოცებ ჩემთვის, ჩუმად, მაგრამ საკუთარი მოძღვარი არ მყავს. პატრიარქს პატივს ვცემ, ის ყოველთვის სწორ რაღაცებს ამბობს, მაგრამ ვინ უსმენს? აი, ამასწინათ საკვირაო წირვაზე შეაგონებდა მრევლს და, პირველ რიგში, პოლიტიკოსებს, არ ესროლათ ერთმანეთისთვის ტალახი, მათ კი ერთი კვირის შემდეგ ქვების სროლა დაიწყეს!  კახა კალაძე ხომ იცი, ფეხბურთელი, მილანში რომ თამაშობდა, ახლა კი ივანიშვილის თანამოაზრე გახდა; ჰოდა, კარალეთში ჩავიდა სამხრეთ ოსეთელებთან  შესახვედრად (ენა არ მიბრუნდება, მათ დევნილები ვუწოდო), მიშას მომხრეებმა კი ქვები დაუშინეს!

ახლა კი ყველა ანგარიში დაუყადაღეს ფულის გათეთრების თუ საარჩევნო კამპანიის უკანონოდ დაფინანსების საბაბით. ასეთი საქმეებიდან ძალზე შორს ვარ, მაგრამ ჩემთვისაც კი გასაგებია, რომ მას, უბრალოდ, სამაგალითოდ სჯიან – რაში სჭირდება ივანიშვილს მისი ფული? საკუთარი მილიარდები არ ჰყოფნის? მე მგონი, სააკაშვილი მასზე პირადად არის განაწყენებული – ადრე ხომ მეგობრობდნენ.

საერთოდ, მიშას ამ ბოლო დროს რაღაცები არ გამოსდის. ჩვენთან ბევრს წერენ იმის შესახებ, რომ რეგიონებში მასთან შეხვედრებზე ფასიანი მომხრეები ჩაჰყავთ, რომლებიც ტელეკამერების წინ დაუოკებელ სიხარულს და „მადლიერების გრძნობას“ გამოხატავენ (ხომ გახსოვს, საბჭოთა დროში როგორ იყო, ახლაც ზუსტად ასეა). საქმე იქამდე მივიდა, რომ მან თავად ილაპარაკა ამაზე და უარყო ამ სიხარულით აღსავსე ორგანიზებული შეხვედრების არსებობა. ჰოდა, იმას გეუბნებოდი, მიშას მომხრეთა შეკრულ რიგებში უცხოს არ აკარებდნენ, ერთხელ კი დაბრკოლებების მიუხედავად პრეზიდენტისათვის გადაცემული წერილებიც აჩვენეს, ერთ-ერთ ავტობუსში გროვად რომ ეყარა.

ახლა წინასაარჩევნო პერიოდია და მიშამ კვლავ მოუხშირა რეგიონებში სიარულს. ამასწინათ ერთი გაუბედურებული ბებია, რომელსაც ოთხი ინვალიდი შვილიშვილი ჰყავს საპატრონო, შეეცადა, მიშასთან მიეღწია. მისმა ორმა თანასოფლელმა კუნთმაგარმა ბიჭმა (გამოიცანი, ვისი მომხრეები იქნებოდნენ?) ხელები გადაუგრიხა და სადღაც გაათრიეს. სხვა შემთხვევებისაგან განსხვავებით, ეს ყველაფერი ტელეკამერამ აღბეჭდა და ამას სკანდალი მოჰყვა. სხვა დროს მიშა მიაფურთხებდა ამ ინციდენტს, მაგრამ ივანიშვილი „ქუსლებზე აბიჯებს“, თან მოხუცთან ბრძოლაც მეტისმეტად უსანდომოდ გამოიყურებოდა და ის მეორე დღესვე პირადად გამოცხადდა იმ საცოდავთან. ეხვეოდა და ბოდიშს უხდიდა, ყველაფერს ჰპირდებოდა, რაც კი შესაძლებელია და ისიც თქვა, ვერავინ გაბედავს უბრალო ადამიანსა და მის მიერ არჩეულ პრეზიდენტს, ანუ ჩემ შორის ჩადგომასო!

საერთოდ, მიშას სჩვევია, გადაჭრით უარყოს ისეთი რამეები, რაც სისტემატურად ხდება. თავად განსაჯე: ინციდენტის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ხალხსა და პრეზიდენტს შორის ყრუ კედელია აღმართული, ის კი იფიცება, ხალხსა და ჩემ  შორის ვერავინ ჩადგებაო!  აღმაფრთოვანებელია, არა? ერთი კერა კი ჩააქრო, მაგრამ მაშინვე გამოირკვა, რომ ერთი თვის წინ ასეთივე შეხვედრის დროს სხვა ქალბატონს სცემეს, რომელსაც მიშასთან მიახლოება სურდა. პოლიციელებმა მას ხელი სტაცეს, საკუთარ სახლში შეათრიეს და ქალიშვილის თვალწინ სასტიკად გაუსწორდნენ. მისი თანასოფლელები ახლა ამ ინციდენტის გამოძიებას მოითხოვენ.

სულ ახლახან კი მიშა თელავში ჩავიდა საბავშვო მოედნის გასახსნელად. სტიქიის მერე იქ არცერთ სახლს სახურავი აღარ შერჩა, იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ მთელი მოსავალი დაიღუპა. და აი, ამ საზარელი სურათის ფონზე პრეზიდენტი სკვერს ხსნის! მამაკაცები, რა თქმა უნდა, დუმდნენ, ისევ ქალმა გაბედა პრეზიდენტისთვის პირში ეთქვა: „ჰკითხეთ ჩემს 5 წლის შვილს, რა უფრო მნიშვნელოვანია მისთვის – სკვერი თუ თავზე ჭერი?!“ მიშამ სხაპასხუპით უპასუხა, რომ შესანიშნავად ესმის მისი, ყველაფრის გაკეთებას დაჰპირდა და სწრაფად მოშორდა იქაურობას.

გეუბნები, რაღაც არ აქვს რიგზე. რამდენიმე თვის წინ მახათას მთაზე ტაძარს საძირკველი ჩაუყარეს და მიშა ისეთ მდგომარეობაში მივიდა, ფეხზე ძლივს იდგა – მთვრალი იყო თუ კიდევ რაღაც... ბოლოს და ბოლოს, პატრიარქის სავარძელში ჩაებერტყა. ამასწინათ კი ამომრჩევლებთან შეხვედრაზე ჯანდაცვის მინისტრიც მთვრალი გამოცხადდა. ფხიზელიც ვერ არის სრულ ჭკუაზე, აქ კი ამ პატარა ცახესმა საკუთარ თავს აჯობა. ეგ სწორედ ის ფილოსოფოსია, რომელსაც ქალაქელებმა ფალოსოფოსი შეარქვეს. რაღაც ოპუსი შეთხზა (ჯერ კიდევ სანამ თბილისის მერი გახდებოდა), რომელშიც ქართული სუფრა ჰომოსექსუალისტების თავყრილობას შეადარა, ხოლო ქართლის დედაზე ეჭვი მიიტანა, რომ მისი დასაჭურისება ჰქონდა განზრახული (ხომ გახსოვს, მას ერთ ხელში ღვინის თასი უპყრია, მეორეში კი – ხმალი).

ვისთან ქეიფობდა, არ ვიცი, მაგრამ როცა ადამიანი მტრისთვის განკუთვნილ ხმალს მის დასაკოდ იარაღად აღიქვამს, ეს უკვე დიაგნოზია. ასე რომ, საქართველო, ვგონებ, ერთადერთი ქვეყანაა, რომელშიც ჯანმრთელობის დაცვას ღრმად დაავადებული ადამიანი განაგებს. თუმცა, იქნებ მან, უბრალოდ, აღიარა, რომ სწორედ ის არის საქართველოს მტერი?

საერთოდ, მინისტრები საქართველოში განსაკუთრებული თემაა. შეგიძლია წარმოიდგინო, რომ 28 წლის ახალგაზრდა ქალი, რომელიც კანადაში საცხობში მუშაობდა, შესაძლებელია ეკონომიკის მინისტრი გახდეს? ინებეთ – ჩვენ გვყავს ასეთი – ვერონიკა ქობალია. მართალია, ელემენტარულ არითმეტიკასთანაც ვერ მეგობრობს, მაგრამ მიშას ტურისტების მრავალმილიონიან ნაკადზე აბარებს პატაკს და ორივე ბედნიერია. ის ისე მარდად ყიდის სახელმწიფო შენობებს, თითქოს ისინი  ბაბუამ მემკვიდრეობით დაუტოვა.

სხვათაშორის, ბოლოს რაც გაყიდა თუ ყიდის (ზუსტად ცნობილი არ არის), პარლამენტის შენობაა – ყოფილი მთავრობის სახლი. არა, რა თქმა უნდა, პირადად თვითონ კი არა, არამედ როგორც მთავრობის წარმომადგენელი. მე ასე ვფიქრობ: რაღაცას ყიდი, როდესაც მისი მოვლა, შენახვა არ შეგიძლია – ანუ, როცა ხელმოკლე ხარ. არადა, ამავე დროს, ააშენეს პარლამენტის  ახალი შენობა ქუთაისში, რომელიც აშკარად უფრო ძვირი დაჯდა, ვიდრე ძველი. სასაცილო იქნებოდა, სატირალი რომ არ იყოს!

ახალი პარლამენტი ხომ გმირთა მემორიალის ადგილზე წამოჭიმეს. ის კი, უბრალოდ, ააფეთქეს. აფეთქების დროს დედა და შვილი – მცირეწლოვანი გოგონა – დაიღუპნენ, მაგრამ ამან ხელი ვერ შეუშალა „ხალხის რჩეულთ“, როცა ახალი სხდომათა დარბაზის ქათქათა იატაკზე დააბიჯებდნენ. სიჩქარეში, როდესაც ძველი საბჭოთა ტრადიციისამებრ (ნეტავ რატომ გადმოიღეს იმ ეპოქიდან მხოლოდ ყველაზე უარესი!), შენობის ჩაბარებას 26 მაისს მოითხოვდნენ, მშენებლობაზე მომუშავე კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა. ერთი სიტყვით, დაღუპული გმირებისთვის წართმეული მიწა მსხვერპლს ითხოვს.

რა საჭირო იყო ეს? ქუთაისში ან მის შემოგარენში ცარიელი მინდორი არ მოინახა? ასეთი რა აუცილებელი გახდა მემორიალის აფეთქება? ამაზე ბევრს ვფიქრობ. იქნებ ყველაფერი პირიქითაა? იქნებ მემორიალი კი არ ააფეთქეს ახალი პარლამენტის გულისთვის, არამედ ახალი პარლამენტი მოიგონეს, რომ მემორიალი აეფეთქებინათ?

ჰო, რატომაც არა, ჩვენ უკვე გამუდმებით თავს გვახვევენ, რომ მეორე მსოფლიო ომი ამერიკელებმა მოიგეს, რომ სტალინი და ჰიტლერი – ერთნაირი ბოროტებაა, რომ რუსეთი მტერია, ხოლო ამერიკა (და ბარემ თურქეთიც) – მეგობარი! ყველაფერი თავდაყირა დგება. არ ვიცი, მართალია თუ არა, მაგრამ მეზობლები ამბობდნენ, რომ ერთიან სახელმწიფო გამოცდებზე (მგონი, თქვენთანაც იგივე შემოიღეს) ტესტირებაზე ასეთი შეკითხვა ყოფილა: ავტობუსში ზიხართ, ამოდის ხანდაზმული ქალი. დაუთმობთ თუ არა ადგილს? პასუხის ვარიანტები იყო: დიახ, არა. მაგრამ იყო დასაბუთებაც. ჰოდა, სწორი პასუხია არა, იმიტომ, რომ მე ბილეთი მაქვს ნაყიდი!

როგორ მოგწონს ტესტი?! ბავშვების ცნობიერებიდან დევნიან იმას, რომ მოხუცს ადგილი უნდა დაუთმონ. თუ ქულების მოპოვება გსურს, სწორედ ასე უნდა უპასუხო, აქედან გამომდინარე – ცხოვრებაშიც ასე უნდა მოიქცე, რომ წარმატებას მიაღწიო! წარმატებული ადამიანები კი ჩვენთან (ისე, თქვენთანაც) სწორედ ისინი არიან, ვინც ტესტის სწორი პასუხი იცის და არასოდეს არავის არაფრის გულისთვის ადგილს არ დაუთმობს!

სხვათაშორის, იქნებ ამიტომაც გაჩნდა თბილისში უმაგალითო პასუხი ამგვარ მიდგომაზე: იმ დროს, როცა მგზავრობის ღირებულება 50 თეთრამდე გაიზარდა, ავტობუსიდან ჩამოსული ადამიანები უხმოდ აძლევენ თავიანთ ბილეთებს იმათ, ვინც ადის! ესეც შენი ტესტი! ხალხს ვერ აჯობებ!

თავი შეგაწყინე, მაგრამ რა ვქნა, თუკი გულში დარდი დამიგროვდა? მომწერე, ჩემო კარგო...

 

შენი დეიდა ნინა თბილისიდან