თბილისი, 16 აგვისტო, საქინფორმი. კოალიცია „ქარული ოცნების“ წარმომადგენელი ელისო ჩაფიძე სკანდალურ განცხადებას ავრცელებს სამართალდამცავი ორგანოების მიერ მასზე თავდასხმის მზადების თაობაზე.
„ადგილობრივი კუდ-ის თანამშრომლები იღებენ ჩემი ავტომობილის ფოტოებს ყოველი მხრიდან. მათ მიღებული აქვთ დავალება, მოიპოვონ მასალა, მანქანაში რომელ მხარეს ვჯდები, აგრეთვე, იმ პირების ფოტომასალა, ვინც ჩემ გვერდით ხშირად იმყოფება და ა.შ. რა თქმა უნდა, არსებობენ მოწმეები და მაქვს იმ თათბირის ჩანაწერი, რომელზეც ტყიბულის კუდ-ის უფროსი კობა შარვაძე თანამშრომლებს ავალებს, დეტალურად შეისწავლონ ჩემი გადაადგილების მარშრუტი, გაარკვიონ ჩემი ავტომობილის ტექნიკური მხარე, სად ვაყენებ ავტომობილს და რომელ მხარეს უფრო ხშირად ვჯდები. თუ ეს არის მცდელობა, შემაშინონ და ფსიქოლოგიური ზეწოლით ხელი ამაღებინონ დეპუტატის მანდატის მოპოვებისთვის ბრძოლაზე, მაშინ ნაციონალების გასაგონად ვაცხადებ, რომ ჩემი შეშინება არ გამოუვათ, რადგან არაფრის მეშინია! მეორე მხრივ, ისეთმა ბოროტმა ძალამ, როგორიც „ნაციონალური მოძრაობაა“, რომელსაც ადამიანის სიცოცხლე არაფრად უღირს, ადვილი შესაძლებელია, სიცოცხლის ხელყოფაც იკადროს“, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ელისო ჩაფიძე.
„ფრთხილი ადამიანი ვარ და სწორედ ამიტომ მოგაწოდეთ ეს ინფორმაცია. ამ ხელისუფლებას, რომელიც ტყიბულის დაქცევასა და განადგურებაშია მხილებული, რაში სჭირდება ისეთი პოლიტიკური კონკურენტი, რომელიც რამე დანაშაულში არ არის შემჩნეული? მათ ძალიან კარგად იციან, რომ ტყიბულში ჩემი გამარჯვება მათი კანდიდატის – პალიკო კუბლაშვილის, მხილებას ნიშნავს იმ კორუფციულ საქმიანობაში, რომლის გამოც მან პასუხი უნდა აგოს. ელისო ჩაფიძე არ არის მხილებული ტყიბულში შახტების გაყიდვაში, ხეტყის გაჩეხა-გაჩანაგებასა და ყველა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ობიექტის განადგურებაში. კუბლაშვილს კი დეპუტატობა იმისთვისაც სჭირდება, რომ შეინარჩუნოს ქონება, რომელიც მან და მისმა ოჯახმა „ნაციონალურ მოძრაობაში“ ყოფნისას დააგროვეს. „ნაციონალური მოძრაობის“ არცერთ კლანს იმდენი არ უშოვია, რამდენიც იშოვეს ძმებმა კუბლაშვილებმა მიხეილ სააკაშვილის დახმარებით“, – განაგრძობს რესპონდენტი.