თბილისი, 15 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს სახალხო დამცველი წინადადებით მიმართავს საქართველოს პარლამენტს, სათანადო ცვლილებები განახორციელოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, რომელიც საშუალებას მისცემს მესაკუთრეს, სასამართლოში გაასაჩივროს მის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე გამოყენებული ყადაღა.
„სახალხო დამცველმა საკუთარი ინიციატივით დაიწყო საზოგადოებისათვის კარგად ცნობილი რამდენიმე საქმის შესწავლა, რომელიც დაკავშირებული იყო „გლობალ კონსალტინგისა“ და სტუდია „მაესტროს“ საკუთრებაში არსებული სატელიტური ანტენების, ასევე, სხვადასხვა ფიზიკური და იურიდიული პირის საბანკო ანგარიშების დაყადაღებასთან. მსგავსი საქმეების შესწავლისას სახალხო დამცველი უფლებამოსილია, შეაფასოს მხოლოდ სასამართლოს მიერ საკითხის განხილვისას მხარეთა პროცესუალური უფლებების დაცვის საკითხი, ხოლო საკითხის გადაწყვეტისას მოსამართლის მიერ მტკიცებულებათა შეფასება სახალხო დამცველის კომპეტენციას სცდება“, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ხსენებულ საქმეთა განხილვისას საბანკო ანგარიშების დაყადაღება შეეხებოდა იმ პირთა ქონებას, რომლებიც სისხლის სამართალწარმოებისას მხარეს არ წარმოადგენდნენ (არ იყვნენ ბრალდებულნი); საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი კი ყადაღის გასაჩივრების უფლებას მხოლოდ მხარეს ანიჭებს.
სახალხო დამცველის აზრით, კანონმდებლობის მიერ საკითხის დაურეგულირებლობა (ის, რომ მესაკუთრე ვერ ასაჩივრებს საკუთარ ქონებაზე დადებულ ყადაღას) იწვევს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე (სამართლიანი სასამართლოს უფლება) და 21-ე (საკუთრების უფლება) მუხლების დარღვევას.