აქტუალური
თბილისი, 14 აგვისტო, საქინფორმი. დავით გამყრელიძემ, „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიის წინასაარჩევნო 4-წლიანი პროგრამის პრეზენტაცია გამართა. პროგრამის სათაური პარტიის მთავარი სლოგანია: „შეძლებული ოჯახი სოფლად და ქალაქად“.
მისი თქმით, გაწერილია პროგრამის ბიუჯეტიც და მასში თითოეული პრიორიტეტისთვის განკუთვნილი დაფინანსების წყაროცაა ასახული. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ხარჯების წილი 7-დან 1.5 პროცენტამდე უნდა შემცირდეს. „ჩვენ სახელისუფლებო და ოპოზიციურ პარტიებს მოვუწოდებთ, რომ პროგრამები ასე გაწერილად წარმოადგინონ“, – აღნიშნავს მემარჯვენეთა ლიდერი და თითოეული საკითხის შესახებ მათ დებატებზე იწვევს.
„ახალი მემარჯვენეები“ გამარჯვების შემთხვევაში სოფლის მეურნეობის დაფინანსების 0.5%-დან 2%-დე გაზრდას აპირებენ. როგორც დავით გამყრელიძე აღნიშნავს, ყველა სოფელში, სულ მცირე, თითო საწარმო უნდა შეიქმნას. ხოლო იმისთვის, რომ მეწარმეებმა საქმიანობის პროგნოზირება შეძლონ, გამყრელიძის თქმით, „საგადასახადო კოდექსი“ ორგანულ კანონთა ნუსხაში უნდა შევიდეს.