ეძღვნება ომი 08.08.08. მეოთხე წლისთავს...
2007 წლის 22-დან 27 აპრილის ჩათვლით „საქინფორმის“ მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი (იმ დროს – გაზეთ „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორის პირველი მოადგილე) რუსეთის უმსხვილესი საინფორმაციო სააგენტო „РИА НОВОСТИ“-ს მიწვევით მოსკოვში იმყოფებოდა, სადაც გაიმართა მისი შეხვედრები რუს პოლიტიკოსებთან, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეებთან, პოლიტოლოგებთან.
მაშინ უკვე დაძაბული რუსულ-ქართული ურთიერთობის გათვალისწინებით, ოფიციალური მოსკოვი სხვადასხვა გზით, მათ შორის, ქართული საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენელთა მეშვეობით ცდილობდა, მესიჯი გაეგზავნა საქართველოს პრეზიდენტისთვის, რადგან რუსეთის ხელმძღვანელობას აღარ ჰქონდა მისი პოლიტიკური გარემოცვის იმედი, რომელიც მხოლოდ საკუთარი კარიერით იყო დაკავებული და ვერ ბედავდა სააკაშვილის ინფორმირებას საქმის რეალური ვითარების შესახებ...
სამწუხაროდ, ეს მესიჯი მაშინ შეუსმენელი დარჩა, არადა, ერთი წლის შემდეგ ომი 08.08.08. შესაძლოა, არც ყოფილიყო, ოფიციალურ თბილისს მაშინ რომ გაეგო და სათანადოდ შეეფასებინა საქართველოს სახელმწიფო ნეიტრალიტეტის თემა, რომელიც „წითელ ხაზად“ გასდევდა ყველა ზემოხსენებულ შეხვედრას...
დღეს „საქინფორმის“ მკითხველს ვთავაზობთ მათგან ორი შეხვედრის შემოკლებულ სტენოგრამას, რომელთაც 5 წლის შემდეგაც კი თავისი აქტუალობა არ დაუკარგავს.
შეხვედრა თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილესთან, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალთა გენერალური შტაბის უფროსთან, არმიის გენერალ იური ბალუევსკისთან
არნო ხიდირბეგიშვილი: სალამი, იური ნიკოლაის ძევ! უკანასკნელად ჩვენ ერთმანეთს გორში შევხვდით 1997 წელს, როდესაც პაველ გრაჩოვმა საქართველოში მთელი რუსული გენერალიტეტი, ჯარის ყველა სახეობის სარდლები ჩამოიყვანა...
იური ბალუევსკი: გამარჯობა, არნო! ძალიან მიხარია, რომ საქართველოში, თურმე, ისევ ვახსოვარ და ყველა არ მლანძღავს!
ა.ხ.: რას ბრძანებთ! თქვენ ყველაზე მშვიდობიანი გენერალი ხართ, რომელსაც ვიცნობ. იმ ბანკეტს დავუბრუნდები და მინდა, ვთქვა, რომ მაშინ სუფრასთან ერთად ვისხედით, მაშინ ჩვენი ქვეყნებიც ერთად იყვნენ! ეს ძალიან მიხაროდა და ჩვენი მომავალი არ მაღელვებდა.
გავიდა 10 წელი... მინდა გკითხოთ – დაგვიცავენ კი სათანადოდ აშშ, ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა „პრო“? მოვხვდებით ამ სისტემის ეფექტიანობის ზონაში?
აი, თქვენ პრესკონფერენციაზე აღნიშნეთ: „როგორც კი რუსეთი დაინახავს, რომ ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ობიექტებიდან მის უსაფრთხოებას რაიმე ემუქრება, ეს ობიექტები მყისვე რუსეთის შეიარაღებულ ძალთა – სტრატეგიულ, ბირთვულ თუ სხვა, ეს უკვე ტექნიკის საქმეა – დაგეგმვის ობიექტებად გადაიქცევა“. რა მოელის საქართველოს ასეთ შემთხვევაში?! მე ვიცი, რომ თქვენ, იური ნიკოლაის ძევ, არასოდეს გასცემთ სროლის ბრძანებას თქვენთვისაც მშობლიურ საქართველოზე...
ი.ბ.: ძალიან მიხარია დღეს აქ თქვენი ნახვა! საქართველოში სამსახურის წლებს – 90-იანი წლების დასაწყისს – ყოველთვის დიდი სითბოთი ვიხსენებ, მიუხედავად იმისა, რომ ეს როგორც რუსეთის, ისე საქართველოსთვის მძიმე პერიოდი იყო...
რაც შეეხება თქვენს შეკითხვას – შემეძლო მეთქვა: მიმართეთ უშუალოდ ჩემს ამერიკელ კოლეგებს! პირადად მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ ბევრი ათწლეული ან, შესაძლოა, ასწლეულებიც დასჭირდება ისეთი სისტემის შექმნას, რომელიც თქვენთვის ასპროცენტიანი გარანტიის მოცემას შეძლებდა, ანუ რომლის გარღვევა შეუძლებელი იქნებოდა. ის, რასაც დღეს ამერიკული მხარე გვთავაზობს – დამჭერ-გამანადგურებლების კინეტიკურებით შეცვლა – უხეშად რომ ვთქვათ, იგივეა, ტყვია ტყვიაში რომ მოახვედრო, და ეს ძალიან ძნელად მისაღწევია. ხოლო იმ განცხადებებს, რომ 36 ცდიდან 26 წარმატებით დამთავრდა – არასოდეს დავიჯერებ: როგორც ჩანს, ადგილი აქვს ფაქტების გაყალბებას, რადგან თავად ამერიკაში აღიარეს, რომ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის ცდებმა, თუკი ისინი საერთოდ ჩატარდა, ძალზე შეზღუდული და დაბალეფექტიანი შედეგი აჩვენა.
ა.ხ.: იური ნიკოლაის ძევ, დავუშვათ, სასწაული მოხდა – საქართველოს პრეზიდენტმა ყურად იღო ჩემი, როგორც პოლიტოლოგის, აზრი და საქართველომ სამხედრო და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის გზის განხილვა დაიწყო: იქნება თუ არა ასეთ შემთხვევაში რუსეთი ამ ნეიტრალიტეტის გარანტი?
ი.ბ.: თუ საქართველო ნეიტრალიტეტის პოზიციაზე დადგება, ჩვენი მისდამი დამოკიდებულება შეგვეძლება შევადაროთ ჩვენს ურთიერთობას, მაგალითად, ფინეთთან. ცოტა ხნის წინ ვიმყოფებოდი ფინეთში, რომელიც არ შედის ნატოში, თავისი გასაგები ეროვნული პოლიტიკა აქვს და, ამავე დროს, ჩვენი მეზობელია. ვისურვებდი, რომ საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობა, მინიმუმ, ფინეთთან ურთიერთობაზე არაფრით უარესი არ იყოს! ეცადეთ, (გადადის ქართულ ენაზე, – ა.ხ.) „არც მწვადი დაწვათ, არც შამფური“!
და კიდევ: არნო, როდესაც ჩვენს 10 წლის წინანდელ შეხვედრას იხსენებდით, თქვენ წარმოთქვით სიტყვები – „უკანასკნელად შევხვდით...“. მინდა, გითხრათ: ხომ ხედავთ, არც მაშინ, არც ახლა ერთმანეთს უკანასკნელად არ ვხვდებით! ოღონდ გახსოვდეთ, ჩემო ძვირფასებო, რომ თანამშრომლობა – ეს ქუჩაა ორმხრივი მოძრაობით!
შეხვედრა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან
არნო ხიდირბეგიშვილი: გრიგორი ბორისის ძევ! ამ უწყებას, რომელშიც ახლა ვიმყოფებით, ხელმძღვანელობდა ადამიანი, რომელმაც ოდესღაც თქვა: „საქართველოსთვის მზე ჩრდილოეთიდან ამოდის!“. დიახ, ედუარდ შევარდნაძეს ვგულისხმობ.
ხომ არ დაფიქრებულხართ, რატომ შეიცვალა ასე მკვეთრად საქართველოს პოლიტიკური ვექტორი და დღეს მისთვის რატომ „ამოდის მზე“ ოკეანის გაღმიდან? არსებობს თუ არა დღეს რუსეთის ხელისუფლებაში იმის განცდა, რომ შესაძლოა, სწორედ რუსეთის ზოგმა ქმედებამ თუ უმოქმედობამ აიძულა მიხეილ სააკაშვილი, ალტერნატიული მოკავშირე შორეულ ამერიკაში ეძებნა?
გრიგორი კარასინი: არნო... როგორ მოგმართოთ მამის სახელით?
ა.ხ.: ალბერტის ძე.
გ.კ.: არნო ალბერტის ძევ, მინდა, გითხრათ, რომ ამ წლების განმავლობაში ჩვენ შორის უამრავი ემოციური ნეგატივი დაგროვდა. და როდესაც დღეს ჩვენ განვიხილავთ ახალ ამბებს აფხაზეთიდან, ოსეთიდან ან გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, არ უნდა დავივიწყოთ – საიდან წამოვიდა ეს ყველაფერი, ამაში გეთანხმებით.
გეთანხმებით იმაშიც, რომ ისტორიას, ხალხს ახსოვს საბრძოლო მოქმედებები, ახსოვს სოხუმი... მაგრამ მერწმუნეთ – პრობლემები რომელიმე მხარის ბოროტი განზრახვით კი არ წარმოიქმნა, არამედ 1991 წელს საბჭოთა კავშირის დრამატული დაშლის შედეგად, და ეს პრობლემები დღემდე არ მოგვარებულა.
მაშ, დღეს როგორღა უნდა მოვიქცეთ?! უეჭველია, საჭიროა, შევისწავლოთ ისტორია, მომხდარის მიზეზები... თუმცა, ამავე დროს, აუცილებელია იმ ხალხების, იმ ადამიანების პატივისცემა, რომლებიც ამ ისტორიას სხვაგვარად განმარტავენ: მათი აზრიც ხომ აზრია?! და მაშინ შევძლებთ, ამ კონფლიქტურ საკითხებს ურთიერთპატივისცემით მივუდგეთ – ავითვისებთ ახალი პოლიტიკური კულტურის აუცილებელ ნაწილს. რაც უფრო სწრაფად მოხდება ეს – საქართველოში, უკრაინაში, ბელარუსსა თუ უზბეკეთში – მით მალე გადაიჭრება ეს პრობლემებიც, რა თქმა უნდა, კეთილმეზობლურად. ხოლო თუ ამას ვერ ვისწავლით – ადამიანებს შორის გაღიზიანება გაგრძელდება და ემოციური ფონი უფრო დაიძაბება!
რაც შეეხება აფხაზეთს, თუ ამას გულისხმობდით, ჩვენ კატეგორიულად წინააღმდეგი ვართ, რომ რუსეთში მხოლოდ ერთ მხარეს ხედავდნენ, რომელიც დამნაშავეა იმაში, რაც მოხდა და რაც ხდება. ეს ასე არ არის! ჩვენი მშვიდობისმყოფელები, უბრალოდ, მოუგვარებელი კონფლიქტების ზონაში სიტუაციას სტატუს-კვოში ინარჩუნებენ (არ მიყვარს სიტყვა „გაყინული“ კონფლიქტი, ეს მოუგვარებელი კონფლიქტებია. სიტყვა „გაყინული“ შეურაცხყოფს როგორც აფხაზებს, ისე ქართველებს, ეს ხომ ადამიანური ტრაგედიებია, და ამ საკითხების გადაწყვეტაში ძალის გამოყენება უნდა გამოირიცხოს!).
ახალი ატმოსფეროს შექმნისას ეს მნიშვნელოვანი მომენტი გათვალისწინებული უნდა იქნეს. თუმცა, როდესაც კონფლიქტის ზონაში სპეცოპერაციები ტარდება, ჩნდება ალტერნატიული სახელისუფლებო სტრუქტურები, 150 ძალოვანი, რომელთაგან 50 სპეცრაზმელია (მხედველობაში მაქვს როგორც კოდორის ხეობა, ისე სამხრეთ ოსეთი), მე თვითონ გეკითხებით: თქვენ რა, მართლა მიგაჩნიათ, რომ ეს აფხაზებს ქართული მხარის ჩანაფიქრის უკეთ გაგებაში ეხმარება?! თუ ეს ჩვენს ქვეყნებს შორის ნდობის უკანასკნელ ნარჩენებსაც ანადგურებს?! ნუ დაგავიწყდებათ – ყველა ერს აქვს თავისი ეროვნული სიამაყე და თუ თქვენ ფსონს დებთ ალტერნატიულ სახელისუფლებო სტრუქტურებზე – ეს არის ფსონის დადება განხეთქილებაზე, ძალადობაზე, საკუთარი მიზნების სპეცმეთოდებით მიღწევაზე! ეს კი, თავის მხრივ, მშვიდობიან სცენარში არ თავსდება... თუ სისხლი და ძალადობა იქნება, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება სამუდამოდ უნდა დავივიწყოთ! როდესაც მსგავს ძალისმიერ სცენარებს გეგმავ, ფრთხილად და გააზრებულად უნდა იმოქმედო!
შთაბეჭდილება მრჩება, რომ საქართველოს მთავრობაში უკვე იწყებენ ამის მიხვედრას, ამას ხვდებიან ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც, რომლებთან ერთადაც ბოლო ხანებში სულ უფრო ხშირად ვსხდებით მოლაპარაკების მაგიდასთან. გახსოვდეთ, აგრეთვე, ისიც, რომ ნდობა არა მარტო მასებს შორის, არამედ კონკრეტულ ადამიანებს შორისაც უნდა არსებობდეს, რადგან პოლიტიკას სწორედ კონკრეტული ადამიანები აკეთებენ!
ა.ხ.: გრიგორი ბორისის ძევ, დავუშვათ, მოხდება უჩვეულო რამ – მიხეილ სააკაშვილი გაითვალისწინებს ჩემს აზრს – ვგულისხმობ საქართველოს პოლიტიკურ და სამხედრო ნეიტრალიტეტს, რომლის მომხრეც ვარ უკვე მეოთხე წელია. როგორი იქნება თქვენი დამოკიდებულება ამის მიმართ?
გ.კ.: პირადად მე ნეიტრალიტეტი მომწონს, მაგრამ გადაწყვეტილება ქართველმა ხალხმა, ქართველმა ამომრჩევლებმა, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მიიღონ. ჩვენ არ შეგვიძლია ვუკარნახოთ სუვერენულ სახელმწიფოს – რა მიმართულებით უნდა განვითარდეს ის, თუმცა ჯანსაღი ლოგიკა გვკარნახობს, რომ, ბუნებრივია, საქართველოში არ გვსურს, დავინახოთ ვინმე სხვა, კეთილი მეზობლის, მეგობრისა და მშვიდი, აყვავებული სახელმწიფოს გარდა! თუმცა, თუ სხვა ვარიანტს აამოქმედებთ, ვშიშობ, რომ კეთილმეზობლური მომავალი არ გველის – ის, უბრალოდ, არ შედგება, რადგან გვინდა თუ არა, სამხედრო-პოლიტიკური ბლოკები სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკებად რჩებიან და ყველა ქვეყანამ თავის უსაფრთხოებაზე, საკუთარი საზღვრების სტაბილურობაზე უნდა იზრუნოს.
ა.ხ.: ნუთუ შეუძლებელია ბაგაფშთან და კოკოითთან პრობლემების აქედან, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან გადაჭრა? რომ ცოტა „დაშოშმინდნენ“ – გადმოდგან ნაბიჯი ქართული მხარისკენ კონფლიქტის მოგვარების, დევნილების დაბრუნების, მათი ინტერესების გათვალისწინების გზაზე? რაკი რჩევებისთვის აქ ჩამოდიან – ამ საკითხზე მოსკოვის გადაწყვეტილებას უსიტყვოდ დაემორჩილებიან, რადგან მოსკოვში გრძნობენ მხარდაჭერასაც და მომავალსაც... დაელაპარაკეთ მათ, იქნებ მაშინ პრობლემები საერთოდ გაქრეს?
გ.კ.: ღმერთია მოწმე, რომ ამაში გეხმარებით! ყველა ჩვენი შეხვედრა, საუბრები სერგეი ბაგაფშთან, ედუარდ კოკოითისთან და სხვა მოღვაწეებთან, ძირითადად, კონფლიქტის მოგვარების ფორმების ძიებას ეძღვნება. მინდა, გითხრათ, რომ ეს საუბრები ყოველთვის შეუფერხებლად არ მიმდინარეობს, რადგან მათაც აქვთ საკუთარი აზრი, და კიდევ იმიტომ, რომ 10 წლის წინ სიტუაცია ერთი იყო, ახლა კი სხვა არის, რადგან დრო თავისას შვრება...
მაგრამ თქვენთან ერთი თხოვნა გვაქვს – რომ თქვენც აღიქვათ რუსეთი ქვეყნად, რომელსაც მართლაც სურს, კარგი მეზობლები ჰყავდეს! ჩვენ ყოველთვის ვლაპარაკობთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე და მწარედ ცდება ის, ვინც ფიქრობს, რომ ამავე დროს კარასინი გულისხმობს ერის უფლებას თვითგამორკვევაზე. ეს ასე არ არის! საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა გულისხმობს, რომ საქართველოს ხელმძღვანელობა პატივისცემით ეპყრობა მის ტერიტორიაზე მცხოვრებ ყველა ხალხს, და რომ არსებობს რაღაც ფორმები – კონფედერაცია ან კიდევ რაიმე – რომელთა არსებობისას იქ ცხოვრება გაცილებით უფრო უკეთესი, მშვიდი და უხიფათო იქნება! ჯერჯერობით, სამწუხაროდ, ეს შედეგი მიღწეული არ არის და ოდიოზური პოლიტიკოსები ხშირად გვანაწყენებენ...
P.S. „ОТ СОВЕТСКОГО ИНФОРМБЮРО…“ – ლევიტანის ხმით 1941-1945 წლებში ამ სიტყვებით იწყებოდა ლოცვა ყველასთვის, ვინც მაშინ საბჭოთა კავშირში ცხოვრობდა... „Совинформбюро“ – ასე ერქვა მაშინ რუსეთის საინფორმაციო სააგენტო „РИА НОВОСТИ“-ს, უმსხვილეს სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს, რომლის მიწვევითაც ჩავედი მოსკოვში 2007 წლის 22 აპრილს, ბორის ელცინის გარდაცვალების დღეს.
საგულისხმოა, რომ სასტუმრო „МИР“-ში დამაბინავეს, რომელიც ორ შენობას ესაზღვრება: წინ, რამდენიმე მეტრში, აშშ-ის საელჩოა (მისი ახალი შენობა, რომელშიც ამერიკელი დიპლომატები მთელი 10 წელი არ შედიოდნენ – კედლებში „კა-გე-ბე“-ს მიერ ჩაყენებულ „ჟუჩოკებს“ ეძებდნენ, მაგრამ მაინც ვერ მიაგნეს); მარცხნივ, ქუჩის მეორე მხარეს – „თეთრი სახლი“, ანუ რუსეთის მთავრობა. ხოლო მარჯვნივ, საითაც ჩემი ნომრის ფანჯრები გადიოდა, მდებარეობს XVII საუკუნის მართლმადიდებლური ეკლესია, „9 ქიზიკელი მოწამის ტაძარი“...
დილით, საითაც უნდა მქონოდა გზა – წინ, ამერიკის საელჩოსკენ, თუ მარცხნივ – რუსეთის მთავრობის მხარეს, მე, პირველ რიგში, მარჯვნივ მივდიოდი – შევდიოდი მართლმადიდებლურ ეკლესიაში, სანთელს ვანთებდი და ღმერთს შევთხოვდი, მფარველობა არ მოეკლო ჩვენი ცოდვილი – ქართველი და რუსი – ხალხებისათვის... ამინ!