პუბლიკაციები
წერილი ამხანაგ სტალინს

1-analit2სოციალიზმი აშენდა.
შიგ დავასახლოთ ხალხი.
ბორის სლუცკი
 

ჩვენ შენს სოციალიზმში დავსახლდით.
ჩვენ შენ მიერ შექმნილი ქვეყანა დავინაწილეთ.

ჩვენ შენი მონებისა და მეცნიერების მიერ აშენებული ქარხნებით მილიონები ვიშოვეთ.

ჩვენ შენ მიერ აგებული საწარმოები გავაკოტრეთ და მიღებული ფული საზღვარგარეთ გავიტანეთ, სადაც სასახლეები ავიშენეთ. ათასობით ნამდვილი სასახლე. შენ ასეთი აგარაკი არასოდეს გქონია, ჩოფურა მახინჯო.

 

ჩვენ შენ მიერ აგებული ატომური ყინულმჭრელები გავყიდეთ და ჩვენთვის იახტები შევიძინეთ. სხვათაშორის, ეს სულაც არ არის მეტაფორა, ეს ჩვენი ბიოგრაფიის ფაქტია.

ამიტომ შენი სახელი შიგნიდან გვიღიტინებს და გვექავება, ნეტავ, არასოდეს ყოფილიყავი.

შენ ჩვენს მოდგმას სიცოცხლე შეუნარჩუნე. შენ რომ არა, ჩვენს მამა-პაპას გაზის კამერებში ამოგუდავდნენ, რომლებიც აკურატულად იყო განლაგებული ბრესტიდან ვლადივოსტოკამდე, და ჩვენი საკითხიც საბოლოოდ გადაწყდებოდა. შენ შვიდ წყებად დააწყვე რუსი ხალხის გვამები, რათა ჩვენი თესლისთვის სიცოცხლე შეგენარჩუნებინა.

როდესაც საკუთარ თავზე ვამბობთ, რომ ჩვენც ვომობდით, ვაცნობიერებთ, რომ ჩვენ მხოლოდ რუსეთში, რუსეთთან, რუსი ხალხის ზურგზე ვომობდით. საფრანგეთში, პოლონეთში, უნგრეთში, ჩეხოსლოვაკიაში, რუმინეთში, და შემდგომ ყველგან ომი კარგად არ გამოგვივიდა. ჩვენ იქ გვაგროვებდნენ და გვწვავდნენ. გამოგვივიდა მხოლოდ რუსეთში, სადაც შენი საძაგელი ფრთის ქვეშ ვპოვეთ ხსნა.

ჩვენ არ გვსურს, შენი მადლიერი ვიყოთ საკუთარი სიცოცხლისა და ჩვენი მოდგმის სიცოცხლისთვის, ულვაშა ძაღლიშვილო.

მაგრამ გულში ვიცით: შენ რომ არ ყოფილიყავი, არც ჩვენ ვიქნებოდით.

ეს ადამიანური ყოფიერების ჩვეულებრივი კანონია: არავის უნდა, დიდხანს ემადლიერებოდეს ვინმეს. ეს დამღლელია! ნებისმიერ ადამიანს აღიზიანებს და სტანჯავს, როცა ვინმესგან დავალებულია. ჩვენ გვინდა, მხოლოდ საკუთარი თავისგან ვიყოთ დავალებული – საკუთარი ნიჭიერებისაგან, სიმამაცისაგან, ინტელექტისაგან, ძალისაგან.

მით უმეტეს, არ გვიყვარს ისინი, ვისიც ბევრი ფული გვმართებს, რომლის დაბრუნება არ შეგვიძლია. ან არ გვსურს.

ამიტომ გვინდა, საქმე ისე წარმოვაჩინოთ, თითქოს შენგან არაფერი გვისესხია, არამედ თვითონ გამოვიმუშავეთ, ან ვიღაცამ საჩუქრად მოგვიტანა ასი კგ მსხვილი კუპიურები; ანდა ფული სადღაც ეყარა და არავისი იყო – დიახ! მშვენიერია! არავისი ფული ეყარა! და ჩვენ ის, უბრალოდ, ავიღეთ – ასე რომ, ჩამოგვეხსენი, მოგვეშვი, თვალებში ნუ გვეჩხირები, განვედ, საზიზღარო.

თავიდან რომ მოგიშოროთ, სულ ახალ-ახალ ისტორიებს ვიგონებთ ალტერნატიული ისტორიის ჟანრში, თაღლითობისა და შულერობის ჟანრში, ბრიყვული სიცრუის ჟანრში, მომხიბვლელი და უნამუსო დემაგოგიის ჟანრში.

ჩვენ ვამბობთ – და ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც თითქმის სიმართლეს ვამბობთ – რომ შენ არ ინანებდი და პერიოდულად ჟლეტდი რუს ხალხს. ჩვენ ტრადიციულად ათეულჯერ და ასეულჯერ ვზრდით მსხვერპლის რაოდენობას, მაგრამ ეს დეტალებია. რაც მთავარია, ვდუმვართ იმაზე, რომ ჩვენ თვითონ სულაც არ გვეძვირფასება არც ეს ხალხი, არც მისი ინტელიგენცია. ქვეყნის მოსახლეობისა და ხალხური არისტოკრატიის დღევანდელ უსწრაფეს და უწყვეტ გაქრობაში ჩვენ დაუღალავად და თავდავიწყებით გადანაშაულებთ – რა მომხიბვლელი პარადოქსია – შენ! ჩვენ როდი მოვკალით რუსული სოფელი, რუსული მეცნიერება, ჩვენ როდი ჩამოვაქვეითეთ რუსი ინტელიგენცია მაწანწალებისა და ნაბუშრების დონემდე – ეს ყველაფერი, ნუ გეცინება, შენ ჩაიდინე, შენ, რომელიც 60 წლის წინ მოკვდი! ჩვენ კი საერთოდ არაფერ შუაში ვართ. როდესაც ჩვენ აქ მოვედით, ყველაფერი უკვე დამსხვრეული და დაღუპული იყო. მილიარდები თვითონ, საკუთარი შრომით, ცარიელ ადგილზე გამოვიმუშავეთ! დედას გეფიცებით.

უკიდურეს შემთხვევაში რუსული ეთნოსის გადაშენებაში ჩვენ ობიექტურ პროცესს ვხედავთ. ეს შენს დროს ხოცავდნენ ადამიანებს, ჩვენს დროს კი ისინი თვითონ იხოცებიან. შენ ვერც კი ასწრებდი ისეთი სისწრაფით მათ ხოცვას, რა სისწრაფითაც დღეს ნებაყოფლობით კვდებიან. განა ეს ობიექტურობა არ არის?

და კიდევ, ჩვენ დარწმუნებით ვამბობთ, რომ გამარჯვება, შენდა მიუხედავად, შედგა.

მართალია, ცოტა უცნაურია, მაგრამ მას შემდეგ რუსეთში, რატომღაც, აღარაფერი გამოდის „მიუხედავად“. მაგალითად, ის ვერა და ვერ გადაიქცა გონიერ და ძლიერ დერჟავად ვერც ჩვენ მიუხედავად, ვერც ჩვენი შემოქმედებითი მოღვაწეობის წყალობით. ისევ პარადოქსი, ეშმაკმა დალახვროს.

ჩვენ ვამბობთ, რომ შენ თვითონ გინდოდა ომის გაჩაღება, თუმცა ამისი დამადასტურებელი ვერცერთი დოკუმენტი ჯერაც ვერ აღმოვაჩინეთ.

ჩვენ ვამბობთ, რომ შენ ყველა წითელი ოფიცერი გაანადგურე, და ზოგჯერ შენ მიერ მოკლული სამხედრო სპეციალისტები კვარცხლბეკზეც კი აგვყავს, ხოლო ისინი, ვინც არ მოგიკლავს, გვძულს და ვქოლავთ. შენ მოკალი ტუხაჩევსკი და ბლიუხერი, მაგრამ დატოვე ვოროშილოვი და ბუდიონი. ამიტომ უკანასკნელი ორი – უნიჭო და გარეწარია. პირიქით რომ მომხდარიყო, ტუხაჩევსკი და ბლიუხერი რომ დაგეტოვებინა ცოცხალი, უნიჭოები და გარეწრებიც ისინი იქნებოდნენ.

როგორც უნდა იყოს, ჩვენ მტკიცედ ვიცით, რომ შენ არმია და მეცნიერება უხელმძღვანელოდ დატოვე. ის, რომ შენს დროს, შენდა მიუხედავად, არმია გვყავდა და მეცნიერება გვქონდა, ჩვენს დროს კი რაღაც არც ერთი ჩანს და არც მეორე, ჩვენს რწმენას ვერ არყევს.

ჩვენ ვამბობთ, რომ საშინელი ომის წინ შენ არ მოისურვე „დასავლურ დემოკრატიებთან“ მოლაპარაკება, იმ დროს, როცა ზოგი „დასავლური დემოკრატია“, როგორც ვიცით, თვითონაც მშვენივრად უთანხმდებოდა ჰიტლერს, სხვა დასავლური და ცალკეული აღმოსავლური დემოკრატიები კი ფაშიზმს აღიარებდნენ და ფაშისტურ სახელმწიფოებს აშენებდნენ. მეტიც, არამიწიერი შუქით გაბრწყინებული ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსური წრეები ამავე დროს უზარმაზარ თანხმებს დებდნენ ჰიტლერსა და მის უწმინდურ მომავალში.

ჩვენ ყველას ყველაფერი მივუტევეთ, მხოლოდ შენ არ გაპატიეთ.

შენ სძულდი „დასავლურ დემოკრატიებსაც“, „დასავლურ ავტოკრატიებსაც“, აი იმ ფინანსურ წრეებსაც, და დღემდე სძულხარ, იმიტომ, რომ ახსოვთ, ოდესღაც ვისთან ჰქონდათ საქმე.

მათ საქმე ჰქონდათ რაღაც ყველა მაჩვენებლით ჩვენს საპირისპიროსთან. შენ ათვლის სულ სხვა წერტილი ხარ. შენ სხვა პოლუსი ხარ. შენ ხარ მატარებელი პროგრამისა, რომელსაც ჩვენი ალაგობრივი ცნობიერება ვერასოდეს დაიტევს.

შენ სათავეში ედექი ქვეყანას, რომელმაც კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე საშინელ ომში გაიმარჯვა.

შენდამი სიძულვილი მხოლოდ შენს საქმეებს გაეტოლება.

სძულთ ის, ვინც აკეთებს. მათთან, ვინც არაფერს აკეთებს, არანაირი პრეტენზია არ აქვთ. რას აკეთებდნენ საფრანგეთის ან ნორვეგიის, ანდა, ვთქვათ, პოლონეთის ხელისუფალნი, როდესაც ის ომი დაიწყო, შეგახსენოთ?

მათ არ გაუციათ ბრძანება „არც ერთი ნაბიჯი უკან!“. მათ არ შეუქმნიათ გადამღობი რაზმები „საკუთარი ძალაუფლების გადასარჩენად“ (ჩვენ, ალტრუისტები და უანგაროები, სწორედ ასე ვამბობთ ხოლმე შენზე). მათ არ მიუტოვებიათ პოლკები და დივიზიები ტყვიებისა და ჭურვების ქვეშ, არ წაულეკავთ  ველები სისხლით ერთი პატარა სიმაღლის ასაღებად. ისინი მოზარდებს სამხედრო ქარხნებში მუშაობას არ აიძულებდნენ, მათ არ შემოუღიათ მხეცური სანქციები სამუშაოზე დაგვიანებისთვის. არა! მილიონობით მათი მოქალაქე, მშვიდად და პასუხისმგებლობით, ჰიტლერულ გერმანიაზე შრომობდა. რა პრეტენზია შეიძლება არსებობდეს მათთან? მთელი მსოფლიოს პრეტენზიები შენკენაა მომართული.

შენს დროს ჩაეყარა საფუძველი კოსმოსის დაპყრობას – ცოტა კიდევ რომ გეცოცხლა, კოსმოსური გაფრენა შენსობას შედგებოდა – და ეს სრულიად აუტანელი იქნებოდა. წარმოგიდგენია? – მეფე, ულვაშა კეისარი, რომელმაც მთელი მსოფლიო გადააკეთა და ადამიანი, ვითარცა ბარტყი, პლანეტის ფარგლებს მიღმა გაუშვა!

ოო, კიდევ ნახევარი საუკუნე რომ გეცოცხლა – არავინ გაცვლიდა დიად კოსმოსურ ოდისეას აიპოდებსა და კოსმოსურ თამაშებზე.

ჰო, თანაც შენს დროს ატომური ბომბი შექმნეს – რამაც მსოფლიო ბირთვული ომისგან იხსნა, ხოლო რუსული ქალაქები ამერიკულ ბირთვულ დატყმებს გადაარჩინა, როდესაც პიტერის ნაცვლად თბილი და ფოსფორიცირებადი ხიროსიმა გვექნებოდა, ხოლო კიევის ნაცვლად – ღრუბლიანი და მშვიდობიანი ნაგასაკი. და ეს იქნებოდა ჩვენთვის ესოდენ ძვირფასი დემოკრატიის ზეიმი.

შენ აქციე რუსეთი იმად, რაც არასდროს ყოფილა – დედამიწაზე ყველაზე ძლიერ ქვეყნად. კაცობრიობის მთელი ისტორიის მანძილზე არცერთი იმპერია არასოდეს ყოფილა ისე ძლიერი, როგორც რუსეთი – შენს ხელში.

ვის შეიძლება ეს მოეწონოს?

ჩვენ ვცდილობთ და ვერაფრით ვახერხებთ, ქარს გავატანოთ და გავანიავოთ შენი მემკვიდრეობა, შენი სახელი; შენი დიადი საქმეების ნათელი ხსოვნა შენს, დიახ, რეალურ, და დიახ, საზარელ დანაშაულებებზე შავბნელი მოგონებებით შევცვალოთ.

ჩვენ ყველაფრით შენგან ვართ დავალებული, წყეულიმც იყავ.

რუსეთის ლიბერალური საზოგადოებრიობა

ჩაიწერა ზახარ პრილეპინმა* 

 

http://svpressa.ru/society/article/57411/ 

*ზახარ პრილეპინი – რუსი მწერალი, ჟურნალისტი. დაიბადა 1975 წელს. ჩრდილოეთ კავკასიაში საბრძოლო მოქმედებების ვეტერანი. პრემია „სუპერ ნაცბესტის“ ლაურეატი. ცხოვრობს ნიჟნი ნოვგოროდში.