საზოგადოება
კახეთში, სამცხე ჯავახეთსა და მცხეთა-მთიანეთში სტიქიით დაზარალებული ოჯახებისთვის ევროკავშირი 118 000 ევროზე მეტ დახმარებას გამოყოფს

1-evrokomisia-sazoga2თბილისი, 8 აგვისტო, საქინფორმი. როგორც საქინფორმს ევროკომისიის ჰუმანიტარული დახმარებისა და სამოქალაქო დაცვის დეპარტამენტის (ECHO) თბილისის ოფისი ატყობინებს, ევროკომისია სტიქიის შედეგად დაზარალებულებისა და მოწყვლადი ჯგუფებისთვის  € 118590 ოდენობის დახმარებას გამოყოფს. ეს დახმარება გაიცემა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მეშვეობით, რომელიც, თავის მხრივ, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციების კომიტეტის ბუნებრივი კატასტროფების დახმარების საგანგებო ფონდის (DREF) დაფინანსებით მოქმედებს.  ამ დაფინანსების საშუალებით დაზარალებულებს დაურიგდებათ ლეიბები, საბნები, საკვების დასამზადებელი, ჰიგიენის საშუალებები და ცელოფანის/ბრეზენტის საფარი.

როგორც უკვე იტყობინებოდა საქინფორმი, 19 ივლისს სამხრეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთი რაიონი სტიქიამ მნიშვნელოვნად დააზარალა. 20 000-ზე მეტმა ოჯახმა დიდი დანაკარი განიცადა; მათ სახლკარი და მოსავალი გაუნადგურდათ. დაინგრა გზები, მწყობრიდან გამოვიდა კომუნიკაციები და წყლის სისტემა. დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, სამეურნეო ნაკვეთები, დაიღუპა საქონელი და განადგურდა მოსავალი. ადგილობრივ მცხოვრებთა თქმით, ეს იყო ყველაზე უარესი ბუნებრივი კატასტროფა, რაც კი მათ ახსოვს.

ცნობისათვის: მცირემასშტაბიანი კატასტროფების შემთხვევაში, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის  საზოგადოებათა საერთაშორისო  ფედერაცია თანხებს გასცემს სწორედ ამ ფონდიდან, რომელშიც  თანხების შევსება ისევ დონორთა მიერ განხორციელებული ჩარიცხვებით ხორციელდება. საერთაშორისო ფედერაციასა და ევროკომისიას შორის ხელმოწერილი შეთანხმება საშუალებას აძლევს ევროკომისიას, 3 მილიონ ევრომდე შეავსოს ფონდი იმ შეთანხმებული საქმიანობის განხორციელების მიზნით, რომელიც ჰუმანიტარულ საჭიროებებს ხმარდება.