თბილისი, 7 აგვისტო, საქინფორმი. გუშინ კახეთის საინფორმაციო ცენტრმა
გაავრცელა ნათია დანელიშვილის ინფორმაცია, რომელშიც, კერძოდ, ნათქვამია:
„22 ივლისს ალავერდში კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი იმყოფებოდა. ივანიშვილს ალავერდში მიტროპოლიტმა დავითმა უმასპინძლა და დალოცა.
იმავე დღეს ალავერდს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ეწვია. პატრიარქს თან პრეზიდენტი სააკაშვილიც ახლდა. პატრიარქმა იქადაგა. ეკლესიაში შეკრებილებს მიხეილ სააკაშვილმაც მიმართა. ქადაგების შემდეგ პატრიარქმა და პრეზიდენტმა ალავერდის მარანი დაათვალიერეს. მარნის დათვალიერების შემდეგ პატრიარქი და პრეზიდენტი ერთმანეთს ეპისკოპოსის რეზიდენციაში შეხვდნენ. შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო.როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ერთ-ერთმა თვითმხილველმა აცნობა, პატრიარქმა პრეზიდენტი ტრაპეზზე მიიწვია.
„პატრიარქმა მიხეილ სააკაშვილი მოკრძალებულ ტრაპეზზე მიიწვია, მან კი ჯერ ექიმებს შეამოწმებინა საჭმელი, მერე კი პატრიარქს სუფრა დაუწუნა და უთხრა, რომ ეს პრეზიდენტის შესაფერი სუფრა არ იყო“, – განაცხადა თვითმხილველმა.
„პრეზიდენტმა პატრიარქი „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერაში დაადანაშაულა. ხმამაღლა ყვიროდა. ძალიან გაბრაზებული იყო, პატრიარქს ხელიც კი მოჰკიდა, არაფერი შეგეშალოსო. დაცვა ცდილობდა სიტუაციის განმუხტვას“, – აღნიშნავს მომხდარის მეორე თვითმხილველი.
მისივე თქმით, დაპირისპირების შემდეგ პრეზიდენტმა ალავერდი დატოვა. რამდენიმე წუთში გაემგზავრა პატრიარქიც.
ალავერდის სამონასტრო კომპლექსში მოღვაწე ერთ-ერთი სასულიერო პირის ინფორმაციით, რამდენიმე დღეში ახმეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა პეტრე ცისკარიშვილმა, რომელიც 1 ოქტომბერს დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებში კენჭს „ნაციონალური მოძრაობიდან“ ისევ ახმეტაში იყრის, ალავერდის ეპარქიას კომბაინი წაართვა.
„როგორც იცით, ბიძინა ივანიშვილი 22 ივლისს კახეთში სტიქიისგან დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა, რის შემდეგაც ალავერდის მონასტერს ეწვია და ამბა ალავერდელ მიტროპოლიტ დავითს შეხვდა. ივანიშვილს თან ზურაბ ზვიადაურიც ახლდა. მეუფე დავითმა ბიძინა ივანიშვილი თავაზიანად მიიღო, რასაც პეტრე ცისკარიშვილის გაღიზიანება მოჰყვა. მეუფემ კარგად რომ მიიღო ივანიშვილი, ამაზე პეტრე ცისკარიშვილი გაბრაზდა და მეუფეს კომბაინი წაართვა. მოგეხსენებათ, რომ ალავერდის მონასტერს მიწის ნაკვეთები აქვს, მოსავალი მოგვყავს და კომბაინი მოსავლის ასაღებად გვჭირდებოდა“, – აღნიშნა სასულიერო პირმა.
კახეთის საინფორმაციო ცენტრი კომენტარისთვის ალავერდის მონასტრის მოძღვარს, მამა იოსებს დაუკავშირდა. მამა იოსების თქმით, მონასტერს ტექნიკა არ აქვს, სხვა კომენტარის გაკეთებაზე მოძღვარმა უარი თქვა და ტელეფონი გათიშა.
„მსგავსი რაღაცა მკრეხელობაა და გირჩევთ, რომ არც კი გაიმეოროთ. იქ იყო ძალიან ბევრი ადამიანი. სერიოზულად მაგ ინფორმაციას ვერც აღვიქვამ,“ – განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ირმა ნადირაშვილმა.
კახეთის საინფორმაციო ცენტრი კომენტარისთვის პეტრე ცისკარიშვილსაც დაუკავშირდა.
– ბატონო პეტრე, ალავერდიდან მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ ეპარქიას კომბაინი წაართვით მას შემდეგ, რაც მეუფემ ბიძინა ივანიშვილს უმასპინძლა.
– არ მცალია, ნახვამდის“.