რელიგია
ილია მეორე: „უნდა მივენდოთ ღვთის ნებას და ღმერთს როგორც უნდა, ისე იქნება...“

1-ilia-religiaaთბილისი, 6 აგვისტო, საქინფორმი. საკვირაო ქადაგებისას  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმიდესმა  და უნეტარესმა ილია მეორემ ბრძანა: „ახლა მთელი საქართველოს მოსახლეობა პოლიტიზებულია“.

კათოლიკოს-პატრიარქის განცხადებით, დღეს დიდი და პატარა, ყველა პოლიტიკაზე საუბრობს, თუმცა ეს ყველაფერი უნდა მივანდოთ ღვთის ნებას და ღმერთს როგორც უნდა, ისე იქნება. პატრიარქმა ბრძანა, რომ ყველამ უნდა იფიქროს სულზე, სასუფეველზე, ოჯახებზე, შვილებზე.

ილია მეორემ ისაუბრა ახალგაზრდების ხშირ სტუმრობაზე ტაძრებში და აღნიშნა, რომ ჩამოდიან უცხოეთიდან სტუმრები, მათ შორის, რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან, და კითხულობენ იმას, თუ რატომ არის ქართული ტაძრები ახალგაზრდებით სავსე და რა საიდუმლო არსებობს.

„ჩვენ არანაირი საიდუმლო არ გვაქვს, აქ მოდიან ღვთის ნებით და განგებით, მოდიან ღვთის სახლში, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რა უნდა ვაკეთოთ ღვთის სახლში, როგორ უნდა მოვიქცეთ“, – განაცხადა პატრიარქმა.