საზოგადოება
თბილისი, 6 აგვისტო, საქინფორმი. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ზემო აჭარაში ბეშუმობის დღესასწაულზე სიტყვით გამოსვლისას, ისაუბრა რა წარსულის პოლიტიკოსებზე, განაცხადა: „მეტი საქმე არ მაქვს, ჩვენი აშენებული ქვეყანა ვინმეს გადავაბაროთ და დავანგრევინოთ“.
მისივე თქმით, საქართველო და, მათ შორის, აჭარა, იმოძრავებს მხოლოდ წინ, უკეთესი მომავლისკენ.
მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, ყველაფრის დანგრევა ძალიან ძნელია, მაგრამ წარსულის პოლიტიკოსები ისეთი სპეციალისტები არიან, რომ მათ ეს არ გაუჭირდებათ.
„მაგათ ხელში რომ ჩაუგდო ჩვენი 50-სართულიანი ცათამბჯენები, შეიძლება 2 თვეში აღარაფერი დარჩეს. მაგრამ ნურას უკაცრავად, ჩვენ ასაშენებელი გვაქვს ახალი კურორტები, ახალი სკოლები, ახალი უნივერსიტეტები, არსებული გვაქვს გასაუმჯობესებელი. ჩვენ ჩვენს შვილებს უნდა მივცეთ საუკეთესო განათლება. ახალი საავადმყოფოები, ახალი ამბულატორიები, ყველა ხეობაში უნდა მივიდეთ კარგი გზით. ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს კარგი დაზღვევა, ყველა ადამიანს უნდა შეეძლოს, გააგზავნოს, საქართველოში საუკეთესო უნივერსიტეტში და უცხოეთში საუკეთესო უნივერსიტეტში“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.