რელიგია
თბილისი, 2 აგვისტო, საქინფორმი. 2 აგვისტო წმინდა ელია თეზბიტელის ხსენების დღეა. წმინდა ელია წინასწარმეტყველი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორეს მფარველია, ამიტომ ეს დღე მისი ანგელოზის დღეა.
როგორც საპატრიარქოში განაცხადეს, ამ დღესთან დაკავშირებით დღეს ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში წირვა შესრულდება, რომელსაც უწმიდესი და უნეტარესი აღავლენს.მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ილია ჭავჭავაძის ხსენების დღესაც აღნიშნავს. ქართულმა მართლმადიდებელმა სამოციქულო ეკლესიამ ის წმინდანად შერაცხა და მას წმიდა ილია მართალი უწოდა.
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი გუშინ ესტუმრა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმიდესსა და უნეტარეს ილია მეორეს და ანგელოზის დღე მიულოცა.
საქინფორმი ულოცავს ანგელოზის დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმიდესსა და უნეტარესს ილია მეორეს და ყველა მორწმუნეს, ვისაც ეს სახელი ჰქვია.