საზოგადოება
მერაბიშვილი: „1000-ლარიანი ვაუჩერები 1 იანვრიდან დარიდგება“

1-vano-sazogadoeba2თბილისი, 1 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილის განცხადებით, საქართველოში 1000-ლარიანი ვაუჩერების დარიგება ქვეყნის მასშტაბით 2013 წლის 1 იანვრიდან დაიწყება. ამის შესახებ მერაბიშვილმა რუსთავში შუბითიძეების ოჯახში სტუმრობისას განაცხადდა.

მათ მერაბიშვილმა 1000-ლარიანი ვაუჩერის გამოყენების წესებიც გააცნო.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ვაუჩერების გაცემა 2013 წლის 1 იანვრიდან დაიწყება, 1000 ლარის ათვისება კი 4 წლის განმავლობაში უნდა მოხდეს, ანუ წელიწადში – 250 ლარის.

,,ეს 1000-ლარიანი ვაუჩერი შეგიძლიათ დახარჯოთ დენის გადასახადში, გაზის გადასახადში, სხვა კომუნალურ გადასახადებში, სოფლის შემთხვევაში – სარწყავი წყლის, ტრაქტორის ფულს გადაიხდით. ასევე, შესაძლებელი იქნება იყიდოთ წამლები, სასკოლო წიგნები. ეს 1000-ლარიანი ვაუჩერი ახალი წლიდან ამოქმედდება“, – აღნიშნა მერაბიშვილმა. მისი თქმით, მართალია, სახელმწიფო სამუშაოს მაძიებელთა დასაქმებისა და სახელმწიფო დაზღვევაზე მუშაობს, მაგრამ ერთჯერადი ფულადი დახმარება ოჯახებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

საქინფორმი დაინტერესდა და საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართა – კონკრეტულად, რა ფორმით მოხდება ამ 250 ლარის გაცემა წელიწადში – ხელზე, სპეციალურად გახსნილ ანგარიშებზე გადარიცხვით, ხელფასებსა და პენსიებზე დანამატების სახით, და რა სახის შესაძლებლობა ექნება მოსახლეობას – საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგოს ეს თანხები?

ჯანდაცვის სამინისტროში საქინფორმის ჟურნალისტს განუმარტეს, რომ ჯერ განსაზღვრული არ არის და მოქალაქეებს დამატებით ეცნობებათ, თუმცა იქვე დააზუსტეს, რომ, სავარაუდოდ, თითოეულ მოქალაქეზე გაიხსნება სპეციალური საბანკო პლასტიკური ბარათი.