სამართალი
„მე-9 არხის“ ჟურნალისტი მისი შანტაჟის შესახებ

1-jurnal-samarTa2თბილისი, 30 ივლისი, საქინფორმი. ტელეკომპანია „მე-9 არხმა“, რომლის მფლობელიც ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერ ბიძინა ივანიშვილის მეუღლეა, განაცხადა, რომ ის მთავარ პროკურატურას მიმართავს, რათა დაუყოვნებლივ იქნეს გამოძიებული ტელეკომპანიის ჟურნალისტის წინააღმდეგ შანტაჟის მცდელობის საქმე.

როგორც „მე-9 არხის“ ჟურნალისტმა ნოდარ ჩაჩუამ განაცხადა, რამდენიმე დღის წინ მას უცნობი მამაკაცი მიუახლოვდა თბილისის ცენტრში და თავის მანქანაში ჩაჯდომა სთხოვა, სადაც კიდევ ორი მამაკაცი იჯდა; ჩაჩუას თქმით, საუბრის დროს ორმა მამაკაცმა, რომლებიც სამოქალაქო ტანსაცმელში და შეირაღებულები იყვნენ, საკუთარი თავი გააცნეს იმ გაურკვეველი სამსახურის თანამშრომლებად, რომლებიც „ადამიანებს უგვარებენ პრობლემებს, მაგრამ, ამასთან, უქმნიან ძალიან დიდ პრობლემებს“ და შესთავაზეს მას, ფულის სანაცვლოდ „მე-9 არხის“ ყოველდღიური საქმიანობებისა და სხვა თანამშრომლების შესახებ პირადი  ინფორმაციები მიეწოდებინა. ჩაჩუას თქმით, სამმა მამაკაცმა, ასევე, უთხრა მას, სქესობრივი კავშირი დაემყარებინა „მე-9 არხის“ ერთ-ერთ თანამშრომელ მამაკაცთან და ეს ფარულად ჩაეწერა ვიდეოზე. ჟურნალისტმა განაცხადა, რომ თავიდან სამი მამაკაცი მას ემუქრებოდა და ეუბნებოდა, რომ მას „ნარკოტიკებით გაბერავდნენ“. ჩაჩუას თქმით, ის სამ მამაკაცს 26 ივლისს ისევ შეხვდა მას შემდეგ, რაც ისინი მას მობილური ტელეფონით დაუკავშირდნენ.

ჟურნალისტმა განაცხადა, რომ მან სამი მამაკაციდან ერთ-ერთი ამოიცნო შინაგან საქმეთა სამინისტროს ვიდეოჩანაწერში, სადაც ეს მამაკაცი დაპატიმრებულ ეჭვმიტანილს სამართალდამცავის რანგში ახლავს. ჩაჩუამ იმ მანქანის ნომერიც დაასახელა, რომელშიც საუბარი შედგა მეორე შეხვედრის დროს, ასევე, მობილური ტელეფონის ნომერიც, რომლიდანაც მას დაურეკეს მეორე შეხვედრის დასაგეგმავად.

„მე-9 არხმა“ დაგმო ჟურნალისტის წინააღმდეგ განხორციელებული შანტაჟი და მას ტელეკომპანიის წინააღმდეგ „ბინძური მეთოდებით ბრძოლა“ უწოდა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ განაცხადა, რომ აღნიშნული შემთხვევა შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს და მოუწოდა სამართალდამცავ სტრუქტურებს, რომ ფაქტზე დროული და მყისიერი რეაგირება მოახდინოს.

როგორც იუწყებოდა საქინფორმი, 27 ივლისს ჟურნალისტების მცირე ჯგუფმა მთავარი პროკურატურის წინ საპროტესტო აქცია გამართა და საქმის დაუყოვნებლივ გამოძიება მოითხოვა. ჟურნალისტებს ხელში ეკავათ ბანერები წარწერით: „ნუ გვებრძვით საბჭოთა მეთოდით!“ და „შანტაჟი დანაშაულია!“

შეგახსენებთ: 2009 წლის ნოემბერში გაზეთ „ბათუმელების“ ჟურნალისტმა განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ დაშინებისა და შანტაჟის მცდელობას ჰქონდა ადგილი სამართალდამცავების მხრიდან; საქმეზე გამოძიება დაიწყო, თუმცა რაიმე წინსვლა ამ საქმეში არ ყოფილა.  ორი წლის შემდეგ გაზეთმა „ბათუმელებმა“ განაცხადა, რომ ორწლიანი ჟურნალისტური გამოძიების შედეგად მიაკვლია პოლიციელს, რომელიც გაზეთის ჟურნალისტური გამოძიების ჯგუფის კოორდინატორს აშანტაჟებდა, რათა მას უშიშროების სამსახურთან ეთანამშრომლა. გაზეთის თქმით, მან დაადგინა შანტაჟში ეჭვმიტანილის ვინაობა, რომელიც  შსს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომელი აღმოჩნდა. საქმე კვლავ გაუხსნელია.