რელიგია
დეკანოზი გრიგოლი: „საქმე შეიძლება ჩემს ლიკვიდაციამდეც კი მივიდეს, მაგრამ მე ივანიშვილს არ მივმართავ...“

1-anal-protoiereiგასული წლის შემოდგომაზე საზოგადოებას კარგად ახსოვს „იმედის“ მიერ მომზადებული სიუჟეტი მაშინ ჯერ კიდევ სამების საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახურზე  –  დეკანოზ გრიგოლზე (გოგიჩაძე), რომელსაც თითქოს უპირისპირდებოდა სოფელ ვარიანის მოსახლეობა, სადაც ეს მოძღვარი, პატრიარქის კურთხევით, 1994 წლიდან 2000 წლამდე მსახურობდა მისივე მონდომებითა და მრევლის ძალისხმევით აღდგენილ ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში და სადაც, როგორც სოფლის ჩვეულებრივმა მცხოვრებმა, კანონის სრული დაცვით, მიწები და სახლი შეიძინა...  თუმცა, პატრიარქისავე კურთხევით, მისი თბილისში, ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში გადმოსვლის შემდეგ, სამთავისისა და გორის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა) მამა გრიგოლისგან მოითხოვს არა მხოლოდ სოფლის დატოვებას, არამედ იმ საკუთრების მისთვის გადაცემასაც, რაც მამაომ სოფელში მღვდლად მოღვაწეობის დროს თავისი შრომით შეიძინა...

საქინფორმის კორესპონდენტი შორენა სიხარულიძე სოფელ ვარიანშიც იყო ჩასული (ისე, რომ თავად მამაომ არაფერი იცოდა), თუმცა, მისი უკმაყოფილო ადამიანი ვერ ნახა, პირიქით – სოფლის ყველა მცხოვრები (განსაკუთრებით კი, შეჭირვებულნი) მასზე დიდი სიყვარულითა და მადლიერებით საუბრობდა...

...ამ რამდენიმე დღის წინათ, 22 ივლისს, ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძრის საკურთხევლიდან საკმაოდ ხმამაღალი საუბარი ისმოდა...  მიტროპოლიტისა და მღვდლის აშკარა დაპირისპირების ამბავი ტაძარში მყოფმა ბევრმა ადამიანმა გაიგო...

დღეს საქინფორმის სტუმარია დეკანოზი გრიგოლი.

– მამა გრიგოლ, უპირველეს ყოვლისა, მადლობას გადაგიხდით, ჩვენთან სასაუბროდ რომ მობრძანდით...  რამდენიმე თვის წინათ მე თქვენთან ჩავწერე ორი ინტერვიუ, სადაც თქვენ არაპირდაპირ აცხადებდით, რომ ტელეიმედის მიერ თქვენ წინააღმდეგ მომზადებული სიუჟეტები შეკვეთილი იყო, თუმცა, მაშინ ხმამაღლა არ დაგისახელებიათ „შემკვეთები“...   სიუჟეტები ისე იყო მომზადებული, რომ თითქოს სოფლის მოსახლეობა გიპირისპირდებოდათ, მათ არ სურდათ თქვენი სოფელში გაჩერება... ალაპარაკეს სოფლის რამდენიმე მცხოვრებიც, რომელთაც ბრალი დაგდეს, თითქოს მათგან მიწები იყიდეთ და ფული არ მიეცით, თუმცა, როცა ვარიანში ჩავედი, სოფლის არცერთმა მოსახლემ ეს არ დაადასტურა...  მათ მითხრეს, რომ სოფელი თქვენ არ გიპირისპირდებათ, პირიქით, ეს არის დიდი სოფელი და ამ სოფელში ოთხი და, თუნდაც, ოცდაოთხი ადამიანის აზრი არ შეიძლება მთლიანად სოფლის აზრად მივიჩნიოთ...  თქვენ მაშინ აღნიშნეთ, რომ თავს შეიკავებდით ამ სიუჟეტების დამკვეთის დასახელებისაგან...  22 ივლისს სამების საკურთხევლიდან გამოსულმა ხმამ გაიძულათ, დღეს სიმართლე ბოლომდე გეთქვათ?

ღმერთმა დაგლოცოთ! საზოგადოებას ალბათ კარგად ახსოვს ტელეიმედის მიერ ჩემზე მომზადებული ცილისმწამებლური სიუჟეტები, ასევე, ჩემი ორი ინტერვიუ თქვენთან, სადაც მე გულწრფელად ვუამბობდი ჩვენს საზოგადოებას იმ პერიოდის პირობებზე, როცა სოფელ ვარიანში უწმიდესის კურთხევით მომიხდა ჩასვლა და მსახურება...  სოფელში ჩემი მსახურების წლები იყო რთული, მაგრამ, ამავე დროს, ტკბილი...

მას შემდეგ, რაც მეუფე ანდრია გორისა და სამთავისის ეპარქიის მმართველად დაინიშნა, იგი სოფლიდან ჩემს გამოდევნას ცდილობს...  მან რამდენიმეგზის მითხრა, რომ ჩემივე ნება-სურვილით დამეთმო მისთვის ჩემი კუთვნილი სახლ-კარი და ადგილ-მიდამოები, რომელიც იქ კანონიერად მაქვს შეძენილი  –   ეს აქ მღვდლად მოღვაწეობის დროს შეიძინე და ამიტომ, რადგან წახვედი, უნდა მე დამითმოო... მე მას ვუთხარი, რომ ეს ყველაფერი ჩემი შრომით მონაპოვარია და ძალიან გამიჭირდებოდა ამ ყველაფრის ასე დათმობა და მისთვის გადაცემა...  მისი ეს მოთხოვნა ჩემთვის ძალიან მტკივნეული იყო, მაგრამ მას ეს არ ვაგრძნობინე...  ჩემი ცხოვრების განმავლობაში ისეთი განსაკუთრებული არაფერი შემიძენია, რომ ეს მონაპოვარი არაფრად მიმეჩნია...  ეს არის, რაც საერთოდ გამაჩნია –  ერთი სოფლური სახლი ვარიანში და მიწა...

...ძალიან ძნელია ამის თქმა, მაგრამ აშკარაა, რომ მეუფე ანდრიას გარეშე ეს სიუჟეტები ვერც მომზადდებოდა და ვერც გავიდოდა...  მასთან ძალიან დაახლოებულმა ადამიანმა, ვარიანის მოძღვარმა (რომელიც, სხვათა შორის, წლების წინათ ჩემი რეკომენდაციითა და დიდი მონდომებით დაინიშნა იქ მღვდლად ჩემივე მონდომებით აღდგენილ ღვთისმშობლის ტაძარში) კი, ტელეკომპანია „თრიალეთის“ ეთერით ჩემზე ძალიან შეურაცხმყოფელი, ცილისმწამებლური განცხადებები გააკეთა... ამას ის მეუფე ანდრიას პირდაპირი თუ ირიბი თხოვნის გარეშე ვერ მოიმოქმედებდა, ამაზე უკვე ერის ადამიანებიც ხმამაღლა საუბრობენ... რადგან ადგილობრივი სოფლის მოძღვარს, პირიქით, უნდა შეეჩერებინა ჩემ წინააღმდეგ მიმართული ეს ბინძური კამპანია, რადგან ეს ეკლესიის ღირსებას შეურაცხყოფდა, ეს ხელს არავის აძლევდა, გარდა იმ ბოროტი ძალებისა, რომლებიც ჩემ მიმართ მტრულად იყვნენ განწყობილნი და უნდოდათ, ჩემთვის ზიანი მოეყენებინათ...

...ამ ორიოდე წლის წინათ სოფელ ვარიანში უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახს მესამე შვილი შიმშილით უკვდებოდა...  როცა ვარიანელებმა ეს შემატყობინეს, მე ჩავერიე, თბილისშიც წამოვიყვანე, მაგრამ ვერ შევძელით ამ ბავშვის გადარჩენა... მე მაშინ სახელმწიფოს ხმამაღლა მივმართე – მიუხედავად იმისა, რომ უამრავი გაჭირვებული ოჯახია საქართველოში, განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ მრავალშვილიან ოჯახებს-მეთქი... მეუფე ანდრიამ ამის გამოც საყვედური მითხრა – რატომ ჩაერიეო...  ეს სიუჟეტი „მაესტროზე“ გაშუქდა და შემდეგ, როცა ტელეიმედმა საშინლად ცილისმწამებლური რეპორტაჟი გაუშვა ჩემზე, მე „მაესტროს“ მივმართე, რომ მათაც გაეკეთებინათ ობიექტური სიუჟეტი, რომ მოსახლეობა, მრევლი სამთავრობო არხის დეზინფორმაციის იმედად არ დარჩენილიყო, რადგან ამ სიუჟეტით ხომ არა მხოლოდ მამა გრიგოლის, არამედ მთლიანად ეკლესიისა და სასულიერო პირების ავტორიტეტი ილახებოდა, მაგრამ „მაესტრომ“ ამაზე უარი მითხრა... აშკარაა, რომ მათზეც იყო გარკვეული ზეწოლა...

– მე მახსოვს, თქვენ სოფელში ფერმაც კი დაგიწვეს...

დიახ, დამიწვეს ფერმა. იყო ძალზე ძლიერი ზეწოლები, მუქარა, გაფრთხილებები, რომ დამეტოვებინა სოფელი. სამების საპატრიარქო ტაძრის საკურთხეველში დღესაც იყო გაგრძელება ამ ყველაფრის – მე არ ვასრულებ და არ შევასრულებ მეუფის ბრძანებას – დავტოვო სოფელი და ყველაფერი, რაც ჩემი შრომით მაქვს მოპოვებული, გადავცე მას საჩუქრად...

...მეუფე ანდრია უწმიდესს არწმუნებდა და დღესაც არწმუნებს, რომ ვითომ სოფელი მიპირისპირდება და ამიტომ ითხოვს იქიდან ჩემს წამოსვლას... მე უწმიდესს ვუთხარი, რომ ეს სიმართლე არ იყო... როცა სოფლის მოსახლეობამ  შეიტყო, რომ უნდა დამეტოვებინა სოფელი, მათ უწმიდესთან შეხვედრა გადაწყვიტეს, რათა პირადად ეთქვათ, რომ სოფელი არაფერ შუაშია და რომ სოფელს მამა გრიგოლთან არანაირი პრობლემა აქვს, რომ არის პიროვნება, რომელიც თავად არ ჩანს და ცდილობს, რამდენიმე ადამიანის, მათ შორის, სოფლის მოძღვრის ჩემ წინააღმდეგ გამოყენებას...

– თქვენ ჩემთან საუბარში ერთხელ აღნიშნეთ, რომ პარაკლისებს იხდიდით ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის საჯანმრთელოდ... ეს თქვენი ინიციატივა იყო, თუ ვინმეს თხოვნით აკეთებდით ამას?

– უპირველეს ყოვლისა, ვიტყვი იმას, რომ ყველა მღვდელმსახური, ყველა ადამიანი, ვინც სამების ტაძარს შეხედავს და პირჯვარს გადაიწერს, ვალდებულია, გაიხსენოს და მადლიერება გამოხატოს ამ ტაძრის (და არა მხოლოდ ამ ტაძრის) ამშენებლის მიმართ...  როცა წმიდა სამების ტაძარში ბატონი ბიძინა თავის ოჯახთან ერთად დგას და ლოცულობს, ამ დროს ორმაგი სიხარული და მადლი გვეუფლება... რაც შეეხება ბატონი ბიძინას და მისი ოჯახის საჯანმრთელოდ შეკვეთილ მსახურებას, ეს იყო საქართველოს  კეთილისმსურველების თხოვნა...

– ვინ იყვნენ ის ადამიანები, ვინც ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის სახელზე საჯანმრთელო პარაკლისის გადახდა შეგიკვეთათ?

ესენი არიან ის შვილმკვდარი ოჯახები, რომელთა შვილებიც ამ რეჟიმის უსამართლობის გამო აღარ არიან ცოცხლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და, ასევე, ის უბრალო ადამიანები, ვინც აფასებს ბატონი ბიძინას ღვაწლს ერისა და ეკლესიის წინაშე...  კონკრეტულ სახელებს კი არ დავასახელებ, რადგან არ მინდა, მათ პრობლემები შეექმნათ...  ამ მსახურების ჩასატარებლად კი მე იმიტომ მომმართეს, რომ მათ იციან, მე ვიყავი ირინა ენუქიძის მოძღვარი, მე მის გვერდით ვიყავი მისი ყველა გაჭირვების ჟამს...  ქალბატონი ირინა გარდაიცვალა, მაგრამ მე ისევ მისი ერთგული ვრჩები – მე მაქვს მისი ანდერძი, რომელსაც, მისი უკანასკნელი სურვილის თანახმად, აუცილებლად გადავცემ იმ ადამიანს, იმ ხელისუფალს, რომელიც შემდგომ ჩაიბარებს საქართველოს მომავალს... მე მას ვეტყვი კიდევ ბევრ რამეს, ქალბატონი ირინას უკანასკნელი სურვილის თანახმად...  ყოველ კვირას, წირვის შემდეგ, უწმიდესის კურთხევით მე ვატარებდი ამ პარაკლისებს, თუმცა, ვხედავდი, ვგრძნობდი, როგორ იცვლებოდა ჩემ მიმართ დამოკიდებულება სასულიერო პირთა მხრიდან – მათ არ სიამოვნებდათ ეს მსახურებები... კონკრეტულად არ დავასახელებ მათ სახელებს – იმ დიდ თუ პატარა იერარქებს...

– მამაო, დიდი ბოდიში მინდა, მოვუხადო იმ თქვენს დიდ, თუ პატარა იერარქებს, მაგრამ ეკლესია მხოლოდ თქვენ სასულიერო იერარქია არ ხართ, ეკლესია ჩვენც ვართ – მრევლი და ჩვენ გარეშე ეკლესია – ქრისტეს ეს მისტიკური სხეული, არ არსებობს, ამიტომ ახლა აუცილებლად მინდა, დავაფიქსირო ჩემი, როგორც მრევლის, მოქალაქის აზრი –  იქნებ იმ შვილმკვდარ მშობლებსაც უკვდებოდათ გული, როცა ეს დიდი თუ პატარა იერარქები ამბიონიდან ბარძიმით ხელში ლოცავდნენ და მეტიც – ზოგი დითირამბებსაც კი უგალობდა იმ „მთავრობასა და მხედრობას“, რომელთა „სამართლიანი“ სახელმწიფოს მშენებლობასაც შეეწირა მათი უდანაშაულო შვილების სიცოცხლე; რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღე – 26 მაისი, ბართლომეს ღამედ გადააქცია! ჩვენ უფლის წინაშე მოთმინებისა და მორჩილების ვალდებულება გვაქვს და, ასევე, მინდა, მათ ვთხოვო, რომ მათაც იქონიონ მოთმინება და ასეთ რამეზე პროტესტი არ გამოთქვან, რადგან ეკლესიის შვილები მხოლოდ „ნაცმოძრაობა“ და მათი მხარდამჭერები არ არიან...

თქვენ გაიხსენეთ 26 მაისი – მე რომ სასულიერო პირი არ ვყოფილიყავი, აუცილებლად იქ ვიქნებოდი... როცა ვხედავდი, მთელი ღამე როგორ არბევდნენ, უმოწყალოდ სცემდნენ და ანადგურებდნენ ჩემს ძმებს, შვილებს, მერჩივნა, მეც მათსავით გავთელილიყავი... მაგრამ როგორც ღვთის მსახურმა, შევიკავე თავი... რატომ? რადგან მე იმის გაკეთების უფლება არ მქონდა, რასაც ერის ადამიანი გააკეთებდა, მოთმინებით კი ვერ მოვითმენდი...  მთელი ღამე მხოლოდ იმის სურვილი მქონდა, რომ მათთან ვყოფილიყავი და ლოცვით ვავედრებდი მათ თავს უფალს. ყველა გზა გადაკეტილი იყო, ხალხისთვის გასაქცევიც კი არ დატოვეს... ასე 9 აპრილს საბჭოთა არმია არ მოქცეულა დემონსტრანტების მიმართ!

აქ საუბარია არა მხოლოდ მსხვერპლის რაოდენობაზე, არამედ იმ სისასტიკეზე, რომელსაც ხელისუფლების წარმომადგენლები ხალხის მიმართ ამჟღავნებდნენ! იქ რომ უფრო მეტი ადამიანი ყოფილიყო, ყველას ამ დღეში ჩააგდებდნენ – არავის დაინდობდნენ, არც სასულიერო პირებს!.. სასულიერო პირის სისხლი რომ დაღვრილიყო, ამას ქართველები არავის აპატიებდნენ და პროცესები უფრო უმართავი გახდებოდა...

ამის შემდეგ მე არ მესმის იმ ადამიანების, რომლებიც კიდევ გამოდიან და ბიძინა ივანიშვილის საწინააღმდეგოდ ათასგვარ ცილისწამებასა და სიბინძურეს კადრულობენ... კაცი, რომელიც მე, პირადად, იმიტომ მომწონს და პატივს ვცემ, რომ, თუ არსებობდა პატრიოტი ამ ქვეყნისა და გულშემატკივარი, 26 მაისის შემდეგ უნდა გამოჩენილიყო, რომ ხალხში იმედი ჩანერგილიყო! მადლობა უფალს, რომ ასეთი ადამიანი იყო და ის ახლა ქართველი ხალხის გვერდით დგას და, შეიძლება ითქვას, რომ პროცესების უმრავლესობას ის მართავს!

– მამა გრიგოლ, წელს, 27 მაისს, თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ ხალხმრავალ აქციაზე თქვენს მრევლთან ერთად თქვენც იყავით! ჩემთან პრივატულ საუბარში აღნიშნეთ, რომ თქვენ წინააღმდეგ დაპირისპირების ახალი კამპანია სწორედ მას შემდეგ დაიწყო... როგორ განვითარდა მოვლენები მეუფე ანდრიასა და  თქვენ შორის 27 მაისის შემდგომ, რამაც დღევანდელ ხმაურიან დაპირისპირებამდე მიგიყვანათ?

27 მაისი იყო ქართველი ერის უდიდესი ზეიმი, მე ასე შევაფასებდი... შეიძლება ითქვას, რომ ქართველი ერის ოცნება 7 ნოემბრის, 26 მაისის შემდეგ უკვე აღსრულდა! მე კარგად მახსოვს ის პერიოდი, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ აპირებდა ხელისუფლებაში მოსვლას – მე მიწევდა მათი დაცვა სოფელ ვარიანში (მაშინ მე ვარიანის მოძღვარი ვიყავი...).  მათ კარგად იციან გორის, ვარიანის ამბავი და როდესაც წინა ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობდნენ იარაღით მათ შეშინებას, მე მათ გვერდით ვიდექი, ვიცავდი, რომ სისხლი არ დაღვრილიყო... ეს კარგად იცის ამ ხელისუფლებამ... ეს ხმამაღლა არასოდეს მითქვამს, მაგრამ ახლა კი ვიტყვი – ჩემი უშუალო ჩარევის შედეგად, უფლის მადლით, მე შევძელი, რომ მაშინ სისხლი არ დაიღვარა! დღეს კი „ნაცმოძრაობის“ მხრიდან მიწევს ოპოზიციის დაცვა!

...როდესაც მეუფემ ჩემ წინააღმდეგ ახალი ტალღა წამოიწყო, მან თქვა, რომ იგი ყველაფერს გააკეთებდა, ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძრიდან ჩემს დასათხოვად... შემდეგ კი მას განზრახული ჰქონდა, რომ ჩართავდა სპეცსამსახურებს, რითაც იმედოვნებს, რომ უფრო ადვილად მომაქცევს მათი გავლენის ქვეშ – რაღაცნაირად ცდილობს, რომ დამიჭირონ და გამასამართლონ... ამასვე იმეორებდნენ „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერები ამ რამდენიმე ხნის წინათ ვარიანში. მეუფეს ამ ბიჭებისთვის უთქვამს – შეგიძლიათ, რამდენიმე ადამიანმა სოფლიდან გამოაგდოთ, შემოახიოთ კაბა და შემდეგ ჩვენ მივხედავთო...

მე მინდა, ვთქვა, რომ დღეს მეუფეს ერთი ოცნება ასრულდა – მე დღეს აღარ ვარ სამების საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური, სხვა მოძღვრებთან ერთად, დამითხოვეს იქიდან...  რა თქმა უნდა, ამას არ შეიძლება დაერქვას ქრისტიანული გადაწყვეტილება... ეს არის სწორედ პოლიტიკური გადაწყვეტილება! მაგრამ ჩემი დათხოვნიდან ერთი კვირის შემდეგ სამებაში მოდის მეუფე და უწმიდესს ეუბნება, რომ ვითომ სოფელი ისევ ითხოვს  იქიდან ჩემს წამოსვლას...

ჯერ კიდევ შემოდგომაზე იყო ამაზე საუბარი. მე უწმიდესს უხერხულობა არ შევუქმენი  –   მორჩილებით ვისმენდი, როგორ მდებდა ბრალს მეუფე ანდრია... მაშინ უწმიდესს ვერ დავუმტკიცებდი, რომ მიზანმიმართულად ეს ადამიანი მებრძოდა და არა მთელი სოფელი! მაგრამ დღეს უწმიდესმაც კარგად იცის, ეპისკოპოსებმაც, სასულიერო პირებმაც და შიდა ქართლის გუბერნატორმაც, გორის მუნიციპალიტეტმაც და სპეცსამსახურებმაც, რომ მხოლოდ ეს პიროვნება მებრძვის და არა მთელი სოფელი...

– მამაო, ის, რომ ეკლესიის საქმეში სახელმწიფო და ხელისუფლება ძალიან მკაფიოდ ერევა, არახალია, ძველია, და ამას ყველანი ვხედავთ! ეს ძალიან კარგად აისახა სულ ბოლო სინოდის გადაწყვეტილებაზეც, რაც მეუფე იობის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ აქციაზე გამოჩენის შემდეგ იქნა მიღებული. თუმცა, იმავე გადაწყვეტილების მიღება არავის გახსენებია, როცა სხვა „გაბრწყინებული“ ეპისკოპოსები პრეზიდენტთან ერთად მაკრატლით დარბოდნენ ჯერ კიდევ დაუმთავრებელი ობიექტების ლენტების გასაჭრელად და ხოტბას ასხამდნენ მას! გულწრფელად მიპასუხეთ, განა რა გავლენა აქვს მიტროპოლიტ ანდრია გვაზავას სპეცსამსახურებზე, გუბერნიაზე, რომ მათ მისი ბრძანება თუ კურთხევა უსიტყვოდ შეასრულონ? მამაო, ძალიან დავიბენი... ეს კაცი სასულიერო იერარქია თუ სპეცსამსახურების უფროსი?

როცა გორის გამგებელმა დავით ხმიადაშვილმა მითხრა, რომ სოფელ ვარიანში საკალმახის პროექტის დამტკიცება მოხდებოდა მხოლოდ მაშინ, თუ მეუფე ანდრია მისცემდა მათ ამის ნებართვას, მე გავოცდი და ვკითხე – რა შუაში იყო მეუფე...  მე მას ავუხსენი, რომ ის არღვევს კანონს, იჭრება თქვენს კომპეტენციაში და, თავად დიდი სასულიერო იერარქი, სასულიერო პირის წინააღმდეგ თქვენ გიყენებთ და ამით უდიდესი ცოდვისკენ გიბიძგებთ...  სახელმწიფო მოხელეები მეუფეს, მის სასულიერო იერარქიას სცემენ პატივს, მაგრამ ის ამას ბოროტად იყენებს ისევ სასულიერო პირის წინააღმდეგ – ამ საერო პირების ცოდვაში ჩაგდებით ცდილობს ჩემს შეჩერებას... ამიტომ ვფიქრობ, რომ მეუფეს ეს ადამიანები არ უყვარს! პირადი მიზნების მისაღწევად სწირავს მათ – იყენებს კუდ-ის უფროსს, გორის გამგებელს და მთლიანად გუბერნიას...

7-8 თვეა, სოფლის 200-ზე მეტმა  მცხოვრებმა მოაწერა ხელი თხოვნაზე, რომ სოფელში მომცენ საკალმახის გახსნის უფლება და დასაქმდნენ  უკიდურესად გაჭირვებული ადგილობრივები, მაგრამ დღემდე პასუხი არ ვიცით...  ვისთანაც მივედი –  გუბერნატორთან, გამგებელთან თუ მის მოადგილესთან, კუდ-ის უფროსთან, ყველა ერთ პასუხს მაძლევს – მეუფე ანდრიას თხოვნას წინ ვერ აღვუდგებითო...

არ მესმის, ამხელა უკანონობისკენ რატომ უნდა უბიძგებდეს მეუფე ერის ადამიანებს...

– მამაო, მეუფე ანდრიას ძმა, გია გვაზავა, რამდენადაც ვიცი, ამ ხელისუფლების წარმომადგენელია – აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე...

დიახ და თავად მეუფე მისი ძმის გამო ამ ხელისუფლებისგან საკმაოდ დავალებული გახლავთ. და გეტყვით, რატომ: როგორც მეუფემ გასულ წელს ბრძანა, მის ძმას თაღლითობის თუ ქრთამის აღების გამო ძალიან დიდი პრობლემა ჰქონდა შექმნილი, მაგრამ, როგორც ჩანს, ის არ დააპატიმრეს რაღაც მორიგების თუ გარიგების სანაცვლოდ...

– მამაო... ვერ გავიგე, რა მორიგება-გარიგებაზე ლაპარაკობთ...

– მისი ძმა ისევ დარჩა თავის თანამდებობაზე, სანაცვლოდ კი, მეუფე აქტიურად ჩაება პოლიტიკაში „ნაცმოძრაობის“ მხარდასაჭერად!

– მამაო, თემიდან ლირიკულად გადავუხვევ და გავიხსენებ – შარშან იმ სინოდზე, რომელზეც ის ავადმოსაგონარი რელიგიების კანონი მიიღეს, შეიქმნა სასულიერო პირთა საქმიანობის შემსწავლელი ზნეობრივი კომისია, რომელსაც გარდაბნის ეპისკოპოს იაკობთან ერთად მეუფე ანდრიაც ხელმძღვანელობს. შეიძლება ვინმეს ჩემი შეკითხვა ცოტა რიტორიკულად ან სულაც თავხედობად მოეჩვენოს, მაგრამ რამდენად თავსდება ზნეობრივ ჩარჩოებში თავად მეუფე ანდრიას ქმედება?

მისი იმ საქციელით თუ ვიმსჯელებთ, რასაც ის ჩემ საწინააღმდეგოდ უწმიდესის წინაშე ამჟღავნებს, არანაირ ზნეობრივ ჩარჩოებში, არანაირ ქრისტიანულ მორალში არ თავსდება, რადგან უწმიდესი ცრუ ინფორმაციებით შეჰყავს შეცდომაში და, რა თქმა უნდა, მის ზნეობრიობაში უკვე ეჭვი მეპარება!

...დღეს, როცა უწმიდესთან მეუფე ბრძანდებოდა (არ ვიცი, რა უთხრა მას მეუფემ), კარგახანს ესაუბრა. მერე უწმიდესმა მიმიხმო და მითხრა – თუ სოფელი გებრძვის, რატომ არ ტოვებ სოფელსო... მე ვუთხარი – უწმიდესო, ესაა ტყუილი, სოფელი არ მებრძვის და ამიტომაც სოფლიდან არ წამოვალ-მეთქი...

როგორც ჩანს, უწმიდესი დაარწმუნა, რომ სოფელი მებრძვის...

კიდევ ერთხელ ვიმეორებ – არსადაც არ წავალ, რადგან ეს არის ჩემ მიმართ ეპისკოპოსის მიერ განხორციელებული პოლიტიკური დევნა! ხელისუფლება ამ ადამიანის ხელით ახორციელებს ჩემს დევნას და ისიც ასრულებს! მან პატრიარქის წინაშე მისაყვედურა კიდეც –  რატომ ჩაერიე, როცა კახი კალაძე და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები იყვნენ სოფელ ვარიანში და მიმდებარე სოფლებშიო!

სოფლის მცხოვრებთაგან შევიტყვე, რომ სოფლელ ბიჭებს პოლიცია მობილიზებას უკეთებდა და ცდილობდა კახი კალაძესა და მის თანმხლებ პირებზე თავდასასხმელად მათ გამოყენებას... ადგილობრივებმა მთხოვეს, რომ, იქნებ, რაღაცნაირად განმემუხტა ეს მდგომარეობა...

მე, რა თქმა უნდა, მაშინვე გამოვედი სახლიდან და ამ ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის ჩავდექი, რომ ის, რაც სოფელ მერეთში მოხდა, ვარიანში არ განმეორებულიყო და ეს ღვთის წყალობით შევძელი, მადლობა უფალს!

ამის შემდეგ კუდ-ის თანამშრომლები მიგზავნიან პიროვნებას, რომელმაც მითხრა, რომ ჩამოვშორებოდი ამ კოლონას, რაზედაც მათ ცივი უარი შევუთვალე – არ მივატოვე ეს ხალხი, გავყევი, სადაც მიჰყავდათ ვარიანელი ახალგაზრდები და მეც მიზეზი მქონდა, რომ სხვა სოფლებში შევსულიყავი და არ გამოეყენებინათ  ჩვენი ბიჭები ამ ბინძური საქმისათვის... მადლობა ღმერთს, შევძელი ეს!

...კუდ-ის თანამშრომლებისგან გამოჟონა ინფორმაციამ, რომ ისინი განსაკუთრებით აგრესიულად არიან ჩემ მიმართ განწყობილნი, ამიტომ მე რაღაც ცუდს ველოდებოდი, თუმცა, არაფერი მომხდარა დღემდე – მეუფე ანდრია დღემდე (22 ივლისამდე, – საქინფორმი) არ გამოჩნდა! მე მითრეს, რომ მეუფე ანდრიას ურეკავდნენ და ეუბნებოდნენ – ეს კაცი უნდა მოგვაშოროო...  ის კი პასუხობდა – მე თქვენი იმედი მაქვს, რომ თქვენ გააკეთებთ ამას, რადგან მე ეს ჯერჯერობით ვერანაირად მოვახერხეო...

დიდი ხანია, ჩემს იქიდან გამოდევნაზე მიმდინარეობს მუშაობა...  ვიღაცისთვის ისიც მიუღებელია, რომ სოფელში რამდენიმე ჰექტარ მიწას ვფლობდე მე, ქართველი ადამიანი; ის ურჩევნია, რომ მიწები ჩინელებს მიჰყიდონ და ფული გააკეთონ...  თუმცა, ამას როგორ მოახერხებენ, მომავალი გვიჩვენებს...

– მამაო, კვლავ დავიბენი – ხელისუფლება და „ნაცმოძრაობა“ გებრძვით ეპისკოპოსის ხელით, თუ ეპოსკოპოსი გებრძვით „ნაცმოძრაობისა“ და ხელისუფლების საშუალებით? რას აპირებთ – უნდა დაემორჩილოთ ეპისკოპოსის უკვე ბრძანებას და არა კურთხევას?

– მე მის ამ პოლიტიკურ მოთხოვნას, ისევე, როგორც არავის, პოლიტიკურ დაკვეთას   არაფრით შევასრულებ! თუკი სოფელი მართლა მოითხოვს, რომ მე იქიდან წამოვიდე, თუკი ერთი წამით მაინც ვიგრძენი, რომ მე მათ არ ვუყვარვარ და ჩემი იქ ყოფნით მათთვის პრობლემას ვქმნი, მაშინ დავტოვებ სოფელს...

მე ყველა დაინტერესებულ პირს ვთხოვ, ჩამოვიდეს სოფელში და მოსახლეობას ჰკითხოს, თუ უნდათ ჩემი იქიდან წამოსვლა...  გადამიწვეს ფერმა, ხელი შემიშალეს ძალიან ბევრ საქმეში, რომელთა მეშვეობითაც სოფლის გაჭირვებული მოსახლეობა უნდა დამესაქმებინა. ყველაფერს მიაღწიეს, ახლა კი ჩემს ფიზიკურ განადგურებასაც ცდილობენ – ფიზიკურად და სულიერადაც! მეუფის ყველანაირი ქმედება აქეთაა მიმართული! ეს აზრი კიდევ უფრო გამიმძაფრდა, როცა დღეს მეუფე ანდრია დამემუქრა – მე შენ გაჩვენებ, თუ შენ სოფელს არ დატოვებო!

...თუმცა, აქვე აღვნიშნავ, რომ ვიცი, ჩემი დევნა ეპისკოპოსის მხრიდან უფრო გამძაფრდება, რადგან მე გავბედე და ამდენი წლის შემდეგ უკვე ხმამაღლა ვთქვი სიმართლე – ამას, რა თქმა უნდა, მეუფე ანდრია არ მაპატიებს! ხმამაღლა ვიტყვი, რომ საქმე შეიძლება ჩემს ლიკვიდაციამდეც კი მივიდეს!

მიუხედავად ჩემი ძალიან დიდი სიმპათიისა ბატონი ბიძინას, როგორც კარგი ქართველის, მიმართ, მე დასახმარებლად ოპოზიციას არ მივმართავ, რადგან არ მინდა, პოლიტიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდოს ჩემი ამბავი... მაგრამ იძულებული ვარ, თავი დავიცვა და არ გამოვრიცხავ, რომ რომელიმე მართლმადიდებლურ ქვეყანას ვთხოვო თავშესაფარი!

– და რას ელოდებით მეუფე ანდრიასგან – მუქარის შესრულებას? ისე კი, მართლა საინტერესოა, რა ფორმით...

რასაც უნდა ველოდე მისგან, მე არაფრის მეშინია... თუმცა, ზუსტად ვიცი, რომ მოსვენებაც არ მექნება, რადგან მას სერიოზული მხარდამჭერები ჰყავს ძალოვან სტრუქტურებში, თუმცა ძალოვან სტრუქტურებზე მეტად ვადანაშაულებ სასულიერო პირებს, რომელნიც უნდა იყვნენ სიმართლის მსახურნი და სამაგალითონი და სიმართლეს თვალს ვერ უსწორებენ!

არა მხოლოდ ფეხბურთელები, მოჭიდავეები, მსახიობები და ბიზნესმენები უნდა იდგნენ დღეს საქართველოს სადარაჯოზე და იყვნენ სამაგალითონი ერისთვის, არამედ სასულიერო პირები უნდა იძლეოდნენ ამის მაგალითს... განა თითო-ოროლა დიდი თუ პატარა იერარქი, არამედ მთლიანად, მთელი სამღვდელოება! მთავრობები მოდიან და მიდიან, ხელისუფალნიც – მათთან ერთად, ეს კანონზომიერი პროცესია, უბედური და შეჭირვებული ხალხის დაპირისპირება კი უდიდესი დანაშაულია ღვთისა და ერის წინაშე!

უკვე დიდი ხანია პოლიტიკა შემოსულია ეკლესიაში – ეს უკვე აშკარად, შეუიარაღებელი თვალითაც მკაფიოდ ჩანს... ეს ჩვენი სამწუხარო რეალობაა, ამას ვერ დავმალავთ... „კაცმა ჭირი მალაო და ჭირმა თავი ვერ დამალაო“...

ხელისუფლებას უამრავი არასასურველი ინფორმაცია აქვს საპატრიარქოს, კერძოდ, დიდი თუ პატარა იერარქების შესახებ, რითაც საპატრიარქოს აჩერებენ, აშანტაჟებენ.

მე 1989 წლიდან უწმიდესის გვერდით ვარ, საპატრიარქოსთან დაახლოებულ პირად მივიჩნევი და კარგად მახსოვს ის პერიოდი 90-იანი წლებისა, როცა ბევრი პოლიტიკური მოღვაწისთვის პატრიარქი მისაღები იყო, ბევრისთვის – არა. უშუალოდ მასაც კი ებრძოდნენ, მაგრამ ასეთი ჩარევა ეკლესიის საქმეებში, ასეთი ბრძოლა მთლიანად ეკლესიის წინააღმდეგ მე არ მახსოვს...

დღეს რასაც ვხედავ, ეს ჩემთვის წარმოუდგენელი და გამაოგნებელია! დღეს შეიძლება ითქვას, რომ ქაოსია ეკლესიასა და სასულიერო პირებს შორის!

მე იმედი მაქვს, რომ ამას მომავალი მთავრობა აუცილებლად დაალაგებს და გაითვალისწინებს...

– მამა გრიგოლ, მომავალი მთავრობა ახსენეთ... გჯერათ, რომ მთავრობა შეიცვლება?

მე მჯერა ქართველი ხალხის! გმირული სული არა მხოლოდ ბატონ ბიძინას აქვს, არამედ იმ ხალხსაც, ვისშიც მან იმედი მომავლისა გააღვიძა! მე მჯერა, რომ ღვთის შეწევნით ყველაფერი კარგად იქნება!

– მამაო, სინოდის გადაწყვეტილებით, სასულიერო პირებს პოლიტიკურ დემონსტრაციებში მონაწილეობის მიღება აგეკრძალათ... ხვალ რომ „ქართული ოცნების“ მიერ მოეწყოს აქცია, მიხვიდოდით ისევ და დადგებოდით თქვენი სულიერი შვილების გვერდით?

– სადაც იქნება ჩემი ერი, ჩემი გაჭირვებული ხალხი, იქ ვიქნები მეც!

– მამაო, დაგვლოცეთ ჩვენც და ჩვენი რუსულენოვანი მკითხველიც...

– ღმერთმა დალოცოს მართლმადიდებლური ქვეყნები, ყველა მართლმადიდებელი ერი და ჩვენი ძმური, მართლმადიდებლური ერთობა!

ღმერთმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ!

ვიხაროთ ერთად ქრისტეში! ამინ!

ესაუბრა შორენა სიხარულიძე

საქინფორმი

1-anal-prot
1-anal-protoierei2