სამართალი
კახი კალაძეს საქართველოს ბანკებში ყველა ანგარიში დაუყადაღეს

1-kaxii-samarta2თბილისი, 27 ივლისი, საქინფორმი. კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ ლიდერ კახი კალაძეს საქართველოს ბანკებში არსებული ყველა ანგარიში დაუყადაღეს. ამის შესახებ განცხადება ბიძინა ივანიშვილის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გააკეთა.

ფანჯიკიძის ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი გოგინაშვილის მიერ პროკურორ ელიზბარ გოზალაშვილის შუამდგომლობით.

როგორც ფანჯიკიძემ აღნიშნა, გადაწყვეტილება ახსნილია იმით, რომ თითქოს  კალაძის მხრიდან ადგილი ჰქონდა უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას.

„როდესაც საქმე გვაქვს ისეთ ცნობილ სპორტსმენთან, როგორიც კახი კალაძეა, მისი შემოსავლების შესახებ ეჭვები არ უნდა ჩნდებოდეს“, – განაცხადა ფანჯიკიძემ.

მისივე შეფასებით, ეს არის პოლიტიკური დევნა და ის მხოლოდ ერთადერთ მიზანს ემსახურება – ხელი შეუშალოს კალაძის საქმიანობას პოლიტიკურ კოალიციაში.