თბილისი, 27 ივლისი, საქინფორმი. ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ჯგუფის რიგით 25-ე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ქართულ და ოსურ მხარეებთან ერთად საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ეუთოს წარმომადგნლებიც ესწრებოდნენ.
არსებული ინფორმაციით, ოსურმა მხარემ შეხვედრაზე ქართულ სოფელ ზარდიაანთკარში გახსნილი ქართული საგუშაგოს გაუქმება მოითხოვა, რაზეც ქართული მხარისაგან უარი მიიღო. ქართული დელაგაციის განცხადებით, საგუშაგო იმ ტერიტორიაზეა განთავსებული, სადაც საქართველოს იურისდიქცია ვრცელდება.
შეხვედრის მონაწილე ქართულ დელეგაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის, ანალიზისა და კოორდინაციის სამმართველოს უფროსის მოადგილე კახაბერ ქემოკლიძე ხელმძღვანელობდა. მასთან ერთად დელაგაციაში იყო შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის ახლად დანიშნული უფროსი ილია გამგებელი.
მომდევნო შეხვედრა 2012 წლის 24 სექტემბერს გაიმართება.