თბილისი, 25 ივლისი, საქინფორმი. როგორც საქსტატი საქინფორმს ატყობინებს, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2012 წლის პირველ ნახევარში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 17%-ით გაიზარდა და 4.86 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, უარყოფითი სავაჭრო ბალანსი კი 24.15%-ით გაიზარდა.
2012 წლის პირველ ნახევარში უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 2,58 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა, ნაცვლად გასული წლის ანალოგიურ პერიოდში არსებული 2.08 მილიარდი აშშ დოლარისა.
საქართველოს სავაჭრო ბრუნვა დსთ-ის ქვეყნებთან 2012 წლის პირველ ნახევარში 5%-ით გაიზარდა წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით და 1,48 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რის შედეგადაც მისმა წილმა საქართველოს საგარეო ვაჭრობაში 31% შეადგინა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 34%-ს შეადგენდა.
2012 წლის პირველ ნახევარში საქართველოს სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან 1,36 მილიარდ აშშ დოლარამდე მიაღწია, რაც 32%-იანი ზრდაა წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით. შედეგად, მისმა წილმა საქართველოს საგარეო ვაჭრობაში 28 % შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის ანალოგიური მაჩვენებელია.
საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად კვლავ თურქეთი რჩება, რომელთან სავაჭრო ბრუნვამაც 741,2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. შემდეგ მოდის აზერბაიჯანი (605,7 მილიონი აშშ დოლარი); უკრაინა (340,9 მილიონი აშშ დოლარი); გერმანია (324,9 მილიონი აშშ დოლარი); ჩინეთი (294,7 მილიონი აშშ დოლარი); აშშ (222,6 მილიონი აშშ დოლარი); რუსეთი (214,7 მილიონი აშშ დოლარი); ბულგარეთი (170,2 მილიონი აშშ დოლარი); იაპონია (148,5 მილიონი აშშ დოლარი); იტალია (142,1 მილიონი აშშ დოლარი).