თბილისი, 25 ივლისი, საქინფორმი. სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა საკომპენსაციო თანხებს, სავარაუდოდ, 15 აგვისტომდე მიიღებს. ამის შესახებ ტრადიციულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა.
„მთლიანობაში, საბიუჯეტო ცვლილებებით გათვალისწინებულია 160 მილიონი ლარის მობილიზება. 50 მილიონით დაფინანსდება სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ განსახორციელებელი გადაუდებელი ღონისძიებები. მათ შორის არის დაზიანებული სახლების რეაბილიტაცია, დაზარალებული მოსახლეობის საკვები პროდუქტებით მომარაგება და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მფლობელებისთვის კომპენსაციის გადაცემა“, – განაცხადა მანჯგალაძემ.
პრეზიდენტის პრესსპიკერის თქმით, მხოლოდ კახეთის რეგიონში სტიქიის შედეგად 3 ათასი სახლი დაზიანდა და მათ 80%-ზე უკვე მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები. მისივე თქმით, კახეთში 28 ათას ოჯახს უნდა მიეღო სასურსათო პაკეტი, რომელიც 14 ათასზე მეტმა ოჯახმა უკვე მიიღო.
მანანა მანჯგალაძის განცხადებით, კახეთის რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდება, სავარაუდოდ, 26 ივლისისთვის სრულად აღდგება.