საზოგადოება
თბილისი, 24 ივლისი, საქინფორმი. „ქართულ ოცნებას“ ბათუმის მერიამ 5 აგვისტოს ევროპის მოედანზე წინასაარჩევნო შეკრების გამართვაზე უარი უთხრა. ამის შესახებ კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
„ქართული ოცნების“ შეფასებით, ეს პასუხი კანონიერი იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კოალიციის მიმართვამდე ბათუმის მერიას ევროპის მოედანზე უკვე დაგეგმილი ექნებოდა 5 აგვისტოს კონკრეტული ღონისძიება. ასეთი ღონისძიების თაობაზე კოალიციისთვის მოწერილ წერილში არაფერია ნათქვამი.
კოალიცია „ქართული ოცნება“ ბათუმის მერიის პასუხს განიხილავს როგორც პოლიტიკური საქმიანობისათვის ხელშეშლის მცდელობას.
კოალიციის წარმომადგენლები შეხვდებიან ბათუმის მერიის უფლებამოსილ პირს და კიდევ ერთხელ მოითხოვენ ბათუმის ცენტრში აქციის გამართვისათვის ადგილის გამოყოფას.