თბილისი, 24 ივლისი, საქინფორმი. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელმა ლევან ბეჟაშვილმა თანამდებობა დატოვა, მოტივად კი დაასახელა სურვილი – დაეხმაროს კახეთის რეგიონს სტიქიით მიყენებული ზარალის დაძლევაში, რაც, მისი თქმით, მის თანამდებობასთან შეუთავსებელია.
ცნობისათვის: ბოლო პერიოდში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბეჟაშვილი გენერალური აუდიტორის თანამდებობის დატოვებას და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად კენჭისყრას აპირებდა, სავარაუდოდ, კახეთის რომელიმე ერთმანდატიან ოლქში.
ვიდრე ბეჟაშვილი 2008 წლის ივლისში კონტროლის პალატის (ამჟამინდელი დასახელება „სახელმწიფო აუდიტის სამსახური“) თავმჯდომარე გახდებოდა, ის მანამდე ხუთი თვის განმავლობაში პრეზიდენტის რწმუნებულად მუშაობდა კახეთის რეგიონში.
ბეჟაშვილი, რომლის უწყებაც ხშირად გამხდარა ამ ბოლო დროს კრიტიკის სამიზნე მისთვის პარტიების ფინანსური მონიტორინგის ფუნქციის მინიჭების შემდეგ, 2004 წლის მოწვევის პარლამენტის წევრი და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე იყო, მანამდე კი პარლამენტის აპარატში იურიდიულ დეპარტამენტს ედგა სათავეში და საკანონმდებლო სფეროში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.
23 ივლისს ბეჟაშვილმა განაცხადა, რომ მიმართა პარლამენტს თანამდებობიდან გათავისუფლების განცხადებით მისი უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე ერთი წლით ადრე.
კანონმდებლობის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარის კომპეტენციაში შედის ახალი გენერალური აუდიტორის კანდიდატურის შერჩევა, რომელიც პარლამენტმა 5 წლის ვადით უნდა აირჩიოს.