რელიგია
კათოლიკოს-პატრიარქი: „არ დაუშვათ ქართველ ხალხს შორის დაპირისპირება“

1-ilia-religia2თბილისი, 23 ივლისი, საქინფორმი. როგორც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმიდესმა  და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებაში ბრძანა, საქართველოს მთელი მოსახლეობა დღეს პოლიტიზებული გახდა და პოლიტიკამ შეცვალა ადამიანი, რაც არ შეიძლება.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლის თქმით, თითოეულ ადამიანს უნდა ახსოვდეს, რომ არსებობს ფასეულობები – ღმერთი, სამშობლო, ადამიანი და მამული, ენა, სარწმუნოება.

„ამას უნდა ვიცავდეთ და ვემსახურებოდეთ ყველა ადამიანი. დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ დროს, როდესაც ადამიანი ადამიანისთვის მეგობარი კი არ არის, არამედ თითქოს მტერია. სინამდვილეში კი ადამიანი ადამიანისთვის ძმა არის. ძველი რომაელები ამბობდნენ: „ადამიანი ადამიანისთვის მგელია“... ამ პოსტულატის მიღება ყოვლად დაუშვებელია, ჩვენ ძმები ვართ. დღეს ადამიანი ძალიან შეცვლილია იმასთან შედარებით, რაც იყო 100-200 წლის წინ. შეცვლილია ხასიათით, შეხედულებით და აზროვნებით. მთავარი კი ის არის, რომ სულის გარდა ყველაფერი შეცვლილია და რაც უნდა ცოდვაში იყოს ადამიანი, ბოლოს მაინც ღვთისკენ ბრუნდება. დღეს თითქოს ვიღაცამ შეგვცვალა. როგორი სიტყვებია – „რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია“... და ეს სიტყვები თითქმის არასოდეს სრულდება. დღეს შეურაცხყოფას ვაყენებთ ადამიანს და შემდეგ მას ჩვეულებრივად ველაპარაკებით, ეს ხომ სირცხვილია“, – ბრძანა პატრიარქმა. მისივე თქმით, საზოგადოების დაყოფა ყოვლად დაუშვებელია, რადგან ნებისმიერი ადამიანი, როგორიც უნდა იყოს იგი, ეკლესიის შვილია.

ქადაგების დასასრულ მან მოუწოდა მრევლს, არ დაუშვას ქართველი ხალხის დაპირისპირება.

კათოლიკოს-პატრიარქმა, ტრადიციულად, ამჯერად რამდენიმე გვარიც დალოცა: ოქროპირიძეები, ქამხაძეები, ონიაშვილები, ლალიაშვილები, მერებაშვილები, მარგველანები, ონიკაშვილები, შარვაძეები და შარვაშიძეები.