სამართალი
თბილისი, 23 ივლისი, საქინფორმი. კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრის, სოფელ ვაჩნაძიანში მცხოვრები გიორგი ნატროშვილის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის I ნაწილით დაიწყო.
შს გურჯაანის სამმართველოს თანამშრომლებმა გიორგი ნატროშვილი გუშინ დააკავეს. „ქართული ოცნების“ გურჯაანის შტაბის უფროსის – აკაკი ბეგაშვილის, განცხადებით, გიორგი ნატროშვილის ინტერესებს ადვოკატი ლოლა ტუსაშვილი დაიცავს.
შეგახსენებთ: სოფელ ვაჩნაძიანში გუშინ „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი იმყოფებოდა, რომელიც სტიქიით დაზარალებულებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ინციდენტი მოხდა ივანიშვილის მომხრეებსა და გურჯაანის გამგეობის თანამშრომელ მაკო ჩითინაშვილს შორის. მას შემდეგ, რაც ჩითინაშვილმა ივანიშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, „ქართული ოცნების“ წევრმა გიორგი ნატროშვილმა მას სახეში ხელი დაარტყა.