თბილისი, 23 ივლისი, საქინფორმი. „ქრისტიან-დემოკრატები“ ხელისუფლებისაგან მოითხოვენ, დაისვას კომპენსაციებისა და იმ ოჯახების საბანკო კრედიტების რესტრუქტურიზაციისა და მომსახურების პროცენტის ანაზღაურების საკითხი, რომელთაც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების კრედიტები ჰქონდათ და სტიქიის შედეგად დაზარალდნენ.
მათი თქმით, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, რომელიც 24 ივლისს პრეზიდენტის ინიციატივით იმართება, ბიუჯეტში შევა ცვლილებები, რომლის მთავარი მიზანია დაზიანებული სოფლების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და დაზარალებული ოჯახების ზარალის ანაზღაურება. საუბარია ფულადი კომპენსაციების გადაცემაზე მათთვის, ვისაც სახნავ-სათესი ფართობები დაუზიანდა. თუმცა, ეს არ ეხება სამცხე-ჯავახეთს.
ადგილობრივებთან შეხვედრისას მათ განაცხადეს, რომ პარლამენტის სხდომაზე, სამცხე-ჯავახეთში სტიქიით დაზარალებული ოჯახებისთვის კომპენსაციების გაცემის საკითხს დააყენებენ.
როგორც საქინფორმი უკვე იტყობინებოდა, სეტყვის შედეგად სოფელი იდუმალა და ქალაქი ვალე განსაკუთრებით დაზარალდა. იდუმალაში სეტყვამ 84 საცხოვრებელი სახლის სახურავი დააზიანა.
ასპინძაში და ახალციხეში ზარალის აღწერა ამ დრომდე გრძელდება.