პუბლიკაციები
დეიდა ნინა თბილისიდან: „მოსკოვი, მოთხოვნამდე“ (წერილი პირველი)

1-analit-deidaninaძვირფასო მკითხველებო! როგორც შეგპირდით, საქინფორმი იწყებს პუბლიკაციების სერიას „დეიდა ნინას წერილებ თბილისიდან. საქართველო გუშინ და დღეს, ადამიანი და საზოგადოება, პოლიტიკა და ცხოვრება, სიყვარული და ღალატი – ოდესღაც ერთიანი ქვეყნის მოქალაქეთათვის კარგად ცნობილი განზოგადებული პერსონაჟის წერილებში, რომელთაგან პიველს დღეს გთავაზობთ.

სალამი, ძვირფასო!

გწერს დეიდა ნინა თბილისიდან, თუ გახსოვს ასეთი... არა, ამჯერად დიდი თეატრის ბილეთები არ მჭირდება – თქვენთან ჩამოსვლა ძნელია, თან ფულიც არ მაქვს. მომენატრეთ. ჯერ ერთი, რუსული ენა თანდათან მავიწყდება. რუსულ ტელეარხებს ჩვენთან უკვე დიდი ხანია, არ აჩვენებენ, დამლაპარაკებელიც თითქმის აღარ დამრჩა, ბევრი გაემგზავრა და ჩვენი მრავალეროვანი ეზო დაპატარავდა. ზოგჯერ საკუთარ თავს ვიჭერ, საჭირო სიტყვის გახსენებას ვცდილობ. მეტი რაღა გინდა – ჩემს შვილიშვილებს რუსული ენა არ ესმით, ინგლისური კი მაინც ვერ ისწავლეს!

არ გეგონოს, რომ ეს ბებრული ბუზღუნია. ყველა ჩემი რუსული წიგნი შეიძლება ნაგავსაყრელზე აღმოჩნდეს – ვინ წაიკითხავს მათ? არადა, სასაცილოა: ახლა საკუთარ თავზე კი არა, წიგნებზე ვღელავ, რომლებიც უჩემოდ დაიკარგება. ეს ყველაფერი ხომ მერე მოხდება, როდესაც მე აღარ ვიქნები! რა გაეწყობა, ჩვენ ასე აღგვზარდეს – ცხოვრება ჩვენით არ იწყება და ჩვენთან ერთად არ მთავრდება. თუმცა, არა მარტო ამ მიზეზით: ჩვენ ხომ ღამეებს ვათენებდით ხელმოწერების რიგში! ახლა ნებისმიერ წიგნს იყიდი, თუ ფული გაქვს, მაგრამ საქმეც ისა, რომ ფული არ არის!

მოდი, აღარ გვინდა სევდიან ამბებზე ლაპარაკი. მიშა ყველა პენსიონერს კბილების ჩასმას დაგვპირდა. ამაზე მთელი ეზო მსჯელობდა. ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, ეს ცუდი არ არის, მაგრამ, გულწრფელად რომ გითხრა, არ მჯერა, უკვე მეტისმეტად ბევრ რამეს შეგვპირდა. აი, მაგალითად, ჯერ კიდევ როცა პრეზიდენტი გახდა, აღგვითქვა, რომ 100 დოლარი პენსია გვექნებოდა, მაგრამ, ჯერ ერთი, მხოლოდ 110 ლარი გვაქვს, დოლარი კი 165 ლარი ღირს, და მეორეც – მაშინ 20 ლარად ბევრად მეტ რამეს შეიძენდი, ვიდრე დღეს – 100-ად!

ყველაფერი საშინლად გაძვირდა. პირველ რიგში – პური, ხორცი კი ჩემი პენსიით საერთოდ მიუწვდომელია. შეგიძლია წარმოიდგინო ჩვენი მდგომარეობა – არავინ მუშაობს, კომუნალური გადასახადების ქვითრები კი ნამდვილ ტერორის ქაღალდებად გადაიქცა. წარმოიდგინე, თბილისის ხელისუფლება იქამდე მივიდა, რომ ნაგვის გადასახადი ელექტროენერგიას მიაბეს! ანუ რაც მეტ დენს ხარჯავ, მით მეტია ნაგვის გადასახადი! აი, ზამთარი კი მზიან საქართველოში, საერთოდ, სტიქიური უბედურებაა: ცენტრალურმა გათბობამ ჯერ კიდევ 90-იან წლებში თქვენი ჭირი წაიღო და ყველა ისე თბება, როგორც ახერხებს. დანახარჯი კოლოსალურია. ახლა ჯერ ზაფხულია, მე კი უკვე შიშით ველოდები ზამთრის დადგომას.

მკითხავ, როგორღა ვცოცხლობთ? თვითონაც არ ვიცი! რაც შეიძლებოდა, ყველაფერი გავყიდეთ. მარინოჩკა დამლაგებლად მუშაობაზეც თანახმაა, მაგრამ, შენ წარმოიდგინე, ამათ დამლაგებლებადაც 30 წელზე უმცროსები და ინგლისურის მცოდნეები სჭირდებათ! თანაც სულერთია, ეს კერძო ფირმაა თუ სახელმწიფო დაწესებულება. დათო მშენებლობაზე მუშაობდა, მაგრამ კრიზისის გამო მშენებლობები შეჩერდა. ახლა სახლში ზის და ჭკუიდან იშლება. ისევ მე მივდექ-მოვდექი. ჩემი შვილიშვილებისგან განსხვავებით, გამოჩნდნენ ბავშვები, რომლებსაც რუსული ენის შესწავლა უნდათ. ჰოდა, იმათ ვასწავლი. დიდი ვერაფერი შემოსავალია, მაგრამ სულ არაფერს სჯობია. თანაც, იქნებ შვილიშვილებსაც გაუწიოს გულმა რუსულისკენ.

მე კი არ გამიმართლა, მაგრამ ბევრს ბიძინა ივანიშვილი დაეხმარა. როგორც გაირკვა, ის ყოველთვიურ სტიპენდიას უხდიდა მსახიობებს, მეცნიერებს, სააკაშვილის მეუღლესა და დედასაც კი (თუმცა მათ ნამდვილად არ უჭირთ). ამ პოლიციის რეფორმასაც, რომელსაც თქვენთანაც კი აქებენ, ის აფინანსებდა. მაგრამ როგორც კი ივანიშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკაში მოსვლას აპირებს, სააკაშვილმა და მისმა გუნდმა დაიწყეს ლაპარაკი, რომ ის კრემლის პროექტია და მისი ფული რუსულია. არადა, ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ამ ფულზე თვითონაც არ ამბობდნენ უარს!

სხვათა შორის, ამასწინათ სააკაშვილმა უმუშევრობის პრობლემის გადასაჭრელად დასაქმების სამინისტრო შექმნა. მარინოჩკას გაუხარდა, წავიდა, მაგრამ იქაც უპასუხეს, რომ მხოლოდ 40 წელზე უმცროსებს დაასაქმებენ. რა არის ახლა ეს? ჰო, სულ დამავიწყდა, მეთქვა: ამასწინათ ჩვენმა პარლამენტმა საბჭოთა სიმბოლიკა აკრძალა. ჰოდა, ვზივარ და ვფიქრობ – ვაითუ, გასაჩხრეკად მოვიდნენ, მე კი მამის ორდენებიც მაქვს, ჩემი სიგელებიც, ყველა მათგანზე ხომ საბჭოთა სიმბოლიკაა. ნეტავ დამაპატიმრებენ? თუ ჩამომართმევენ? კარგია, რომ მამა ამას ვერ მოესწრო! რომ გაეგონა, ჩვენი ნორჩი პოლიტიკოსები როგორ ადარებენ ერთმანეთს სტალინს და ჰიტლერს, გული გაუსკდებოდა.

თუმცა ყველაფერი ცუდად როდია. სააკაშვილი ყველა პენსიონერს სამედიცინო დაზღვევას დაჰპირდა. თქვენ ამას ვერ გაიგებთ, მანდ ხომ ჯერ კიდევ შემორჩა სახელმწიფო საავადმყოფოები, აქ კი ყველა კლინიკაში ისეთი ფასებია, ჯობია, ავად არ გახდე! ელემენტარული ოპერაცია ათას ლარზე ნაკლები არ ღირს, პალატაში ღამის გატარებას კი საუკეთესო სასტუმროს ფასი აქვს!

სხვათა შორის, „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორები დადიან და აგიტაციას ატარებენ, დახმარებას სთავაზობენ, მაგრამ მხოლოდ იმათ, ვინც ხმას მათ აძლევს. ზუსტად იციან, ვისი ოჯახის წევრია დაპატიმრებული, ვის სჭირდება ოპერაცია, სოციალური დახმარება. პირობით გათავისუფლებული ჩვენთან ძალიან ბევრია. ერთი მითხარი, ჩემო კარგო, ვინ გაუწევს მათ წინააღმდეგობას, როცა ნებისმიერის ციხეში ჩასმა შეუძლიათ? რა თქმა უნდა, ივანიშვილი დადებითი ადამიანია, მაგრამ მისი მომხრეებიც დააპატიმრეს და ვერ ეხმარება. მათ ისე აჯარიმებენ, მტრისას. შეგიძლია წარმოიდგინო 150 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმა? თუმცა, თავად ივანიშვილს, რა თქმა უნდა, ასეთი წვრილმანით დაჯარიმებას არ აკმარებენ. მისი ჯარიმები მილიონებით იზომება. მაგრამ უბრალო ადამიანებს გასაქანი არ აქვთ.

ჩვენთან სტიქია ბობოქრობს. გაუთავებელი წყალდიდობები, ქარიშხალი, სეტყვა. რაც ხალხმა დარგო, დათესა და მოიყვანა, ყველაფერი დაიღუპა. კარგია, რომ მსხვერპლი არ იყო. მაგრამ როგორი ზარალია! რა ნგრევა! თუმცა ამჯერად მიშა შოპინგზე არ გაემგზავრა და დაზარალებული რაიონები მოინახულა. ამასწინათ, თბილისში მომხდარი წყალდიდობის შემდეგ, როცა ოთხი ადამიანი, მათ შორის – ორი ბავშვი დაიღუპა, მან ევროპაში გაისეირნა და, როგორც ამბობენ, ძვირფასი საათი შეიძინა!

რას უშვება ადამიანებს ძალაუფლება? ჯერ კიდევ რვა წლის წინ მიშა მეტროთი მგზავრობდა და ჩვეულებრივი თვითმფრინავით დაფრინავდა, ახლა კი მინისგუმბათიანი უზარმაზარი რეზიდენცია აიშენა და პერსონალური თვითმფრინავით დაფრინავს. იქნებ იმიტომაც ვერ ამჩნევს, რომ საქართველო განსაცდელშია. გახსოვს, როგორც „კავკასიელ ტყვე ქალშია“: „შენ ცხოვრებას საკუთარი პერსონალური ავტომობილის ფანჯრიდან უყურებ!“

თქვენს პუტინთან მიშა არ მეგობრობს. არ ვიცი, რა შავმა კატამ გაირბინა მათ შორის, რადგან, როცა მიშა ჯერ კიდევ მიისწრაფვოდა ხელისუფლებისკენ, პუტინმა ივანოვიც კი გამოგზავნა, რომელმაც შევარდნაძის გადადგომის საქმე მოაგვარა, მერე კი ასლან აბაშიძე თან წაიყვანა. მერე რა მოხდა, არ ვიცი. ამბობენ, მიშა პუტინს რაღაცას დაჰპირდა, მაგრამ როგორც ჩვენ, თავის ამომრჩევლებს, სიტყვა მასაც არ შეუსრულა. თუმცა, მეორე მხრივ, ყველა მსხვილი კომპანია რუსებმა შეიძინეს და ახლა საკუთარ წყალსა და ელექტროენერგიაში სამჯერ მეტს სწორედ თქვენს ბიზნესმენებს ვუხდით. ვერაფრით გამიგია: თუ ივანიშვილის ფული რუსული სახელმწიფო კაპიტალია, მაშ „თბილწყალკანალსა“ და ენგურჰესში ვისი კაპიტალი დევს?

თუმცა, იქნებ მეგობრობენ და ეს ყველაფერი მხოლოდ თვალის ახვევაა? 2008 წლის ომზე ბევრს კამათობენ, მაგრამ პუტინს მიშას თავიდან მოცილება მართლა რომ ნდომოდა, ჯარებს უკან არ გააბრუნებდა! თქვენთან, ალბათ, არ იციან, რომ თითქმის მთელმა ჩვენმა მთავრობამ მაშინ გუდა-ნაბადი აიკრა და ქვეყნიდან გაიძურწა! არ ვიგონებ, ამასწინათ ეს სიები გამოაქვეყნეს, მაგრამ უარყოფა არავის უფიქრია.

თუმცა, როგორც ჩვენი მეგობარი შექსპირი იტყოდა: „ბევრი რამ ხდება, ჰორაციო, ქვეყნად ისეთი, რაიც ბრძენ კაცთა სიზმრადაც არ მოჰლანდებიათ“. ასეა თუ ისე, ჩვენი დაშორება მაინც შეძლეს. ერთმანეთის შესახებ აღარაფერი ვიცით. როგორ ცხოვრობთ? იმედი მაქვს, თქვენთან ყველაფერი ასე ცუდად არ არის. გახსოვს ზაფხულში გაგრაში დასვენება? უკვე 20 წელია, იქ არ ვყოფილვართ. იმ ომში ბევრი დაიღუპა, უამრავი დევნილია. ეს ყველაფერი საშინელებაა. თუმცა 2008 წელი სულ ახალი იარაა. კი ბატონო, ჩვენი მიშა სულელია, მაგრამ ხალხმა რა დააშავა? რისთვის ხდება ეს ყველაფერი?

ორი მართლმადიდებელი ქვეყანა ომობს, ვიღაცა კი ხელებს იფშვნეტს! ნუთუ ამაზე არ გიფიქრია! მომწერე, ძვირფასო, ანდა, აჯობებს, ჩამოხვიდე. შენც ხომ მოგენატრა აქაური სანახები და ჩვენებური სუფრა. რა თქმა უნდა, უწინდებურად კარგად ვეღარ ვცხოვრობთ, მაგრამ სტუმრის მიღებას როგორმე შევძლებთ...

შენი დეიდა ნინა თბილისიდან