აქტუალური
თბილისი, 20 ივლისი, საქინფორმი. არასამთავრობო ორგანიზაციებმა – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“, „სამართლიანმა არჩევნებმა“ და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ – ერთობლივი საარჩევნო ინტერნეტპორტალი შექმნეს.
არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მოქალაქეების მიერ დაფიქსირებული სავარაუდო დარღვევები პორტალზე სპეციალურ რუკაზე განთავსდება. პორტალის მისამართია: www.electionsportal.ge.
არჩევნების პორტალზე საარჩევნო პერიოდის დარღვევებისა და ინციდენტების შესახებ ინფორმაციის განთავსება ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია. პორტალთან ერთად ამუშავდება უფასო sms-ნომერი 2500, რომელზეც მოქალაქეებს ინფორმაციის გაგზავნა შეეძლებათ.
როგორც „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელმა ნინო ლომჟარიამ აღნიშნა, მოქალაქეების მიერ გაგზავნილი ინფორმაცია საიტზე განთავსებამდე სპეციალურ ფილტრს გაივლის, ამასთან, არასამთავრობოები აღნიშნული ინფორმაციის სანდოობაზე პასუხს არ აგებენ.