თბილისი, 19 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ხელი მოაწერეს „ნაციონალური მოძრაობის“ საპროგრამო დოკუმენტს – „ხელშეკრულება საქართველოსთან“. დოკუმენტი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. საქინფორმი დოკუმენტის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ.
მიზნის მისაღწევად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ამ ხელშეკრულებით დებს პირობას, რომ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში განახევრდება უმუშევრობა – აქტიურად ამუშავდება დასაქმების სამინისტრო; დარეგისტრირდება თითოეული უმუშევარი; სამუშაოს ყველა მაძიებელს ექნება სახელმწიფოს დაფინანსებით გადამზადების და ახალი კვალიფიკაციის მიღების საშუალება, მათ შორის, ახალ ტექნიკურ სასწავლებელსა და გადამზადების ცენტრებში;
ჯანდაცვის დაზღვევა ექნება ყველას – სოციალურად დაუცველთათვის, 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, პენსიონერებისთვის, პედაგოგებისთვის, დევნილებისთვის, პოლიციელებისა და ჯარისკაცებისთვის იქნება შესაბამისი კატეგორიის დაზღვევა; ყველა სხვა კატეგორიის მოქალაქეთათვის იქნება დაზღვევის საბაზისო პაკეტი; ჯანდაცვა ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდება;
გაორმაგდება სოფლის მეურნეობა – ყველა სოფელში ბოლომდე მოგვარდება წყლის, გაზისა და გზების პრობლემა; გაიხსნება 500-ზე მეტი ახალი სოფლის მეურნეობის საწარმო; მოირწყვება დამატებით 90,000 ჰექტარი მიწა; სოფელი მიიღებს 2000 ერთეულ ახალ ტრაქტორს; მოხდება სოფლის მეურნეობის სრული მექანიზაცია. სასოფლო-სამეურნეო მიწის 90% იქნება დამუშავებული. ყველა ოჯახი მიიღებს 1000-ლარიან ვაუჩერს – ოჯახები თავად გადაწყვეტენ, ამ ვაუჩერით რა პრობლემა მოაგვაროს; ამ ვაუჩერით შესაძლებელია: დენის, გაზის, წყლის ან სხვა კომუნალური ხარჯების დაფარვა; მედიკამენტების და სასკოლო სახელმძღვანელოების შეძენა; სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დაქირავება, საწვავისა და სასუქის ხარჯის გასტუმრება;
ამ ხელშეკრულებით „ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებს – დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნით, ხელმისაწვდომი ჯანდაცვის უზრუნველყოფითა და სოფლის მეურნეობის განვითარებით მივაღწევთ საერთო მიზანს – მეტი სარგებელი ხალხს!“