თბილისი, 13 ივლისი, საქინფორმი. დღეს დიდი საეკლესიო დღესასწაული – სვეტიცხოვლობა აღინიშნება. ამავე დროს, არის 12 მოციქულთა ხსენების დღეც, რომელთა სახელსაც ატარებს ეს დიდებული საკათედრო ტაძარი. ეკლესია ამ დღეს იხსენიებს წმინდათა დიდებულთა და ყოვლად ქებულთა მოციქულთა კრებას: პეტრეს, ანდრიას, იაკობ ზებედის ძის, იოანეს, ფილიპეს, ბართლომეს, თომას, მათეს, იაკობ ალფეს ძეს, იუდა იაკობის ძეს (თადეოზს), სვიმონ მოშურნესა და მატათას.
სვეტიცხოველი ყველაზე დიდი ისტორიული საეკლესიო ნაგებობაა საქართველოში დღემდე გადარჩენილთა შორის. იგი საუკუნეთა განმავლობაში ქრისტიანულ საქართველოს სარწმუნოებრივ ცენტრს წარმოადგენდა. ჯერ კიდევ IV საუკუნეში გაქრისტიანებულ მირიან მეფეს წმიდა ნინოს რჩევით აქ პირველი ეკლესია აუშენებია, რომელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია.1970-1971 წლებში სარემონტო-სარესტავრაციო სამუშაოთა ჩატარების დროს მიკვლეულ იქნა მისი საძირკვლის კვალი. ასევე, მთლიანად შემოიხაზა იმ ბაზილიკის გეგმა, რომელიც აქვე ააშენა წმიდა ნინოს ეკლესიის დანგრევის შემდეგ ვახტანგ გორგასალმა V საუკუნის II ნახევარში. XI საუკუნეში დაზიანებული ბაზილიკის ადგილზე ქართლის კათალიკოსმა მელქისედეკმა ახალი ტაძარი ააგო. მან ხუროთმოძღვრად არსუკისძე მიიწვია. მშენებლობა 1010 წელს დაიწყო და 1029 წელს დამთავრდა. თავისი არსებობის განმავლობაში სვეტიცხოველი არაერთხელ გადაკეთებულა. 1283 წელს ტაძარი მიწისძვრამ დააზიანა. XIV საუკუნეში გიორგი ბრწყინვალემ აღადგინა ტაძრის გუმბათი. იმავე საუკუნის ბოლოს „იავარჰყვეს სპათა ლანგ-თემურისათა“ – მოანგრიეს დასავლეთის მკლავის ბურჯები, დააქციეს გუმბათის ყელი, მაგრამ მთელი ნაგებობის დანგრევა მაინც ვერ შეძლეს. XV საუკუნის დასაწყისში მეფე ალექსანდრე დიდმა ტაძარი კაპიტალურად შეაკეთებინა. 1656 წელს როსტომ მეფისა და მარიამ დედოფლის თაოსნობით კვლავ აღადგინეს გუმბათის ყელი.
არ არის საქართველოში სიწმინდე, რომელიც გაუტოლდება სვეტიცხოველს სიძველით, სიდიადით, ისტორიული მოგონებებითა და ღვთიური განგებულებით. მრავალი ღირსშესანიშნავი სიწმინდეა საქართველოში, მაგრამ სვეტიცხოველს ყოველი ქართველისათვის განსაკუთრებულად მიმზიდველი, ცხოველმყოფელი ძალა აქვს. ეს იმიტომ, რომ სვეტიცხოველთან ერთად IV საუკუნეში იშვა ქართველი ხალხის ახალი ქრისტიანული ცხოვრება, ერს უძლეველი ძალა რომ შესძინა, რამაც ის გადაარჩინა ათასწლეულების ქარცეცხლში გამოვლილი.
ამ დღეს მცხეთაში დიდი სტუმრიანობაა, მდინარეში არაგვისა და მტკვრის შესაყართან ტრადიციულად მასობრივი ნათლობაც ტარდება ქვეყნის სხვადასხვა მხრიდან და საზღვარგარეთიდან ჩამოსულ მრავალრიცხოვანი მომლოცველის თანდასწრებით.
საქინფორმი თავის მკითხველს, ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს ულოცავს სვეტიცხოვლობის დიდ საეკლესიო დღესასწაულს!