სამართალი
ქეთი დოლიძე: „მათ უნდათ სისხლი, რომ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადონ!“

1-karal-samart1თბილისი, 13 ივლისი, საქინფორმი. გორის რაიონის სოფელ კარალეთში დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში ამომრჩევლებთან კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილი შეხვედრა ჩაიშალა.

როგორც კოალიციის წარმომადგენელმა, რეჟისორმა ქეთი დოლიძემ ჟურნალისტებს  განუცხადა, ადგილზე მოხდა ინციდენტი, რომელიც ხელისუფლების მიერ იყო ინსპირირებული.

იქ მანქანით იყო მოსული შიდა ქართლის მთავარი ზონდერი, თუ არ ვცდები, პოლიციის ხელმძღვანელია ეს ადამიანი, მანქანაში ჰქონდათ მათ ქვები, რომლებიც ისროლეს კალაძის მანქანის მიმართულებით, რის შედეგადაც კალაძის ავტომობილი დაიმტვრა, ხოლო მისმა დაცვის ორმა წევრმა დაზიანება მიიღო, – განაცხადა დოლიძემ (იხ. ვიდეო საქინფორმის მთავარ გვერდზე) და დასძინა, რომ ხელისუფლების მსგავს ქმედებები მას აფიქრებინებს, რომ მმართველ გუნდს საარჩევნოდ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება აქვს გადაწყვეტილი.

„მათ უნდათ სისხლი, რომ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადონ“, – განაცხადა დოლიძემ.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენელ სოზარ სუბარის ცნობით კი, ინციდენტისას ათზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათ შორის არიან ჟურნალისტებიც. დაშავებულები გორის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„ადამიანებს ხელისუფლების უპასუხისმგებლობით მიადგათ ზიანი და იმავე ხელისუფლების საავადმყოფოში ფულს გვახდევინებენ მათთვის პირველადი დახმარების გასაწევად და რენტგენის გადასაღებად“, – განაცხადა სუბარმა

ცნობისთვის: კარალეთში დევნილებთან შესახვედრად კახი კალაძე, გიორგი ვოლსკი, სოზარ სუბარი და კოალიციის სხვა წარმომადგენლები იყვნენ ჩასული, სულ – 30 აქტივისტამდე, თუ არ ჩავთვლით 11 ჟურნალისტს.