რელიგია
პეტრეპავლობას გილოცავთ!

1-petre-religia1თბილისი, 12 ივლისი, საქინფორმი. დღეს მართლმადიდებლური ეკლესია წმიდა პეტრე და პავლე მოციქულების ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ეკლესია-მონასტრებში საზეიმო წირვა სრულდება.

როგორც საპატრიარქოში განაცხადეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე წირვას წმიდა  სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს.

ტრადიციულად, პეტრეპავლობის დღესასწაულზე სრულდება პეტრეპავლობის მარხვა, რომელმაც წელს ერთ თვეს გასტანა. მარხვის ხანგრძლივობა აღდგომის დღესასწაულის თარიღზეა დამოკიდებული და დაახლოებით ექვს კვირამდე გრძელდება.

ცნობისთვის: წმიდა მოციქული პავლე წარჩინებული ებრაელის ოჯახში დაიბადა. საღვთისმეტყველო განათლება მიიღო იერუსალიმში ფარისეველ გამალიელის სკოლაში. მას თავდაპირველად სავლე ერქვა და აქტიურად მონაწილეობდა ქრისტიანთა დევნაში. ერთხელ მას გამოეცხადა იესო ქრისტე და ჰკითხასაულ, საულ, რაისა მდევნი მე?..“ ამ სასწაულის შემდეგ სავლე დაბრმავდა. მოგვიანებით მოციქულმა ანანიამ უფლის ნებით მოძებნა სავლე, მონათლა და თვალი აუხილა. ანანიამ მას სახელი შეუცვალა და დაარქვა პავლე. ამ სასწაულის შემდეგ პავლე მოციქულმა იწამა ქრისტე და ქრისტიანობის აქტიური მქადაგებელი გახდა.

წმიდა პეტრე მოციქული ანდრია პირველწოდებულის ძმა იყო და ის პავლესთან ერთად პირველმოციქულია, ანუ თავი მოციქულთა. სანამ ქრისტეს რჯულს იწამებდა, მას სიმონი ერქვა, პეტრე მას თვით უფალმა დაარქვა მისი მტკიცე რწმენისა და საღმრთო გულმოდგინებისათვის.

პეტრე და პავლე მოცლების დღესასწაულს მართლმადიდებლური ეკლესია ყოველი წლის 12 ივლისს აღნიშნავს.

საქინფორმი მკითხველს ულოცავს ამ დიდებულ დღეს – პეტრესა და პავლეს ხსენების დღეს!