პუბლიკაციები
უკუღმა, გვარამია, უკუღმა, ანუ ჰა, კიკუ, შენ თუმანი...

1-analit-gvramia„საქართველო და მსოფლიო“. 5 ივლისს «რია ნოვოსტის» თბილისის საერთაშორისო პრესცენტრში გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე «ვის აძლევს ხელს სეპარატიზმი სამეგრელოში». დისკუსიაში ქართველი ჟურნალისტები, ექსპერტები და ისტორიკოსები მონაწილეობდნენ.

«მეგიოხვენჯე» – ეს მეგრული სიტყვა ზედმიწევნით ერგება ყველა იმ პერსონას, რომლებიც არარსებული მეგრული სეპარატიზმის თემის ექსპლუატაციას ეწევიან. ვინაიდან ამ სიტყვის ადრესატს აქვს პრეტენზია, თავი «მეგრული საკითხის» სპეციალისტად წარმოადგინოს, დარწმუნებული ვარ ამ არასაპარლამენტო მეგრული ტერმინის მნიშვნელობაც ეცოდინება და მისი განმარტებით თავს არ მოგაწყენთ. არც ზემოაღნიშნული მრგვალი მაგიდის წევრთაგან ამ სიტყვის ადრესატთა დახასიათებით დაგღლით, რადგან ამის მცდელობა აუცილებლად მიგვიყვანს სპეცსამსახურების სხვადასხვა რანგის პროვოკატორებისა თუ ხელის ბიჭების საქმიანობის დეტალების განხილვამდე. ეს კი მოსაწყენია, ვინაიდან მათი ნამდვილი სახე და «ეპოლეტების» რაობა საზოგადოებისთვის, დიდი ხანია, საიდუმლოს აღარ წარმოადგენს.

 

რაც შეეხება მეგრულ სეპარატიზმს, რასაც მრგვალი მაგიდა შეეხო, ნებისმიერი არა «მეგიოხვენჯე», საღად მოაზროვნე ადამიანისთვის ცხადია, რომ მეგრული სეპარატიზმი, როგორც ასეთი, არ არსებობს.

სინამდვილეში საქმე გვაქვს ერთგვარ ფანტომთან, ჯერ კიდევ შევარდნაძის ხელისუფლების პერიოდში, მისივე პროპაგანდისტებისა და გაიძვერა მედროვეების მიერ შექმნილ ქიმერასთან, რომელსაც ყოველი არჩევნების წინ და სხვა «საჭირო შემთხვევებში» იყენებდნენ ხოლმე, რათა სამეგრელოს მოსახლეობის სამართლიანი პროტესტი ანტიეროვნული ხელისუფლებისადმი უნივერსალური კონტრარგუმენტით - სეპარატიზმით - გაებათილებიათ.

რაც შეეხება შეკითხვას _ «ვის აძლევს ხელს სეპარატიზმი სამეგრელოში?», იგი რიტორიკულია და მასზე პასუხი ნათელია _ მეგრული სეპარატიზმის თემით აპელირება ხელს აძლევს პოლიტიკურ კურტიზანთა იმ ჯგუფს, რომელიც წინასაარჩევნოდ, გამომდინარე პრინციპიდან «ვინც ჩვენთან არ არის, ჩვენი მტერია», ცდილობს, სეპარატისტის იარლიყი მიაკეროს, ყოველგვარი პროტესტის გამოხატვისადმი კომპლექსი გაუჩინოს და სტიგმის წნეხის ქვეშ მოაქციოს სამეგრელოს საზოგადოების ის ნაწილი, რომლისთვისაც მიუღებელია მარიონეტი პოლიტიკოსების მიერ მთელ ქვეყანაში და, რა თქმა უნდა,  სამეგრელოშიც, გატარებული დამღუპველი პოლიტიკა.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, მრგვალი მაგიდის მსვლელობისას დამოუკიდებელმა ექსპერტმა, ინტერნეტპორტალ «გრუზია ონლაინის» რედაქტორმა გოჩა გვარამიამ  სამეგრელოში სეპარატიზმის აღმოცენების შესაძლებლობის საკითხის განხილვისას აღნიშნა:

«ალექსანდრე ჭაჭია, რომელმაც 1991 წელს საქართველოს სახალხო განათლების სამინისტროში ქვეყნის ლეგიტიმური მთავრობის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად დატოვა პოსტი, მომხრეა, რომ მეგრულ წიაღში საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართული რიგი იდეების ჩანერგვამდე, აუცილებელია შეიქმნას «მეგრული ნაცია», რომელმაც (თითქოს) საბჭოთა პერიოდში ბევრი ეთნიკური ნიშანი დაკარგა».

ბატონი გვარამია იქვე უთითებს, რომ ჭაჭიამ თურმე მეგრული ენის შემსწავლელი ორი საკვირაო სკოლაც კი გახსნა.

ბატონი გვარამია უტიფრად ტყუის. ის არ აკონკრეტებს, სად, როდის, რა მიზნით გაიხსნა ასეთი სკოლები, უბრალოდ, საკუთარი (ან  უნიჭო ზემდგომის) ფანტაზიის ნაყოფს მომხდარ ფაქტად წარმოგვიდგენს. თუმცა რა უნდა დააკონკრეტოს, როდესაც ეს «მარგალიტიც» ისეთივე მონაჩმახია, როგორც დანარჩენი გვარამიას «რიანოვოსტული თეზისებიდან». არადა, ბატონი გვარამია არ ტოვებს იმდენად გაუნათლებელი ადამიანის შთაბეჭდილებას, რომ არ იცოდეს საკვირაო სკოლის მნიშვნელობა, არ ესმოდეს, რომ საუბრობს არა პორტუგალიაზე (სადაც შეიძლება  ვინმეს კიდეც გაეხსნა სუაჰილის, არამეულის, ყალმუხურის ან სულაც მეგრულის შემსწავლელი საკვირაო სკოლა), არამედ სამეგრელოზე, რომლის მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ მეგრული ისედაც იცის და სკოლის გახსნა ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია... იცის ეს ყველაფერი ბატონმა გვარამიამ, მაგრამ რა ქნას? _ ბრძანება აქვს და უნდა შეასრულოს, თორემ მასაც ისევე მიავლენენ სადმე ევროპაში განათლების და კვალიფიკაციის ასამაღლებლად, როგორც მისი მოგვარე გაამწესეს განათლების მინისტრის სავარძლიდან რიგით სტუდენტად ინგლისში.

ტყუილისადმი მიდრეკილება, პათოლოგიური ცრუპენტელობა, პიროვნების ისტერიული აშლილობით დაავადებულ ადამიანებს ახასიათებთ. ბატონი გვარამია ასეთის შტაბეჭდილებას, ერთი შეხედვით, არ ტოვებს, მაგრამ უღმერთოდ ტყუის.

როგორც ჩანს, მას მნიშვნელოვანი მოტივაცია გააჩნია იმისათვის, რომ საჯაროდ იკადროს სიცრუე  და თეთრზე თქვას შავიაო. ასე ან ზნეობრივი კოორდინატებიდან სრულად ამოვარდნილი ადამიანები იქცევიან, ან ის ხელქვეითები, რომლებიც ერთი ნატეხი შაქრის დაკარგვის ან მათრახის შიშით ზემდგომის ბრძანებას არ არღვევენ.

როდესაც გვარამიას ამ განცხადებას გავეცანი, ძალიან გამაკვირვა იმ გარემოებამ, რომ მრგვალ მაგიდას, რომელიც ანტიმეგრული და რატომღაც ანტირუსული ისტერიის ტონში წარიმართა, მასპინძლობდა «რია ნოვოსტის» თბილისის საერთაშორისო პრესცენტრი. «რია ნოვოსტი», მოგეხსენებათ, რუსული სააგენტოა და მის საერთაშორისო პრესცენტრში ამგვარი თემატიკის, შინაარსის და შემადგენლობის მრგვალი მაგიდის გამართვა, თანაც სტანდარტების უხეში დარღვევითა და პოზიციის ცალმხრივი წარმოჩენით, კონსპიროლოგიისგან ძალიან შორს მყოფ ადამიანსაც კი გარკვეულ საფუძვლიან ეჭვებს აღუძრავს.

გვარამიას «რიანოვოსტული თეზისების» გადასამოწმებლად ბატონ ალექსანდრე ჭაჭიას დავუკავშირდით და კომენტარი ვთხოვეთ, მან ჩემგან გაიგო გვარამიასეული «ბრალდებების» თაობაზე:

«რა უნდა გითხრათ, ქართველ ეგრეთ წოდებულ ექსპერტთა შორის, არის საკმაოდ ბევრი აბსოლუტურად უვიცი, გაუნათლებელი ადამიანი, რომლებისთვის საარსებო წყაროა არა ცოდნა და ინტელექტი, არამედ სპეცსამსახურების დავალებით ბინძური ჭორებისა და ცილისწამების გავრცელება. მათი საქმიანობის კომენტირება ზედმეტად მიმაჩნია, არც თქვენ გირჩევთ. თქვენ სერიოზულ ავტორიტეტულ გაზეთს უშვებთ და, თუ ყველა მაიმუნის გამოხდომას ყურადღებას მიაქცევთ, გაზეთის ფურცლები არ გეყოფათ.

ახლოვდება არჩევნები. არსებობენ ძალები,  რომლებსაც უნდათ ეგრეთ წოდებული მეგრული სეპარატიზმის თემის გათამაშება. ეს პერიოდულად ხდება ქართულ პოლიტიკაში, ამას უნდა შევეგუოთ. ეჭვი მაქვს, უახლოეს პერიოდში სხვა ვიგინდარებიც გამოჩნდებიან ამ ყბადაღებულ თემასთან დაკავშირებით. ცილისწამების არაერთი ტალღა გადაგვიტანია და ამასაც გადავიტანთ».

პათოლოგიური ცრუპენტელობა შემთხვევით არ მიხსენებია, ბატონი გვარამია აცხადებს, რომ თურმე ჭაჭიამ 1991 წელს ლეგიტიმური, ანუ გამსახურდიას მთავრობის მიმართ პროტესტის გამო დატოვა პოსტი.

აქ კომენტარი მართლა ზედმეტია. ბატონმა გვარამიამ, რა თქმა უნდა, იცის რომ ალექსანდრე ჭაჭიამ ზვიად გამსახურდიას, როგორც ერთიანი, დამოუკიდებელი საქართველოსთვის ბრძოლის იდეას, ზუგდიდში პირველი და ერთადერთი ძეგლი დაუდგა, მიუხედავად ამისა, უტიფრად ტყუის - ჭაჭიამ გამსახურდიასადმი პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვაო.

იცის გვარამიამ და ჰებელსმაც იცოდა, რომ, რაც უფრო დაუჯერებელია ტყუილი, მით უფრო ადვილია იაფფასიანი პროპაგანდისტული მიზნებისათვის მისი გამოყენება.

იცის და ვირეშმაკულად, თეთრი ძაფით კერავს დავალებას, მაგრამ ეგ არაფერი, ერთი ნატეხი შაქრისთვის ან მათრახის შიშით ადამიანები უარესსაც კადრულობენ... გვარამიაც უფრო შორს მიდის და  ღიად სდებს ბრალს სახალხო მოძრაობა «სამეგრელოს» ლიდერს სეპარატიზმში. სიტუაციის კომიკურობა რომ უფრო ნათელი გახდეს, მოვიყვან ციტატას 2001 წლის 12 ოქტომბერს სახალხო მოძრაობა «სამეგრელოს» ყრილობაზე ალექსანდრე ჭაჭიას მიერ წარმოთქმული სიტყვიდან:

«ჩვენ ნათლად უნდა გავაცნობიეროთ, რომ დღევანდელ დაშლილ, დანგრეულ, დაქუცმაცებულ, ეკონომიკურად და ზნეობრივად დაცემულ, შეურაცხყოფილ საქართველოში ჩვენ ისევ და ისევ, როგორც ეს არაერთხელ ყოფილა ისტორიაში, გამაერთიანებელი როლი უნდა შევასრულოთ. მეგრელებისთვის, ისევე, როგორც სხვა ქართველებისთვის, ცხოვრების არეალს მთელი საქართველო წარმოადგენს. თუ ახლანდელმა ხელისუფლებამ საქართველოს ერთი კუთხე _ აფხაზეთი მეგრელებისგან გაათავისუფლა, ნუ ექნება იმის იმედი, რომ სხვა კუთხეებიდანაც გაგვდევნის და რომელიღაც გამოყოფილ «სამეგრელოს რესპუბლიკაში» ერთად მოგვიყრის თავს».

ვინც ამ სიტყვებში სეპარატიზმს ხედავს, ის ან ბრმაა, ან მოგზავნილი, ან სულაც ბადრიჯანი. ბატონი გვარამია კი ისევ პათოლოგიურად ცრუპენტელობს და გვარწმუნებს: თურმე ჭაჭია «მომხრეა, რომ მეგრულ წიაღში საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართული რიგი იდეების ჩანერგვამდე აუცილებელია შეიქმნას «მეგრული ნაცია», რომელმაც (თითქოს) საბჭოთა პერიოდში ბევრი ეთნიკური ნიშანი დაკარგა».

ლოგიკა მართლაც რომ ბადრიჯანისებურია, ამაზე, უფრო სწორად გვარამიაზე, შეიძლება ითქვას: «უკუღმა, ასინეთა, უკუღმა»...

არქიფო სეთურისა და ასინეთას პარალელი მართლაც ზედგამოჭრილია, გვარამია უკუღმა ატრიალებს ორღანს და ოპონენტს, რომელიც ქართველთა ერთობაზე, როგორც გადარჩენის ერთადერთ სწორ გზაზე, საუბრობს, «სეპარატიზმში ამხელს». უნდა ვიგულისხმოთ, რომ თავისი არქიფო სეთური ბატონ გვარამიასაც ჰყავს და «უკუღმართ» დირექტივებსაც ის ჩასჩიჩინებს. თუმცა გვარამიას რომ არ დავემსგავსო, ნათქვამის დასტურად კიდევ ერთ ციტატას მოგიყვანთ სახალხო მოძრაობა «სამეგრელოს» ყრილობაზე ამ მოძრაობის ხელმძღვანელის გამოსვლიდან, «მეგრულ წიაღში საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართული რიგი იდეების ჩანერგვის» თემაზე:

«იმისათვის, რომ ერს მომავალი ჰქონდეს, პირველ რიგში, აუცილებელია ქართველთა ერთობა _ ან ჩვენ გავერთიანდებით და ერთად დავდგებით იმ კატასტროფული საფრთხის წინაშე, რომელიც ჩვენს არსებობას ემუქრება, ანდა ფიზიკურად გადარჩენილი ჩვენი შვილები და შვილიშვილები მათხოვართა, მაწანწალათა ბრბოდ გადაიქცევიან და ხანდახან გაიხსენებენ, რომ ოდესღაც ღირსეულ ერს წარმოადგენდნენ და საკუთარ მიწაზეც ცხოვრობდნენ».

რადგან ზემომოყვანილ ციტატებში ბატონი გვარამია ჯიუტად (ანუ არქიფო სეთურის ბრძანებისამებრ) ხედავს სეპარატიზმის და «საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართული რიგი იდეების» კვალს, ნება მისია, მას ისევე ვერ მოაშლევინებ ნაბრძანების გამეორებას და ორღანის უკუღმა ტრიალს, როგორც კოპროფილს ვერ მოსთხოვ გურმანობას. როდესაც ადამიანი მიზანმიმართულად ტყუის და ამას ანგარებით აკეთებს, მასთან პოლემიკა წყლის ნაყვაა.

წყლის ნაყვას კი ის აჯობებს, მკითხველმა თავად განსაჯოს, უბრძანეს გვარამიას ეს უკუღმართობა და ცილისწამების გავრცელება თუ გადაუხადეს, ანუ ვინ არის გვარამია, კიკუ თუ ასინეთა?

განსჯის ობიექტურობისათვის კი მკითხველს 2001 წლის 12 ოქტომბერს სახალხო მოძრაობა «სამეგრელოს» ყრილობაზე ალექსანდრე ჭაჭიას მიერ წარმოთქმული სიტყვიდან კიდევ ერთ ციტატას შევთავაზებ:

«ჩვენ, როგორც იცით, დაგვაბრალეს «სეპარატიზმი», ქვეყნის გახლეჩის სურვილი, ქართველი ერის, როგორც ერთიანი ორგანიზმის, უარყოფა და ბევრი სხვა სისულელე. დაგვაბრალეს სწორედ იმ ძალებმა, იმ პიროვნებებმა, იმ ხელისუფლების წარმომადგენლებმა, იმ ე. წ. ოპოზიციის თავკაცებმა, ვინც თითქმის ათი წლის განმავლობაში მიზანმიმართულად ანგრევენ ჩვენს სამშობლოს, შლიან ქვეყანას, ყიდიან ისტორიულ ტერიტორიებს, მათხოვართა ბრბოდ აქცევენ ქართველ ხალხს, კლასიკური ფორმის გენოციდს უწყობენ საკუთარ მოსახლეობას...

ამ უვიც, გაუნათლებელ, ანტიეროვნულად მოაზროვნე პოლიტიკანებსა თუ ფსევდოინტელიგენტებს შევახსენებ, რომ სამეგრელოს მთელი ისტორიის მანძილზე საქართველოში მხოლოდ და მხოლოდ გამაერთიანებელი ფუნქციის შესრულება ეკისრა. მეტიც, ისტორიაში ჩახედულმა ადამიანმა იცის, რომ საქართველოს დაქუცმაცების პერიოდში (არადა, ეს პერიოდი თითქმის მთელ ისტორიას მოიცავს, 200-250 წლის გამოკლებით) არსებობდა კახეთის, ქართლის, იმერეთის სამეფოები, მაგრამ, სრული პოლიტიკური დამოუკიდებლობის მიუხედავად, დადიანებს არასოდეს უცდიათ სამეგრელოს სამეფოდ გამოცხადება. იმდენად ძლიერი იყო ყოველთვის მეგრულ საზოგადოებაში ერთიანი ქართული სახელმწიფოებრიობისკენ ლტოლვა. დამისახელოს ვინმემ ისეთი პიროვნება ქართულ ისტორიაში, ვისაც ერთიანი საქართველოს შექმნისათვის, ქართული სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებისთვის მეტი გაეკეთებიოს, ვიდრე გიორგი ჭყონდიდელმა გააკეთა».

გიორგი მეძმარიაშვილი