თბილისი, 11 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს თურქების კონფედერაციის საინფორმაციო დეპარტამენტმა (დეპარტამენტის უფროსი სარა საფიხანი, მარნეული) საქინფორმის რედაქციაში გადმოაგზავნა საქართველოს თურქების კონფედერაციის პრეზიდენტ დაშგინ გიულმამედოვის განცხადება.
ჯერჯერობით სამ ვარიანტს განვიხილავთ. საქართველოს თურქების კონფედერაციას შეუძლია, არჩევნებზე მხარი დაუჭიროს მიხეილ სააკაშვილის მმართველ პარტიას ან ბიძინა ივანიშვილის ოპოზიციურ „ქართულ ოცნებას“. ჯერჯერობით ჩვენ არავის ვემხრობით – იმას დავუჭერთ მხარს, ვინც წარმოგვიდგენს საქართველოს თურქი (აზერბაიჯანელი) მოსახლეობის პრობლემების კარდინალურად გადაჭრის კონცეფციას. ჩვენ ეს ინტერესი გვაქვს.
თუ მმართველი პარტია ასეთ ნაბიჯს გადადგამს, მას დავუჭერთ მხარს. თუ ბიძინა ივანიშვილი წარმოგვიდგენს კონკრეტულ კონცეფციას საქართველოს თურქების (აზერბაიჯანელების) პრობლემების გადასაჭრელად, ვფიქრობ, მის მხარეს ვიქნებით.
მაგრამ ჩვენ განვიხილავთ საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის საკითხსაც. სრულიად რეალურია, რომ შევძლოთ საკუთარი პოლიტიკური ბლოკის შექმნა. თუ ეს გამოვიდა, საქართველოს ისტორიაში პირველად თურქული (აზერბაიჯანული) პოლიტიკური ბლოკი დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში. ქვეყნის მუსლიმანურ-თურქული ელექტორატის ხმებით საქართველოს პარლამენტში 25-ზე მეტი დეპუტატის არჩევა შეიძლება. თუკი ამ არჩევნებზე ეს არ მოხერხდა, მომავალ არჩევნებზე ამაზე წავალთ. ბულგარეთის თურქების მაგალითი სახეზეა.
ვფიქრობ, რომ თუ შევქმნით პოლიტიკურ ბლოკს, სავარაუდო სახელით „ახალგაზრდა დემოკრატები“, მუსლიმანურ-თურქული ელექტორატი ხმას ჩვენ მოგვცემს. მაგრამ ჯერ ყველა ვარიანტს განვიხილავთ და იმ გზით ვივლით, რომელიც საქართველოს თურქების (აზერბაიჯანელების) ინტერესებს პასუხობს“, – აღნიშნა გიულმამედოვმა.