თბილისი, 10 ივლისი, საქინფორმი. დასაქმების სამინისტროში მთავრობის დადგენილებით სამი დეპარტამენტი შეიქმნება. უმუშევრობის პრობლემის დასაძლევად უმუშევართა აღრიცხვისა და კოორდინაციის, საერთაშორისო ურთიერთობის, სახელმწიფო ორგანოებსა და ბიზნესსექტორთან ურთიერთობის დეპარტამენტები ერთობლივად იმუშავებენ.
დადგენილებაშივეა განსაზღვრული სახელმწიფო აპარატის ძირითადი ამოცანები: უმუშევრობასთან ბრძოლის კონცეფციისა და სტრატეგიული გეგმის შემუშავება და მათი განხორციელების ხელშეწყობა; უმუშევრობის დაძლევის მიზნით ბიზნესსექტორთან მჭიდრო თანამშრომლობა; დასაქმების სფეროში პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრის მიზნით სამეცნიერო-აკადემიურ წრეებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან თანამშრომლობა;
დასაქმების სახელმწიფო უწყებას უმუშევრობასთან ბრძოლის კონცეფციისა და სტრატეგიული გეგმის შემუშავება ევალება.
„დასახული ამოცანების განსახორციელებლად აპარატი მონაწილეობს და საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებების შესაბამისად ხელს უწყობს უმუშევრობასთან ბრძოლის სტრატეგიული გეგმის განხორციელებას; იღებს ბიზნესსექტორიდან ინფორმაციას უმუშევრობის ხელშემწყობი ფაქტორების თაობაზე და შეიმუშავებს წინადადებებს აღნიშნული ფაქტორების მინიმიზაციისა და მომავალში აღმოფხვრის მიზნით; მოიპოვებს ინფორმაციას ცალკეულ პირთა მიერ დაკარგული სამუშაო ადგილების, დაკარგვის მიზეზების შესახებ, აანალიზებს მათ და შეიმუშავებს სათანადო წინადადებებს; თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს შრომის ბირჟის შექმნაში“, – ნათქვამია მთავრობის დადგენილებაში.