პოლიტიკა
თბილისი, 10 ივლისი, საქინფორმი. ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა 9 ივლისს ქვემო ქართლის შვიდი საარჩევნო ოლქიდან ექვსში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა.
მარნეულის ერთმანდატიან ოლქში კოალიციას ჯერჯერობით თავისი კანდიდატი არ დაუსახელებია.
კანდიდატები ბიძინა ივანიშვილმა წალკაში კოალიციის ოფისის პრეზენტაციის ფარგლებში დაასახელა.
გასულ კვირას მან ეთნიკურად სომეხი მოქალაქეებით დასახლებული წალკა ახალქალაქთან ერთად მხარდაჭერის თვალსაზრისით კოალიციისთვის პრობლემურ ადგილად დაასახელა. თუმცა ივანიშვილმა, ასევე, განაცხადა, რომ ეთნიკური აზერბაიჯანელებით კომპაქტურად დასახლებულ ქვემო ქართლში სიტუაცია ძალიან კარგად ვითარდება.