სამართალი
სახაუდიტი და სასამართლო შპს „ბურჯის“ ჩაძირვას ცდილობენ

1-burji-samarTali-1თბილისი, 9 ივლისი, საქინფორმი. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შპს „ბურჯი“ სამართალდამრღვევად ცნო და კომპანიის საბანკო ანგარიშები და ქონება დააყადაღა.

როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან იტყობინებიან, შპს „ბურჯმა“ 2012 წლის განმავლობაში მილიონობით ლარის ღირებულების 250-მდე ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება შეიძინა, რომლითაც კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალ პარტიებს ემსახურება.

„ამ ფაქტს ერთხელ უკვე მოჰყვა სამართლებრივი რეაგირება, თუმცა, აღნიშნულის მიუხედავად, შპს „ბურჯმა“ 2012 წლის 1 იანვარიდან 28 ივნისამდე პერიოდში კვლავ შეიძინა 54 ერთეული (8.644.630 ლარის ღირებულების) ავტოსატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, 30 ავტობუსი, 7 სატვირთო ფურგონი, რომლებიც კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალ პარტიებს უფასოდ ემსახურებიან. ამ ავტომანქანებით ხდება როგორც პარტიის წევრების მომსახურება, ისე კოალიციის მიერ ორგანიზებულ აქციებზე ადამიანების გადაყვანა, რაც იურიდიული პირის მიერ განხორციელებულ უკანონო შემოწირულებას წარმოადგენს. შესაბამისად, ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება შპს „ბურჯის“ სამართალდამრღვევად ცნობის თაობაზე და მოსალოდნელი სანქციის ფარგლებში ყადაღა დაადო კომპანიის საბანკო ანგარიშებსა და ქონებას. უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება დასადასტურებლად თბილისის საქალაქო სასამართლოს წარედგინა“, – ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის განცხადებაში.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, შპს „ბურჯს“ ჯარიმის სახით 8 644 640 ლარის გადახდა დაეკისრა. სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში დაახლოებით 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. როგორც პროცესის დასრულების შემდეგ შპს „ბურჯის“ ადვოკატმა მერაბ ბარბაქაძემ განაცხადა, სასამართლომ არ გაითვალისწინა კომპანიის მიერ წარდგენილი დოკუმენტები და არგუმენტები, რომლებიც მათი გამამართლებელი გადაწყვეტილების საფუძველი გახდებოდა. მისი თქმით, სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ კონტროლის პალატის სარჩელს და როგორც მოსალოდნელი იყო, არაობიექტური გადაწყვეტილება მიიღო.

ბარბაქაძის განცხადებით, ბრალდება, რომლის მიხედვითაც შპს „ბურჯი“ კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალ პარტიებს სატრანსპორტო მომსახურებას უსასყიდლოდ უწევდა, არ შეესაბამება სიმართლეს – რეალურად, კომპანია იღებდა საკმაოდ სოლიდურ ანაზღაურებას და ამის დამადასტურებელი ხელშეკრულებები და ქვითრები არსებობს.

ამასთან, ადვოკატის განცხადებით, დანაშაულის არსებობის შემთხვევაშიც კი ჯარიმა არაადეკვატურია, რადგან ის განსაზღვრულია არა გაწეული მომსახურების საფასურის, არამედ მანქანების საერთო ღირებულების ათმაგი ოდენობით. როგორც მერაბ ბარბაქაძემ აღნიშნა, 45 ავტომობილი, რომლებიც პარტიებს სამი აქციის განმავლობაში 3 დღით ჰყავდათ დაქირავებული, არის 864 000 ლარის ღირებულების და მათვის გაწეული მომსახურების საფასურად არის ჩათვლილი სწორედ ამ მანქანების ღირებულების ათმაგი ოდენობა.

როგორც იურისტი აცხადებს, ამ ჯარიმის დაკისრების შედეგად კომპანიას რეალურად აღარ ექნება არანაირი საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა. ამასთან, მისი თქმით, დაყადაღდა ამ კომპანიის ანგარიშები, რაც დამატებითი შეზღუდვაა და ეს ყველაფერი განაპირობებს იმას, რომ რეალურად შპს „ბურჯი“ შეწყვეტს ფუნქციონირებას.

ადვოკატი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში აპირებს გასაჩივრებას.